რა კრიტერიუმებით აირჩევა მთავარი პროკურორი

ქვეყანა ახალი მთავარი პროკურორის არჩევის მოლოდინშია.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები უკვე დაიწყო.

ვინ შეიძლება გახდეს მთავარი პროკურორი, ანუ როგორია გენერალური პროკურორის შერჩევის კრიტერიუმები?მთავარ პროკურორად შეიძლება აირჩიონ ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება.

მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია. ერთი და იგივე პირი მთავარ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს.

კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი.

კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე.

თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 31 მაისს ირაკლი შოთაძემთანამდებობა დატოვა.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა.

პირველი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018