ირაკლი ჩხიკვაძე – “ჩემს რჩეულს ძალიან უნდა ვუყვარდე”

ირაკლი ჩხიკვაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამომძიებელი აკაკის როლს ასრულებს. გმირი პოლიციელი, მართალია, თავის სამსახურს ჩამოაშორეს, მაგრამ ახალი საქმით არანაკლები გმირობების ჩადენას ახერხებს, ისეთის, როგორიც ჯეკოს გადარჩენაა უფროსკლასელი მოძალადისგან…

ირაკლი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. როგორც ამ პროფესიის ყველა წარმომადგენელს, სწორედ თეატრი ურჩევნია ყველანაირ სცენას. სერიალში მონაწილეობა მისთვის დიდი პოპულარობის მომტანია, ქუჩაში ყველა ცნობს, თუმცა არა მხოლოდ აკაკის როლით. გარკვეული პერიოდის წინ „ქართველი ვაჟკაცის“ სერიამაც მოუტანა ცნობადობა. აღსანიშნავია, რომ ირაკლიმ ამ ორი როლით სრულიად განსხვავებული ორი პერსონაჟი შექმნა, რომლებიც ერთმანეთს არაფრით ჰგვანან.

ირაკლი რუსთავში დაიბადა და გაიზარდა, ორი წელია, დასთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

გამომძიებელ აკაკის როლის შემსრულებელს უფრო ახლოს fortuna.ge გაგაცნობთ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გამომძიებლობაზე თუ გიოცნებიათ ბავშვობაში?

არასდროს მიოცნებია. საქართველოში ჩემს ბავშვობაში ისეთი პერიოდი იყო, სულ გამოძიებაში ვიყავით (იღიმის). მსახიობობაც გამომძიებლობაა, რადგან პერსონაჟს იძებ და მოვლენებს… მსახიობობამ გამიტაცა ბოლო კლასებში. მაშინ არაფერი არ არსებობდა. 90-იანი წლების ბოლოს ვამბობ. თეატრში წავედი, მომეწონა, ერთ-ერთი გასართობი იყო ჩემთვის და აღმოჩნდა, რომ ძალიან შემიყვარდა მსახიობობა. ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. ვსწავლობდი გოგი ქავთარაძესთან. 2008 წელს დავასრულე სასწავლებელი. რვა წელი არსად არ ვიყავი. მესამე წელია, მარჯანიშვილის თეატრში ვარ. რასაკვირველია, რვაწლიანი პაუაზ ჩემი სურვილიდან გამომდინარე არ ყოფილა, მაგრამ არ გავჩერებულვარ. მართლა თეატრის შტატში ყოფნაზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი. ის პერიოდი ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან ვთამაშობდი. საინტერესო იყო. რვა წელი ასე მიდიოდა… არასდროს ჩავვარდნილვარ დეპრესიაში ამის გამო.

ფინანსურად როგორ ირჩენდით თავს?

სხვადასხვა აქტივობებში ვიყავი ჩართული. ძალიან დამეხმარა დედაჩემი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, თუ მატერიალურ მხარეს გულისხმობთ. პერიოდულად ვმუშაობდი ბევრ რამეზე, მაგალითად, ქალაქ რუსთავში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მქონდა კინოთეატრი ბავშვებისთვის, შვეიცარიული პროექტის ფარგლებში, სკაუტურ ორგანიზაციაში ვიყავი, ბანაკებს ვაკეთებდით, ბავშვები მიგვყავდა და პატარა ხელფასსაც ვიღებდი. ბიზნესმენობამდე არასდროს მივსულვარ. ფიზიკურადაც მიმუშავია, შეშაც დამიჩეხავს და დამილაგებია რაღაცები, ძირითადად, მაინც სკაუტურ ორგანიზაციაში. ახლაც არ ვთაკილობ არაფერს სხვას, თუა საშუალება საზაფხულო სამსახურის, რატომაც არა. ასეთია ცხოვრება, თუ შეგიძლია, ყვეალფერი უნდა აკეთო…

სერიალში როგორ მოხვდით?

