რომან გოცირიძე – “საპარლამენტო კომისია მხოლოდ დროის გასაწელად შეიქმნა”

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში განმარტავს თუ რატომ არ იღებს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.
– ბატონო რომან, რატომ ემიჯნება ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას?
– ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ კომისიას არ ვუყურებთ, როგორც წმინდა სამართლებრივ პროცედურას. ამ კომისიას პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავთ. დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება არამიზანშეწონილად ჩავთვალეთ. თუკი რამე შედეგი ექნება კომისიას და წარმატებას მიაღწევენ, მხოლოდ გაგვიხარდება და წარმატების მილოცვაც შეგვიძლია. თუმცა, როდესაც ამხელა კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ 5 ადგილი აქვს და აშკარა უმცირესობაშია და მიუხედავად ამისა, მათ ამ კომისიის შექმნა ისტორიულ მოვლენად უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს პარლამენტში არნახული რამ ხდება დემოკრატიის კუთხით, მათ ავიწყდებათ, რომ კომისიის შექმნა აქამდე 22-ჯერ იყო მოთხოვნილი, მაგრამ ყოველთვის დაბლოკეს.
– რაზე მიანიშნებთ?
– ამ კომისიის შექმნასაც, როგორც ჩანს, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პოლიტიკური მიზნები აქვს.
– რა მიზნები?
– დღევანდელი კრიზისული ვითარების გადაგორება და არსებული რეალობის დეაქტუალიზაცია. ვითარება იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ხელისუფლებას წარმოუდგენია. აგერ უკვე არასამთავრობოები და არა პოლიტიკური პარტიები, რასაც ვეღარ დაგვაბრალებენ, წულუკიანის გადაყენებას ითხოვენ. ძალოვან სტრუქტურებში უმძიმესი ვითარებაა. ეს სისტემა მართლაც უნდა დაინგრეს. ამ პროცესში მხოლოდ რაღაც კომისიურ-კაბინეტური მუშაობით ფონს ვერ გავალთ. ჩვენ, რასაკვირველია, პარლამენტის სხდომაში მონაწილეობას მივიღებთ, პატივს ვცემთ პარლამენტის პროცედურას, ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ.
– ანუ თქვენ ამბობთ, რომ კომისია ერთგვარი მაშველი რგოლია?
– დიახ. ეს იყო გადარჩენის ინსტინქტით ნაკარნახევი დათმობაზე წასვლა. ეს ითვალისწინებს პროტესტის ქუჩიდან პარლამენტის კედლებში დაბრუნებას და ბიუროკრატიულ ყოველდღიურობაში მოქცევას. ეს არის დროის გაწელვაც, რადგან კომისია 3 თვე მუშაობს, ამ დროის მანძილზე ვიღაცეებს დაკითხავენ, ხმაურიც იქნება, შოუც იქნება, მაგალითად, პარლამენტში გამოკითხვაზე ყოფილი მთავარი პროკურორი შოთაძე რომ მოვა, შოუს ელემენტები იქნება. კომისია მუშაობის მიწურულს მკაცრ დასკვნას დადებს, ვინაიდან უმრავლესობას კომისიაში ოპოზიცია წარმოადგენს, მაგრამ როგორც ორჯერ ორი ოთხია, ამ კომისიის მუშაობას არავინ გააგრძელებს 3 თვის შემდეგ.
– აღსრულების ნაწილში გაქვთ ეჭვი?
– დიახ, ამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და ეს კომისიაც ისტორიას ჩაბარდება. არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე განვიხილავთ ამ კომისიას. თუ ასე არ არის, რატომ აქამდე არც ერთხელ ხელისუფლებას არ უნდოდა, რომ გახმაურებული საქმეები გამოძიებული ყოფილიყო, რატომ აგდებდა ის ყოველთვის პარლამენტში კომისიის შექმნის მოთხოვნას.
ახლა რატომ გაუსკდა დემოკრატიულობის ბუშტი?! იმიტომ, რომ ხელისუფლება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევიდა, მთავარ პროკურორს მოუწია თანამდებობიდან გადადგომა. არასამთავრობო სექტორი უკვე იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს, პოლიტიკური პარტიები კი – მთავრობის გადაყენებას.
ხელისუფლებაში ალბათ იქნება ადამიანი ვისაც კარგად აქვს გააზრებული ქართული ანდაზები, ერთ-ერთი არის “ჩათრევას ჩაყოლა ჯობია”. ასე მოუვიდა პროკურატურას, მათ დროულად მოახდინეს რეაგირება და მთავარი პროკურორი გადადგა. რაც უფრო მეტად გააჯანჯლებს წულუკიანი ამ პროცესს, ის მთელ მთავრობას ჩაითრევს. მთავრობის გადაყენების საკითხი დადგება და წულუკიანს მთავრობასთან ერთად მოუწევს გადადგომა. დღეს მას აქვს შანსი, რომ გადადგეს. ფაქტობრივად, ეს სტრუქტურები გამოდის დამნაშავეების მფარველად. სწორედ ამ მფარველობის შედეგი იყო ის, რომ ვერ იქნა ეს საქმე გამოძიებული.
– ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კვლავ აქტუალურია მთავრობისა და პრემიერის წასვლის მოთხოვნა?
– დიახ. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის გადაყენებაზე უფრო მნიშვნელოვანია თუნდაც სოზარ სუბარისა და თეა წულუკიანის გადაყენება, მაგრამ ჩვენ სელექციურად არ ვუდგებით ამ საკითხს, ვინაიდან პრემიერი არის მთავრობის თავმჯდომარე, ცხადია, ის არის პასუხისმგებელი. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერი თანამდებობიდან გადადგეს და თეა წულუკიანი ან სოზარ სუბარი თანამდებობაზე დარჩნენ.
– მთავარი პროკურორის შერჩევა დააანონსა იუსტიციის მინისტრმა. ნაციონალური მოძრაობის პოზიცია როგორია, შეიძლება მთავარი პროკურორის შერჩევის კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოთ?
– სასაცილოა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგინოს ან საკუთარი პარტიის ან სხვა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, როგორი ღირსეულიც არ უნდა იყოს ის, მთავარი პროკურორის კანდიდატად და უბიძგო ოპოზიციურ პარტიას ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ ან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.
– კენჭს “ევროპული საქართველოსკენ” ისვრით?
– ეს არ არის სერიოზული, მეტიც, ძალიან არასერიოზულია, რადგან ხელისუფლება, ივანიშვილი პროკურორად არასდროს არ დანიშნავს ისეთ ადამიანს, რომელიც კონტროლქვეშ არ იქნება. შესაძლებელია, იყოს განსხვავებული ტიპაჟი, საზოგადოებისთვის უფრო მისაღები ან რაღაცით მოსაწონი, მაგრამ ის მომენტალურად მოიხარშება იმავე ქვაბში და იმ სისტემის ნაწილი გახდება.
არასამთავრობო სექტორის ამ პროცესში ჩართულობა გარკვეულწილად ამ პროცესს ანეიტრალებს და ყურმოჭრილი მორჩილი პროკურორის ნაცვლად, შეიძლება შედარებით მეტი ღირსების მქონე ადამიანი მივიღოთ. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არსებითად არაფერს არ ცვლის. მთავარი პროკურორი და მთავრობა ერთიანი შემადგენელი ნაწილია და მხოლოდ მაშინ შეიძლება ეს მოცემულობა შეიცვალოს, თუკი ხელისუფლების განახლება მოხდება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018