კობა დავითაშვილი – “ბანკირები ბახტაძის ლანძღვაში და ბინძურ კამპანიაში უხვად იხდიან, მათ სააკაშვილის დაბრუნება აწყობთ”

ვინ აფინანსებდა ოპოზიციის მიერ აგორებულ საპროტესტო ტალღას? რატომ დაუპირისპირდნენ მონოპოლისტები ბიძინა ივანიშვილს? ვისი დაკვეთით მიდის მამუკა ბახტაძის ლანძღვა-გინება? “ახალი თაობას” ამ და სხვა კითხვებს კობა დავითაშვილი პასუხობს.
– ბატონო კობა, კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ აქტიურად დაიწყო მის შეცდომებზე საუბარი. რას იტყვით თქვენ, როგორი პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი?
– მე არ გამხარებია მისი წასვლა. მე არც დიდი სიხარული მესმის მისი წასვლის გამო და არც სამგლოვიაროდ გვაქვს საქმე. ნორმალური პრემიერ-მინისტრი იყო, თვითონ პიროვნება იყო ისეთი, რომ თავის თავში შეიცავდა დადებით თვისებებს. ხოლო თუ რამე ნაკლოვანება იყო, ეს ზოგადი ნაკლოვანებაა მმართველი გუნდის და არა მისი პირადი. მე არა მგონია, რომ მას პირადად შემოეტანოს ნაკლოვანება პოლიტიკაში.
– რატომ გახდა ასე აუცილებელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს ცვლილებები?
– მართალი გითხრათ, მე ვერ დავინახე ამის აუცილებლობა. ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი.
– ოპოზიციის ქუჩაში გამოსვლამ დააჩქარა ეს პროცესი? ნაციონალური მოძრაობა იბრალებს, ჩვენ გადავაყენეთ მთავრობაო.
– თავის თავზე დაბრალება მაგათი მეთოდია. ვერაფერს რომ ვერ აღწევენ, რაღაც ხომ უნდა დაიბრალონ. მე არ დამრჩა ეგ შთაბეჭდილება, რომ ქუჩაში ხალხის გამოსვლით იყო კვირიკაშვილის წასვლა განპირობებული.
– მაშინ თქვენ რომელ ვერსიას ემხრობით, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გაფუჭდა ურთიერთობა?
– არ ვიცი, მე ეს ინფორმაციები არ მაქვს. ამიტომ ვერ ვიმარჩიელებ. არც პროგნოზების კეთება მიყვარს. ეს უმადური საქმეა.
– მამუკა ბახტაძეზე რას იტყვით?
– ბახტაძე საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფიგურაა, ახალგაზრდა პოლიტიკოსია, ამიტომ რითაც დაამახსოვრა თავი საზოგადოებას, ეს არის მისი შარშანდელი აქტივობა ფინანსურ სფეროში, რაც მიზნად ისახავდა საბანკო სფეროში საბანკო მონოპოლიების შეზღუდვას და ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვას.
– კვირიკაშვილს ამაშიც ადანაშაულებენ, ბანკებს სრული თავისუფლება მისცა და მაქსიმალური უფლებები მიანიჭაო. ასეა? შეძლებს ბახტაძე დაუპირისპირდეს ასეთ მსხვილ მოთამაშეებს?
– კვირიკაშვილისთვის ამის დაბრალება არა მგონია, სამართლიანი იყოს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს პოლიტიკა, ბანკების ასეთი თავგასულობისა, დამკვიდრდა ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს. ბანკების კანონმდებლობა, როგორიც ჩვენთან არის, უპრეცედენტოა მსოფლიოში. მთელ მსოფლიოში ბანკებს, საქართველოს გარდა, აკრძალული აქვთ სხვა ბიზნესების ფლობა და მართვა. შემთხვევით არ აქვთ აკრძალული.
– ეს სააკაშვილმა დაუშვა?
– საქართველოში ეს დაუშვა სააკაშვილმა და აგიხსნით, თუ რა სხვაობა მოიტანა ამან.
ვთქვათ, ბანკმა გასცა კრედიტი რომელიმე საცხობზე, საცხობმაც დაიწყო მუშაობა და საქმე კარგად წაუვიდა. მერე ამ საწარმოს რაღაცა შეფერხება მოუვიდა. მთელ მსოფლიოში ბანკი ასეთ დროს ჯდება თავის მევალესთან ერთად და ადგენს გრაფიკს ამ შეფერხების გამოსწორების.
– რატომ?
