“ღვინის ეროვნულმა სააგენტომ” 93 ღვინო საექსპორტოდ დაიწუნა

“ღვინის ეროვნულმა სააგენტომ” საექსპორტოდ შერჩეული 2 439 ღვინის მინუშიდან 93 დაიწუნა. როგორც Bm.ge-ს სააგენტოში განუცხადეს, დეგუსტაციის დროს აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ღვინოები სხვადასხვა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ, შესაბამისად მათი საექსპორტო ბაზარზე გაშვება აიკრძალა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან “ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში” შესული ცვლილებების საფუძველზე, სავალდებულო დეგუსტაციას ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო დაექვემდებარა. აქამდე ეს მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს ეხებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 63 დეგუსტაცია ჩაატარა.

ამ ცვლილებამ ღვინის ეროვნულ სააგენტოში დეგუსტატორთა რაოდენობის ზრდა განაპირობა. სააგენტოში 14 დეგუსტატორთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა. პირველ ეტაპზე 40 კონკურსანტიდან 23, ხოლო მეორე ეტაპზე 9 კონკურსანტიდან – 5 დეგუსტატორი შეირჩა, რომლებიც დეგუსტირების პროცესში ჩაერთვნენ.

საექსპორტო დოკუმენტაციის მისაღებად სერტიფიცირებაზე წელს “ღვინის ეროვნულ სააგენტოში” სულ 1647 განაცხადი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 300-ით მეტია. შესული განაცხადების საფუძველზე სხვადასხვა დანიშნულების დოკუმენტაცია გაიცა, კერძოდ: VI-1 ფორმის სერტიფიკატი (ევროგაერთიანების ქვეყნებისათვის) – 1391 ცალი; შესაბამისობის სერტიფიკატი 1433 ცალი;

სხვადასხვა ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიაზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს სერტიფიცირების სამმართველოს მიერ, გაცემულია 2824 სერტიფიკატი, რაც 600- ით აღემატება გასული წლის პირველ კვარტალში გაცემული სერტიფიკატების რაოდენობას.
მაია ბიწაძე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018