კასტინგის საშუალებით. ეკა მჟავანაძე, ჩვენი თეატრის მსახიობი, ასევე კასტინგ-მენეჯერია. ის ბევრ რამეს აკეთებს და ძალიან კარგად. დამირეკა, მოდიო, გავიარე კასტინგი, თავიდანვე ამ როლზე. ეს მოხდა შარშან, აგვისტოში. წინა სეზონის დასაწყისში გამოჩნდა ჩემი გმირი, როცა ბანკი გადაარჩინა.

როგორ დაახასიათებდით თქვენს გმირს?

საინტერესო პერსონაჟია, გმირი პოლიციელის. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ თავისი ქვეყანა უყვარს, თუმცა პარადოქსებშია მოხვედრილი, მათ გრძნობს, წუხს, თან ეცინება, თან – არა, მერე ბრაზდება. ახლა, მგონია, რომ საუკეთესო ადგილას მოხვდა. სულ წერენ, დაუბრუნეთ სამსახურიო, მაგრამ მე ვფიქრობ, უნდა, რომ დაუბრუნონ?

თვალს ადევნებთ, რას წერენ თქვენს გმირზე?

თავიდან ხშირად ვკითხულობდი, ახლა ჩემი მეგობრები მიყვებიან და მიგზავნიან სქრინებს. ვიცი, რომ დადებითი გამოხმაურება აქვს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ალბათ, ეს გმირი ვიღაც-ვიღაცებს მაგალითს აძლევს, როგორ გაიგებენ, ეს უკვე აღარ ვიცი.

პატარა გმირობა თუ ჩაგიდენიათ?

მგონია, რომ ყველა ადამიანს შეუძლია პატარა გმირობის ჩადენა, მაგალითად, ვიღაცის დახმარებით, ან მისთვის დროის დათმობით.

თქვენს გმირს რით ჰგავხართ?

ვგავარ, ალბათ, ხედვით, შეხედულებებით. ბევრ რამეში ვეთანხმები. არ მოსწონს ტყუილი და უსამართლობა, თავად უსამართლობის მსხვერპლია. არ მოსწონს არაპროფესიონალიზმი. რასაკვირველია, ამაში ვეთანხმები. რთულია, იყო პროფესიონალი, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც უაზრო ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს. ახლა მაქვს ის პერიოდი, როცა უნდა ვკონცენტრირდე და ბევრი რამ გავაკეთო, რომ შედეგი მქონდეს.

პოპულარობას გულისხმობთ? არ გინდათ, რომ იოლად დათმოთ?

პროექტი „ქართველი ვაჟკაცი“ რომ მორჩა და პოპულარობაც მინელდა, ცუდად არ გადამიტანია. ახლაც, ქუჩაში ზოგი ქართველ ვაჟკაცს მეძახის და ზოგი აკაკის, ზოგი მეკითხება,  ისიც და ესეც შენ ხარო? თეატრი საუკეთესო რამ არის მსახიობის ცხოვრებაში, ისევე, როგორც კინო. თეატრში პროფესიულად იზრდები და ყოველდღიური შეხება გაქვს პროფესიასთან, როცა პოპულარობა გაკლდება, მოდიხარ ამ ოჯახში, აქ ხარ სულ და შენს საქმეში ხარ, რაც არ ჩერდება… ამიტომ მშვიდად ხარ, როცა პოპულარობა მთავრდება. პოპულარობა რომც არის, მაშინაც ვერ გრძნობ მას, როცა თეატრში ხარ. გინდა, არ გინდა, ბაზარზე უნდა გახვიდე, ასე ვთქვათ, ინტერვიუც უნდა მისცე, ტელევიზიაშიც უნდა გამოჩნდე – ნაკლები დრო უნდა გქონდეს დასვენებისთვის, იყო პერიოდი, როცა მეგობრებსაც ვერ ვნახულობდი, მსაყვედურობდნენ, მაგრამ…

ოჯახის წევრები, მეუღლე არ გსაყვედურობდნენ?

მეუღლე არ მყავს, არ ვარ დაოჯახებული. არც მყოლია. მე და ჩემი პატარა და მარტო ვცხოვრობთ, ორი წელია, თბილისში გადმოვედით, ორივე ვშრომობთ.

პოპულარულ სერიალში შესვლისას პროფესიულად ეჭვები ხომ არ გღრღნიდათ?

იყო ასეთი ეჭვები თავიდან, მაგრამ ასეთი ეჭვები ნაკლებად უნდა აწუხებდეს მსახიობს, რადგან ეს აუცილებლად გამოჩნდება. ბევრი ხვეული იყო, საბოლოო ჯამში, გმირმა, ალბათ, გაამართლა. ჩემს თავთან კრიტიკული შენიშვნები მაქვს. გინდა, უფრო გააფერადო შენი გმირი, მის ხასიათში გაჩნდეს საინტერესო რაღაცები და ჩნდება კიდეც, სცენარი, გადამღები ჯგუფი, რეჟისორი, მაძლევენ ამის საშუალებას.

როცა მათეს და ჯეკოს ამბავში ჩაერია თქვენი გმირი, ელოდებოდით მისგან ამ ნაბიჯს?

დაახლოებით როგორც ვთვლი და მიმაჩნია, რომ უნდა გვარდებოდეს ასეთი ამბები, ზუსტად ისე მოგვარდა.. მშობელი აიძულა, დალაპარაკებოდა საკუთარ შვილს. მშობლებმა უნდა მოახერხონ ბავშვებთან საუბარი. შენ როგორც იქცევი, ისეთივეა შენი შვილი. სისულელედ მიმაჩნია, უფროსმა თაობამ ახალგაზრდებზე თქვას, ცუდი ბავშვები არიანო, რადგან ეს ბავშები მათი შექმნილია… საკმაოდ რეალისტური სცენარი იყო, კარგი გადაღებული, როგორც ყოველთვის. დიდი რეზონანსი გამოიწვია. მეორე დილით რომ ავდექი და გამოვედი, სხვანაირი დამოკიდებულება დავინახე, განსაკუთრებით ბავშვებისგან. ისინი ხედავენ ზუსტად ყველაფერს… ძალიან თბილად მიყურებდნენ.

ახლა თეატრში ვართ. ვისაც აინტერესებს, როგორი ხართ სცენაზე, როდის შეიძლება თქვენი ნახვა?

21 ივნისს გვაქვს სპექტაკლი. 29, 30 ივნისს არის სეზონის დახურვა, პრემიერა -„სამსახური, ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი“, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება ხოლმე და სულ არის ბილეთების პრობლემა. 1-ელ ივლისს კი იხსნება ახალი პიესების ფესტივალი, დიღმის პავილიონში, მე ლაშა ბუღაძის „ანტიმედიაში“ ვთამაშობ.

როგორც აღნიშნეთ, დაოჯახებული არ ხართ. არის თქვენს ცხოვრებაში ვინმე?

არ არის.

როგორი უნდა იყოს თქვენი რჩეული?

ძალიან უნდა ვუყვარდე, პირველ რიგში. თუ ადამიანს უყვარხარ, ცდილობს, გაგიგოს. ამ პროფესიას სჭირდება გაგება. რთულია, როცა მეუღლე შეიძლება, ღამეები არ მოვიდეს სახლში, ან ძალიან გვიან მივიდეს. უნდა იყოს შინაგანად ენერგიული და ხალისიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობა რთულია, ასეთ დროს მეც ვქრები ხოლმე.

ნინო მურღულია, ფორტუნა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018