– იმიტომ, რომ დაინტერესებულია, ჰყავდეს კლიენტი, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად უხდიდა მას პროცენტს და პატარა შეფერხების გულისთვის კლიენტს არ დაკარგავს. ბანკი ძალიან სწორად და ლოგიკურად იქცევა. ამისთანა კლიენტებზე ოცნებობენ ბანკები და ერთმანეთს ეჯიბრებიან და ერთმანეთზე უკეთეს პირობებს სთავაზობენ.
– ჩვენთან ასე არ ხდება?
– გეტყვით, რა მოხდება საქართველოში. ჩვენთან ბანკს აქვს საცხობის ფლობის უფლება, ხოდა ხედავს ეს ბანკის ხელმძღვანელი, რომ აგერ არის მშვენიერი, კარგი საცხობი, კარგი გასაღება აქვს, უბანში პოპულარობით სარგებლობს. მოკლედ, მოაქვს მოგება. უცებ მოხდა რაღაც და ფეხი გადაუბრუნდა ამ წარმოებას, რა ხდება ამ შემთხვევასი საქართველოში? საქართველოში ბანკი დაინტერესებულია, მაქსიმალურად წიხლი დააჭიროს ამ პატარა წარმოებას და გააკოტროს ხელოვნურად, ჯარიმებით, საურავებით, მოკლედ, არანაირი გასაქანი არ მისცეს და არ ამოასუნთქოს.
– რატომ?
– რომ ხელში ჩაიგდოს ეს საცხობი და ამ საწარმომ გააგრძელოს მომგებიანი საქმიანობა, ოღონდ ბანკის საკეთილდღეოდ! აი, ამიტომ არ აქვს მთელ მსოფლიოში ბანკებს სხვა ბიზნესების ფლობის უფლება. სხვა ქვეყანაში ბანკი დაინტერესებულია კარგი კლიენტის კეთილდღეობით, საქართველოში ბანკი დაინტერესებულია კარგი კლიენტის გაკოტრებით და მისი ბიზნესის ხელში ჩაგდებით. როდესაც ამაზე ვსაუბრობ მე, თეორიულად კი არ ვსაუბრობ, მაგალითებია უამრავი.
– კერძოდ?
– ყველაზე მსხვილ მაგალითს მოვიყვან. საქართველოს ბანკი კარტელურ, მონოპოლიურ გაერთიანებაში იმყოფება სადაზღვეო კომპანია ალდაგთან. ორივე უმსხვილესი მოთამაშეა ბაზარზე. ალდაგიც და საქართველოს ბანკიც. ეს საკითხი უბრალოდ კარგად ვიცი, იმიტომ, რომ ჯანდაცვის საკითხებზე ვმუშაობდი. სააკაშვილს თავიდანვე ასეთი პოლიტიკა ჰქონდა ყველა სფეროში, რომ აძლევდა მონოპოლიურ მდგომარეობას, ამა თუ იმ სფეროში, ამ შემთხვევაში სადაზღვეო სფეროში სადაზღვევო კომპანიებს, რომ ეძარცვათ ხალხი, ჩაეგდოთ სხვა კომპანიები ხელში, სანაცვლოდ კი მისთვის გადაეხადათ ხარკი. ანუ სააკაშვილი ხარკს კრეფდა, ეს მონოპოლიები და კარტელური გაერთიანებები სხვებს აკოტრებდნენ. ეს მომგებიანი იყო ორივესთვის.
– ორივე მხარეს სოლიდური თანხა ხვდებოდა?
– დიახ. მათ ჰქონდათ ისეთი შემოსავალი, რომელიც ნორმალურ ქვეყაანში ვერ ექნებოდათ და ამის სანაცვლოდ უხდებოდათ ხარკის გადახდა სააკაშვილისთვის.
– “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ამ კუთხით არაფერი შეიცვალა?
– ეს არის მთლიანად “ქართული ოცნების” პრობლემა და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, რომელმაც ხარკი გაუუქმა ამ მონოპოლიებს, მაგრამ დემონოპოლიზაცია არ მოახდინა.
ფაქტობრივად, ხარჯი ამ მონოპოლიებს შეუმცირდათ, შემოსავალი კი გაეზარდათ. ახლა ამის დაბრალება მხოლოდ კვირიკაშვილისთვის უსამართლობა მგონია. მე მიყვარს სიმართლის თქმა. ეს პოლიტიკა ტარდებოდა ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, ღარიბაშვილით გაგრძელებული და კვირიკაშვილით დამთავრებული.
