მირზა სუბელიანი – “მე დასაცავი არაფერი მაქვს… პირველად ჩემი შვილი დაიკითხა… ჩემი ქვისლი დაპატიმრებულია”

საქართველოში ვარ, არსად გავსულვარ და არც ოჯახი გამიყვანია. მზად ვარ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამამ, მირზა სუბელიანმა განუცხადა.

მირზა სუბელიანის თქმით, მზად არის, ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გასცეს.

„გამოკითხვაზე ვიმყოფებოდი შსს-ში. შესაბამის დეტალებს ვერ გავახმაურებ, მაგრამ მიდის გამოძიება. რაც შეეხება იმ კითხვებს, რომლებიც არის ჩემ მიმართ, მზად ვარ, ვუპასუხო აბსოლუტურად ყველა შეკითხვას, ეს საპარლამენტო კომისიის ფორმატში იქნება, საგამოძიებო კომისიის ფორმატში თუ სხვა ფორმატში“, – განაცხადა სუბელიანმა.

სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებას მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერ უპასუხებს და აცხადებს, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა.

ამასთან, სუბელიანი პარლამენტთან არაერთხელ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს, რომლებიც ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ეხება. ყოფილი პროკურორის თქმით, მერაბიშვილი საკნიდან არ გაუყვანიათ.

„ამ შეკითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს გამოძიების პრეროგატივაა. შესაბამისად, გამოძიება მიდის და თუ რამე კითხვის ნიშნები იარსებებს ჩემ მიმართ, მზად ვარ პასუხი გავცე. ვერ შევალ საქმის განხილვაში, ვერც ვერავის დავადანაშაულებ და ვერც საკუთარი თავის დაცვას დავიწყებ, მე დასაცავი არაფერი მაქვს. არანაირ კადრებზე, არანაირ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე საუბარი ჩემთან არ ყოფილა და ფიზიკურად ეს ვერ იქნებოდა და შესაბამისად, დასკვნა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე, რომ ეს არ დადასტურდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დასკვნა დაწერილი ჩემ მიერ. შესაბამისად, ფაქტი იმისა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა მოხდა, ესეთი არ მომხდარა. მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ“, – განაცხადა სუბელიანმა.

მირზა სუბელიანმა ასევე დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს კალანდიების ოჯახში იმყოფებოდა.

„ეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ერთვის, შესაბამისად, ამ მიმართულებით არის შეკითხვები და ამ მიმართულებით ამომწურავ პასუხს მე გავცემ გამოძიებას. ვადასტურებ, რომ მივედი ჩემს შვილთან, წამოვიყვანე და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. პირველად ჩემი შვილი დაიკითხა. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტებს, მტკიცებულების განადგურებებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩემი ქვისლი ამჟამად დაპატიმრებულია, ზის, ორი ბავშვი პასუხისგებაშია მიცემული და ეს არის ჩემი კომენტარი. დანარჩენი, გამოძიების დეტალებში, მოარულ ჭორებში რა და როგორ ვრცელდება, მე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა“, – განაცხადა მირზა სუბელიანმა.

პირველი არხი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018