შავაძე და ჯორბენაძე – იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარადგინა

იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საპროკურორო საბჭოს საიტზე განათავსებს. სამინისტროს უკვე წარედგინა ორი კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე. მათი წარდგინებები და ბიოგრაფიები საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge − შემოსვლისთანავე აიტვირთა. პროცესით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია, ნახოს წარდგენილი კანდიდატების ვინაობა, რეკომენდატორი ორგანიზაციები და სხვა დოკუმენტები.

პირველი კანდიდატი − პაატა შავაძე, წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ (საქართველოს ანტიკორუფციული პალატა; საქართველოსსისხლის სამართლის ეროვნული ცენტრი; ბათუმის იურიდიული აკადემია; მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“; გაზეთი „აჭარა P.S.“; გაზეთი „ჩემი ქობულეთი“; ტელეკომპანია „TV12“; არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო − კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“; არასამთავრობო ორგანიზაცია „უდო“; საინფორმაციო სააგენტო „რეგიონის ახალი ამბები“; მოძრაობა „დაიცავი მომავალი“; მოძრაობა „თავისუფალი სივრცე“; მოძრაობა „ბათუმის განვითარების ცენტრი“; მოძრაობა „იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაცია“; ადვოკატი დავით ჯაფარიძე; ადვოკატი თემურ ქავშბაია; ჟურნალისტი ნაირა ქობულაძე; მსახიობი რამაზ ბოლქვაძე; ჟურნალისტი ნატო ბერია); ხოლო მეორე კანდიდატი − ზურაბ ჯორბენაძე − მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს“ მიერ.

საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ყველა კანდიდატურის წარდგინება და მონაცემები აიტვირთება. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:http://pc.gov.ge/block/Index/468 .

კანონის შესაბამისად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები გუშინ დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018