– ახლა ბახტაძემ გადაწყვიტა, რომ ეს მოცემულობა შეცვალოს?
– როგორც ჩანს, თავად ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ ეს იყო შეცდომა. ამაზე იყო საუბარი და მე ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ჩვენ არ გვინდა ბოლშევიკობა და არ გვინდა ვინმესთვის საკუთრების წართმევა, მაგრამ მონოპოლიური მდგომარეობა კი უნდა ჩამოვართვათ-თქო.
ჩვენთან როგორც სწრაფად ხდება ფირმის გახსნა, ასევე სწრაფად ხდება მისი ლიკვიდაცია. თუ ბაზარი მონოპოლიზებულია, ახალ ფირმას იქ არავინ შეუშვებს. აზრი არ აქვს ახალი ფირმების შექმნას. თუ რამე მომგებიანი გამოჩნდა, ბანკები მაშინვე აკოტრებენ, რომ ხელში ჩაიგდონ. ამიტომ იცით, რა ხდება ქვეყანაში? ამ ყველაფრის შედეგად სამუშაო ადგილები აღარ იქმნება! ეკონომიკის პრობლემები სწორედ მისი მონოპოლიზაციიდან მოდის, რომელიც სააკაშვილის პერიოდიდან მოგვდგამს და რომელიც “ქართულმა ოცნებამ” არ შეცვალა.
– რატომ არ შეცვალა? თუ ბიზნესიდან ხარკს აღარ იღებს, მაშინ შეეცვალა არსებული სიტუაციაც.
– გეტყვით. მე ეს ყველაფერი ვიცი ჯანდაცვის სფეროდან გამომდინარე. “ქართულმა ოცნებამ” რაც გააკეთა მნიშვნელოვანი და კარგი, ეს არის უფასო ჯანდაცვა. ადრე ოპერაცია რომ დაჭირდებოდა ადამიანს, სახლ-კარის გაყიდვა უწევდა. ან ბანკიდან ისეთი ვალის აღება, რომელშიც გირაოში სახლი იდებოდა. საყოველთაო ჯანდაცვის შემოღებით ეს პრობლემა მოიხსნა. ამ ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ მე ვიყავი და აქტიურად ვმუშაობდი ამაზე. ბოლომდე კმაყოფილი არა ვარ, მაგრამ ის მინიმუმი მაინც გაკეთდა, რომ ხალხი დაზღვეულია გაღატაკებისგან ჯანდაცვის დიდი ხარჯების გამო.
როდესაც მე ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და შევთავაზე, რომ როგორც თქვენ გაქვთ საჩხერის საავადმყოფო, რომელიც უსასყიდლოა საჩხერის მაცხოვრებელთათვის, ასე უნდა იყოს მთელ საქართველოში, რადგან მთელ მსოფლიოში არსად არ არის ჯანდაცვა ბიზნესი-მეთქი. მას ეს ძალიან გაუკვირდა, არ იცოდა ამის შესახებ. მან იცით, რა მითხრა?!
– რა გითხრათ?
– ბატონმა ბიძინამ მითხრა, საჩხერის მსგავსად, მინდოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღება და უფასო საავადმყოფოს გაკეთებაო. რომ ვკითხე, რატომ არ გააკეთეთ-მეთქი, როდესაც ეს გადავწყვიტე, მოვიდა ჩემთან კახა ბენდუქიძე და მითხრა, შენ რომ მილიარდერი ხარ და ჩვენზე მეტი ფული გაქვს, ჩვენ რას გვიშვრები ამასო. შენ რომ უფასო საავადმყოფო გააკეთო, ჯანდაცვა ბიზნესია და სხვებმა რა დავაშავეთ, ვისაც ამ ბიზნესიში გვინდა მოგების მიღებაო.
ივანიშვილმა მითხრა, სწორედ ამის მერე შევიკავე თავიო. ანუ ბიძინა ივანიშვილს აქვს ეთიკის, რაღაცნაირი სოლიდარობის განცდა სხვა ბიზნესმენების მიმართ. არავინ არ დამიჯერებს, მაგრამ მას ერიდება მათი და სხვანაირი თვალით უყურებს ბიზნესმენებს. მას ქვეყნის მარკად, ქვეყნის დედაბოძად და ბურჯად მიაჩნია თითოეული ბიზნესმენი. მცირედან დაწყებული მსხვილით დამთავრებული. ამიტომ მათ შეზღუდვას ერიდება. თეორიულად ესმის, რომ კი, ასე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ვერ გააკეთა ასე. მას სულ სხვა სტანდარტები აქვს.
