ალეკო ელისაშვილი – “სირცხვილია, თეა წულუკიანი თანამდებობაზე რომ რჩება”

ალეკო ელისაშვილი - "სირცხვილია, თეა წულუკიანი თანამდებობაზე რომ რჩება"“ახალი თაობის” კითხვებს საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პასუხობს.
– ალეკო, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ახალი მთავარი პროკურორი თეა წულუკიანმა არ დანიშნოს და ბევრი მასაც გადადგომისკენ მოუწოდებს. აბა ვინ უნდა შეარჩიოს და დანიშნოს გენერალური პროკურორი?
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავარ პროკურორად ადეკვატური და დამოუკიდებელი ადამიანი გავიდეს. დღეს ეს პროცესი მიდის და არავითარ შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემის კრახის ავტორი, თეა წულუკიანი არ უნდა არჩევდეს ახალ მთავარ პროკურორს. ეს არის ნონსენსი!
– ვინ უნდა შეარჩიოს?
– სხვამ, მაგრამ არა თეა წულუკიანმა! უბრალოდ სირცხვილია, თეა წულუკიანი რომ რჩება თანამდებობაზე. მისი ოთხჯერ წარდგენილი მთავარი პროკურორები ვნახეთ, ვინ იყვნენ და რა იყვნენ! შესაბამისად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წულუკიანი წავიდეს და შერჩევა უნდა მოხდეს გამჭვირვალედ, რეალურად. გენერალური პროკურორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ადამიანი, არც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი უნდა იყოს და არც – “ქართული ოცნების”. უნდა იყოს საზოგადოების მაღალი ნდობით მოსარგებლე ადამიანი მთავარ პროკურორად!
– ვინ გესახებათ ასეთ პირად?
– ღვთის წყალობით, ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია!
– კახა კახიშვილის კანდიდატურას განიხილავს საზოგადოება აქტიურად. თქვენ რამდენად იზიარებთ?
– კახიშვილი ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ “ქართული ოცნების” წარმომადგენელი არ უნდა იყოს, ეს არის პრინციპული ამბავი!
– რამდენად დაუშვებს “ოცნება”, რომ მისი გუნდიდან არ იყოს ქვეყნის მთავარი პროკურორი? ეს რეალურად გეჩვენებათ?
– არ დაუშვებს და გადაყვება ხელისუფლება თავიდან ბოლომდე! ცოტა გაიაზრონ, რომ ვითარება არის ძალიან შეცვლილი და ხალხი უკვე ყველაფერზე აღშფოთებას გამოთქვამს. ხალხი უკვე წკიპზეა. არ დაუშვებენ და ვერ გაასწრებენ ამ ხალხს!
– კვირიკაშვილის გადადგომაც მოითხოვეს, ბოთლებიც ესროლეს, თუმცა ის აცხადებს, რომ საქმეს სანამ ბოლომდე არ მიიყვანს, არ წავა.
– ხოდა ალალი და უსაყვედურო იყოს ის ბოთლები მასზე! რა საქმეები უნდა შეასრულოს?! რა საქმე გააკეთა საერთოდ, რა საქმეზე ლაპარაკობს კვირიკაშვილი. მანახა ერთი მაგის გაკეთებული საქმე! შეჭმული მილიონები იცოცხლე, მაგრამ მაგის გაკეთებული საქმე არც არავის არ უნახავს!
– პრემიერის შეხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ 10 ივნისამდე დაითქვა ვადა. რისი მოლოდინი გაქვთ, რა შეიცვლება ამ 5 დღეში?
– პირველ რიგში მთავარი პროკურორი უნდა იყოს საზოგადოების ნდობით მოსარგებლე დამოუკიდებელი კანდიდატი! ეს არ მოხდება და მაშინ “ქართული ოცნება” ვერ გაასწრებს თავის კაბინეტებიდან! ეს არის ორჯერ ორი ოთხი და გაიაზრონ ეს! ეს 5 დღეში მოხდება თუ 15 დღეში, ეს აუცილებლად მოხდება და ძალიან მალე მოხდება! შესაბამისად, ეს დასკვნა უნდა გაითავისონ! ეს არის ყველაზე პრინციპული. მერე, როგორც კი მთავარ პროკურორად ნორმალური ადამიანი მივა, მერე ვნახავთ, ხელისუფლება როგორ მიასწრებს ერთმანეთს პროკურატურაში, რომ ერთმანეთს ხელი დაადონ და მოყვნენ, რა კორუფციული სქემები იყო, როგორ ფარცხავდნენ საქმეებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
– რა დაგვანახა ამ პროცესმა? ხორავას ქუჩის ტრაგედიამ?
