ბეჟან ნათელაშვილი: “ნაცისტანი “ქართულ ოცნებაში” მოიკითხონ” 

  ბეჟან ნათელაშვილი: "ნაცისტანი "ქართულ ოცნებაში" მოიკითხონ" შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერმა აქციამ პოლიტიკური სახე მიიღო. რამდენიმედღიანი აპოლიტიკური პროტესტის შემდეგ, გამწარებულმა მამამ პოლიტიკურ პარტიებს თავად სთხოვა გვერდში დადგომა.
ლეიბორისტულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. რატომ არის პოლიტიკოსების ჩართულობა აუცილებელი, რა კომპრომატები აქვს მირზა სუბელიანს ბიძინა ივანიშვილზე, ვინ უშლის ხელს ზვიად გამსახურდიას საქმის შესწავლას, რატომ არ უნდა აბრალებდნენ მეოცნებეები სხვებს ნაცებთან კავშირს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება.
– რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტი პოლიტიკურ აქციად გადაიქცა. საზოგადოების ნაწილში ამ ფაქტმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. თქვენი აზრით, აუცილებელი იყო ამ აქციაში პოლიტიკოსების ჩართვა?
– გამწარებული მამის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქამდეც დადიოდნენ. ისინი იქ, როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე მიდიოდნენ და მდუმარედ გამოხატავდნენ მხარდაჭერას. განცხადებებს მხოლოდ იმიტომ არ აკეთებდნენ, რომ ზაზა სარალიძემ ითხოვა, პოლიტიკოსები არ ჩაერიონო.
ჩემი აზრით, ეს იყო აქციის ორგანიზატორების მიერ დაშვებული სერიოზული შეცდომა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უსამართლობის წინაშე კი გამოვიდნენ, მაგრამ ვერ გათვალეს, თუ რაოდენ ვერაგი და ცბიერი მტერი ჰყავთ ბიძინა ივანიშვილის სახით.
პოლიტიკოსების გარეშე აქციები რამდენიმე დღე გაგრძელდა. აქციის მონაწილენი და ზაზა სარალიძეც მიხვდნენ, რომ ძალიან ბნელი ძალა იდგა მათ წინააღმდეგ. ამიტომაც მიმართეს დახმარებისთვის პოლიტიკოსებს. ეს იყო დროული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება საზოგადოების განაწყენებას, არა მგონია, საზოგადოება იყოს განაწყენებული. პროტესტს სუსის მიერ დაქირავებული აგენტურა გამოთქვამს სოციალურ ქსელებში. სუსის დამსახურებაა, თავიდანვე რომ არ ჩართეს ამ პროცესში პოლიტიკოსები.
– სუსის ღვაწლი რაში გამოიხატება?
– როგორც კი ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია დაანონსდა, სოციალურ ქსელში გამოვარდნენ სუსის ტროლები. ისინი წერდნენ, რომ აქციაში პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერთონ. ამან აქციის ორგანიზატორები დააკომპლექსა. მათ უარი თქვეს, პოლიტიკოსები დაეყენებინათ გვერდით. ეს სერიოზული შეცდომა იყო.
– შეცდომა რატომ იყო? ხომ შეიძლება საზოგადოებამ ერთხელ მაინც გამოხატოს პოლიტიკოსების გარეშე პროტესტი?
– როგორ არ შეიძლება. რაც უფრო აქტიური იქნება საზოგადოება, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ხალხი თავიდანვე გვერდში რომ დასდგომოდა ზაზა სარალიძეს, საქმე აქამდე არ მივიდოდა და დღეს შესაძლოა 16 წლის ბავშვის მკვლელები უკვე ციხეში ყოფილიყვნენ.
ეს კაცი ყველამ მიატოვა და ახლა უკვირთ, რატომ სთხოვა პოლიტიკოსებს გვერდში დადგომაო. პოლიტიკოსების გარდა, მან მთელ საქართველოს მოუწოდა მხარდაჭერისკენ. აქციაში პოლიტიკოსების ჩართვა არ ნიშნავს იმას, რომ იქ აპოლიტიკურ ადამიანებს მისვლა არ შეუძლიათ.
გამწარებული მამა 6 თვე ეძებდა სამართალს და გვერდში დადგომას ითხოვდა. რატომ არ დაუდგნენ ქოცები გვერდით? რატომ არ გამოიძიეს საქმე? რატომ დააფარეს მკვლელებს ხელი? ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ საქმეს ასე მარტივად ვერ ჩაფარცხავდნენ და არა მგონია, მკვლელების მფარველობა გენერალური პროკურორის ინტერესებში უნდა ყოფილიყო,
აშკარაა, რომ მკვლელების დაფარვა ყველაზე გავლენიანი ადამიანის ინტერესშია. საქართველოში ასეთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილია. ხორავას ქუჩის ამბავს ისეთი რეზონანსი მოჰყვა, მის ჩაფარცხვას ქოცები მარჩენალის გარეშე ვერ გაბედავდნენ.
– ივანიშვილის ინტერესში რატომ უნდა ყოფილიყო ამ საქმის ჩაფარცხვა?
– ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, თუ რა სკანდალურ მასალებს ფლობს მირზა სუბელიანი, რომლის შვილი და ცოლის დისშვილი სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდნენ.
– ამბობენ, რომ სუბელიანს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები აქვს. ასეთი რა კადრებია, რომ მზად არიან, მთელი ხელისუფლება ანაცვალონ?
– მერაბიშვილის კადრები არაფერია იმასთან დაკავშირებით, რა კომპრომატებიც შეიძლება სუბელიანს ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, მან ბიძინა ივანიშვილზეც იცის რაღაცა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ასეთ რისკზე არ წავიდოდა.