– რა სტანდარტები?
– ბიძინა ივანიშვილი რუსეთის უმსხვილესი ბანკის მფლობელი იყო. ეს ერთადერთი ბანკია, რომელმაც 1998 წელს, ყველა ბანკი რომ გაკოტრდა, კურსები რომ დაეცა და კოლაფსი მოხდა, სხვა ბანკებივით ის კი არ გამოაცხადა, რომ რა ვქნა ბატონო, აირია ქვეყანა და დაემშვიდობეთ თქვენს ანაბრებსო. ერთადერთი იყო, რომელმაც ყველა მეანაბრე გაისტუმრა! ერთადერთი!
– ამით რისი თქმა გსურთ?
– იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მოღვაწე ბანკირებსაც ასე უყურებდა. რახან თვითონ კარგი ბანკირი იყო, სხვაც კარგი ეგონა. ამიტომ კოლეგებს არ შეუქმნა პრობლემები. არ შეავიწროვა. მან ჩათვალა, რომ საკმარისია, რომ ჩვენ ხარკი მოვუხსნათ ამ ბიზნესს, რასაც სააკაშვილი კრეფდა და ეს ბიზნესი, როდესაც მას ეს ხარჯები შეუმცირდება, თავისთავად საპროცენტო განაკვეთსაც დაწევს და სულ სხვანაირად მოიქცევა.
მან ვერ გაითვალისწინა ერთი ფაქტორი, რომ არ არიან ეს ბანკირები წესიერი და სინდისიერი მოქალაქეები. ამ ბანკირებს სააკაშვილის პირობებში ურჩევნიათ ცხოვრება, ხარკს რომ იხდიდნენ. სამაგიეროდ, წართმევის უფლება ჰქონდათ. დღევანდელი ხელისუფლება არ უჭერს ბანკებს მხარს სხვა ბიზნესების ჩაყლაპვაში. ამიტომ დაფიქრდნენ ეს ბანკირები და ფიქრობენ, მიშას დრო ჯობდაო. ხარკი გვქონდა, მაგრამ შემოსავალი გაცილებით მეტი გვქონდაო. ამიტომ ბანკებმა გადაწყვიტეს, რომ არ აწყობთ ბიძინას მმართველობა.
– ბატონო კობა, საით მიანიშნებთ?
– იქით, რომ ამ აქციების აგორების დაფინანსების უკან ეს მონოპოლიები და ბანკები იდგნენ. არაფერი იმალება, გამოჟონა ამ ინფორმაციამ.
– ანუ მათი მიზანი იყო ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება?
– რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ აწყობთ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება. მის პირობებში გაცილებით მეტი შემოსავალი აქვთ.
– ანუ ბახტაძის მკაცრი განცხადებები არ მოეწონათ?
– ბახტაძე დამოუკიდებელი ფიგურა ხომ არ არის. ის მოიყვანა და მთავრობაში დასვა ბიძინა ივანიშვილმა. ანუ ივანიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება ბანკებთან დაკავშირებით. სწორედ ის ასწორებს იმ შეცდომას, რომელიც თავადვე დაუშვა. ბახტაძის პრემიერად დანიშვნა არის სწორედ თავგასული მონოპოლიებისა და ბანკების მიმართ ბიძინა ივანიშვილის გზავნილი! მე ამ გზავნილს მხოლოდ მივესალმები. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!
– მონოპოლიებმაც ეს საფრთხე დაინახეს და ივანიშვილს დაუპირისპირდნენ?
– რა თქმა უნდა! ბახტაძეზე განხორციელებული იერიშებიც, ეს ცილისწამების კორიანტელი, შეურაცხყოფის კორიანტელი აქედან გამომდინარეობს. მე არ მახსოვს არც ერთ პრემიერზე ესეთი შეტევა!
– ძალიან ბინძური კამპანია წამოვიდა ბახტაძის წინააღმდეგ.
– ჭორები და ბინძური კამპანია არის ძალიან კარგად დაფინანსებული. ამაში უხვად იხდიან ეს მონოპოლისტები და ბანკირები, იმის ლანძღვაში, ვისაც თავად მტრად მიიჩნევენ. მე რადგან ვხედავ, რომ ისინი ბახტაძის ლანძღვაში უხვად იხდიან, ამიტომ მე გამიჩნდა ძალიან დიდი სურვილი, რომ გვერდში დავუდგე ბატონ ბახტაძეს მათთან ბრძოლაში!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018