– ამ აქციებმა დაგვანახა, რომ საზოგადოებამ გამოიტანა თავისი შეცდომებიდან დასკვნა, ხოლო ამ ხელისუფლებამ ვერ გამოიტანა ვერც წინა ხელისუფლების შეცდომებისგან და გეტყვით, რას ვგულისხმობ. როდესაც გირგვლიანის აქციებზე ირინა ენუქიძის გარშემო 50 კაცი ვიდექით მარტო, 50 კინკილა კაცი, როგორც ჩანს, საზოგადოებას ძალიან მწარედ დაამახსოვრდა, შერცხვა და აი ახლა, პირველივე დაძახილზე, ზაზა სარალიძის გვერდით დადგა ათიათასობით ადამიანი. საზოგადოებამ დასკვნები გამოიტანა საკუთარი შეცდომებიდან! “ქართულმა ოცნებამ” როგორც ჩანს ვერანაირი დასკვნები ვერ გამოიტანა წინა ხელისუფლების შეცდომებიდან.
– ანუ სხვის შეცდომებზეც ვერ ისწავლა?
– ვერც სხვისაზე და ვერც საკუთარ შეცდომებზე ვერ ისწავლა, მან თვითონ დაუშვა და გააღრმავა ეს პრობლემა. შესაბამისად, საზოგადოება, რომელიც განვითარებით არის წინ წასული ხელისუფლებაზე, ამ ბალანსს აღადგენს. საზოგადოება ძალიან დიდხანს ვერ მოითმენს ენძელა მაჭავარიანებს და ვიღაც ანეკდოტურ პერსონაჟებს ხელისუფლებაში! აგერ გამოჩნდა კიდეც, 6 წელი ვითმინეთ, ვითმინეთ მხოლოდ იმის ხათრით, რომ არიქა და ისევ სააკაშვილი არ გვინდა. კვება ნაციონალურმა მოძრაობამ და სააკაშვილმა “ქართული ოცნება”, მაგრამ ერთიც ამოვიდა ყელში და მეორეც! ამ აქციებმა ეს დაადასტურა, რომ ხალხმა ერთსაც და მეორესაც აჩვენა ყვითელი ბარათი!
– ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ის აღარ ენდობა სამართალდამცავ ორგანოებს. მიაჩნია, რომ ყველა მტკიცებულება განადგურებულია და საქმეს ვეღარ გამოიძიებენ. თუნდაც ახალი გენერალური პროკურორი, თუნდაც ის სარგებლობდეს საზოგაოდების მაღალი ნდობით. რამდენად ეშველება ამ საქმეს? შეიცვლება სარალიძის მიდგომები?
– ახალი მთავარი პროკურორი თუ არ იქნება არც “ქართული ოცნების” და არც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ძალიან ბევრი რამ შეუძლია შეცვალოს! ათეულობით საქმე დევს გამოუძიებელი პროკურატურის არქივებში. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. ყირაზე დადგება ყველაფერი!
ფარცხალაძემ რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სამი მილიონის ქონება შეიძინა, ნარმანიამ რომ აჩუქა აუქციონზე, ამას რომ გამოიძიებენ და ფარცხალაძეც, ნარმანიაც და შოთაძეც რომ მოყვება, სინამდვილეში როგორ ჩაფარცხეს ეს საქმე, ასევე სხვა ბევრ გამოუძიებელ საქმეებზე რომ დადგებიან და მოყვებიან, აი, მერე დალაგდება ყველაფერი თავის ადგილზე.
ყველაფერს რომ გამოიძიებ, მექრთამეებს და დამნაშავეებს ყურში ხელს რომ მოკიდებ და ჩასვამ ციხეში, აი, მერე ყველაფერი დადგება თავის ადგილზე! ეს ხელისუფლება აქამდე მივიდა იმით, რომ შეპყრობილი იყო საკუთარი ძალაუფლების ტკბობით და ჰქონდა განცდა, რომ ვერავინ ვერაფერს დააკლებდა. ყურში რომ მოკიდებენ ხელს, აი, მერე დალაგდება ყველაფერი და ქვეყანაც წავა ნორმალური განვითარებით!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა