კახა კუკავა – “2020 წელს პრემიერ მინისტრი გიგა ბოკერია გახდება”

“ახალი თაობის” კითხვებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
– ბატონო კახა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ირგვლივ საზოგადოებაში აჟიოტაჟი არ ცხრება. თავად დაზარალებული უნდობლობას უცხადებს ამ კომისიას. მორალურად რამდენად გამართლებულია, გიგა ბოკერია იძიებდეს ამ საქმესო.
– ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის მასხრად აგდება, როდესაც სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსულმა ხელისუფლებამ, სამართლიანობის აღდგენა, ხელისუფლებაში მოსვლიდან მეექვსე წელიწადს, გიგა ბოკერიას ჩააბარა. სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი პუნქტი იყო ის, რომ ბოკერია უნდა მჯდარიყო ციხეში და ამის ნაცვლად ბოკერია დაინიშნა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეალურ ხელმძღვანელად. მართალია, კაპანაძეა ხელმძღვანელი და ბოკერია – წევრი, მაგრამ გასაგებია, რომ იქ წამყვანი, რეალური დეფაქტო ლიდერი იქნება გიგა ბოკერია.
ბიძინა ივანიშვილმა ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ამით სახეში ჩააფურთხა. არის ასეთი ძველი ანდაზა: უნამუსოს აფურთხებდნენ და იძახოდა, რა ჟუჟუნა წვიმა მოდისო. სამწუხაროდ, მრავლად არიან ასეთი უნამუსოები საქართველოში, მაგრამ დარწმუნებული ვარ საზოგადოებისთვის ცივი შხაპი ნამდვილად იყო გიგა ბოკერიას არჩევა ამ საგამოძიებო კომისიაში!
– ასეთი ჭორებიც დადის, რომ ბიძინა ივანიშვილი მალე ევროპულ საქართველოს გადააბარებს ქვეყნის მმართველობას. ამაზე რას იტყვით?
– ჭორები კი არ დადის, ეს დაწყებული პროცესია. ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქცია აქვს ევროპულ საქართველოს, შუალედურ არჩევნებში ყველგან მეორე ადგილს იკავებს ევროპული საქართველო. ადგილობრივ არჩევნებზე მესამე ააღებინეს, თუმცა ყველგან, სადაც ადმინისტრაციულმა რესურსმა მოახერხა ოლქების მიხედვით, იქაც მეორე ააღებინეს და ახლა გეგმა აქვთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ააღებინონ მეორე, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილი!
– რამდენად დაუშვებს ამას ჩვენი საზოგადოება?
– როგორ გითხრათ, ჩვენი ხალხი ცოტა თავისებური ხალხია, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე არ რეაგირებს. რეაგირებს მხოლოდ რაღაც ცხელ ამბებზე. რაღაცა განსაკუთრებულ ტრაგედიებზე. თუნდაც როგორც ეს უკანასკნელი იყო, სარალიძის შემთხვევა. ალბათ ციხეში 500 პატიმარი უნდა გააუპატიურონ, ან რაღაცა მსგავსი მოხდეს, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდეს. თორემ სარალიძის ტრაგედია ხომ არ იყო გამონაკლისი. ეს ხომ იმ სისტემური დანაშაულის შედეგი იყო, რასაც ბოლო 6 წელია ვუყურებთ! მაგრამ ეს სისტემური დანაშაული, სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თანხმობით ხდებოდა. მე უფრო მგონია, რომ 2020 წელს გიგა ბოკერია გახდება პრემიერ-მინისტრი და შესაძლოა სწორედ ამის შემდეგ დაიწყოს ქვეყანაში უმართავი პროცესები.
– ფიქრობთ, რომ ბოკერია გახდება პრემიერ-მინისტრი?
– ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა, რომელიც შეთანხმებული აქვს გარკვეულ წრეებთან შეერთებულ შტატებში.
– ცოტა უცნაური პროგნოზია…
– კი, მესმის, ხალხს არ უნდა ამის დაჯერება, ძალიან შავი პროგნოზია, მაგრამ ფაქტებს თუ გადავხედავთ, ვინც პოლიტიკაში გარეულია და ხედავს, კულუარებში რა ხდება, იმას ეჭვი აღარ ეპარება ამ პროგნოზში. დავით კეზერაშვილი სასამართლომ გაამართლა, ანუ მან ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებას მიაღწია. მას ბიზნესი არ წაართვეს, ანუ ხელისუფლებას გაურიგდა. მაგრამ “ქართულ ოცნებას” აფინანსებდა კეზერაშვილი?! არა! ის აფინანსებდა ევროპულ საქართველოს!
– ამით რისი თქმა გინდათ?
– ბიზნესმენი, რომელიც ხელისუფლებს გაურიგდა და მისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო, მერე წავიდა და თავის ნებაზე დააფინანსა ოპოზიციური პარტია?! თუ დაავალეს მას, რომ დაეფინანსებინა ევროპული საქართველო?! ეს იყო ხელისუფლებასთან შეთანხმების ნაწილი.
ან ბოლო შემთხვევა ავიღოთ, საპარლამენტო კომისიის შექმნის. რომელმა ფრაქციამაც არ უნდა მოითხოვოს, არასდროს არ აკმაყოფილებენ და აი ევროპული საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
– ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობის ეს ერთი ფრთა, რომელიც ახლა ევროპული საქართველოს სახელითაა ცნობილი, გაათეთრა და მას დააბრუნებს ხელისუფლებაში?
– გათეთრდა თუ გაშავდა, არ ვიცი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რასაც გეგმავს, მოგახსენეთ.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018