– რა შეიძლება იცოდეს სუბელიანმა ივანიშვილზე?
– ბევრი რამე. ამ კაცს ძალიან მძიმე და შავი წარსული აქვს. მართლა ილია ჭავჭავაძე კი არაა, როგორც ამას ქოცების ნაწილი გვიმტკიცებს. მასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კომპრომატი არსებობს. სუბელიანსაც ალბათ მაგიტომ მფარველობენ. მარტო ვანოს კადრების გამო არ წამოეგებოდნენ შანტაჟს.
იგივე ხდება ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით. 6 წელია, მისი შვილები ცდილობენ, რომ საქმემ წინ წაიწიოს, მაგრამ ვითომ არაფერი. ამ ამბავში ბევრი რამე თავიდან არის გამოსაძიებელი. პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე ბევრ საიდუმლოს მალავს. პროკურატურა საქმის გამოძიებაზე უარს ამბობს, მეტსაც გეტყვით, ოჯახის წევრებს საქმის მასალებს არ აძლევენ.
პირველი პრეზიდენტის საქმეც რეზონანსულია და მის გაჩერებას პროკურატურა ივანიშვილის გარეშე ვერ გაბედავდა.
– ყოფილ პრემიერს რატომ უნდა შეეჩერებინა ამ საქმის გამოძიება?
– ეს ივანიშვილს უნდა ვკითხოთ. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ის სამხედრო გადატრიალებასთან რაღაცით იყო დაკავშირებული. ის პოლიტიკაში 1992 წლიდან ერევა. 2011 წლის შემოდგომამდე ჩრდილში იდგა, მერე გადაწყვიტა გარეთ გამოსვლა.
– მოდით, ისევ რუსთაველზე მიმდინარე აქციას დავუბრუნდეთ. ზაზა სარალიძის გვერდით არიან ნაცები. ხალხი ამბობს, რომ ისინი ნაცების გვერდით არ დადგებიან.  ასეთი განწყობა საპროტესტო მუხტს ხომ არ ჩაკლავს?
– აქციაზე ნაცები დგანან და იქ არ მივალთ – ეს არის სუსის ნარატივი. უსამართლობის განცდა თუ გაქვს და სამართალს ითხოვ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დგას რუსთაველზე.
მინდა ყველას გავაგებინო, რომ ეს არის ბრძოლა ტირანი ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ნაცების შეყვარებას არავინ სთხოვს ხალხს.
ბევრი ხალხი თუ იქნება, უფრო მალე დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს, სადაც მოსახლეობას თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეეძლება. იქ გადახაზონ ნაცები. ბრძოლაში კი ყველა ერთად უნდა დადგეს.
საზოგადოების იმ ნაწილსაც მინდა მივმართო, ვინც პარლამენტის წინ ნაცების ყოფნას აპროტესტებს. ორი კინკილა ნაცის დანახვამ აღგაშფოთათ და ბიძინას ნაცისტანმა არა? სირცხვილია ასეთი მიდგომა.
– ბიძინას ნაცისტანში ვის გულისხმობთ?
– “ქართულ ოცნებას”, პარლამენტს და მთავრობას. სულ ყოფილი ნაცები არიან. ივანიშვილი თავადაც ნაცი არ იყო? 2011 წლის შემოდგომამდე ეგ არ აფინანსებდა სააკაშვილს და მის რეჟიმს? რა ნამუსით ახსენებენ სანდრო გირგვლიანს? როდესაც ჩვენ მისი საქმის გამოძიებას ვითხოვდით, ქოცების დიდი ნაწილი, კალაძის და ივანიშვილის თამადობით, სააკაშვილს აქებდა.
– არადა ქოცების დიდი ნაწილი ამ დღეებში სწორედ გირგვლიანის მკვლელობაზე აპელირებს. ამბობენ, რომ ნაციონალები არიან გირგვლიანის მკვლელები და მათ სამართლიანობაზე ხმის ამოღების უფლება არა აქვთ.
– გირგვლიანი მართლაც ნაცებმა მოკლეს, მაგრამ რატომ არ გამოიძიეს ქოცებმა ეს საქმე? მურუსიძეს ქართული სასამართლო რატომ ჩააბარეს? რატომ დადიან თავისუფლად გირგვლიანის მკვლელები? ამაზე რატომ არ წუხდებიან ქოცები? მათ არა აქვთ უფლება, ეს ბიჭი ახსენონ. ქოცები ნაცებთან ერთად მფარველობენ გირგვლიანის და სხვა ახალგაზრდების მკვლელებს.
აქტიურად დავდივარ ამ აქციებზე და უამრავი შვილმოკლული მშობელი ვნახე. მათ სამართალი ვერ იპოვეს და ახლა იძულებული არიან, ქუჩაში გამოვიდნენ. დაახლოებით 100-მდე შვილმოკლულ დედას და მამას მოვუსმინე ამ დღეების განმავლობაში.
– ეს მკვლელობები რა პერიოდში მოხდა?
– ქოცების მოსვლის შემდეგ. ამ საქმეების გამოძიებაშიც ნაცებმა შეუშალეს ხელი? ნაცისტანიც თავისკენ მოიკითხონ და მკვლელების მფარველებიც.
– “ქართული ოცნების” მხარდამჭერები გამუდმებით იმაზე აპელირებენ, რომ ახლა ახალგაზრდებს ქუჩაში აღარ ხოცავენ. 
– რა მნიშვნელობა აქვს, სად მოკლავ ადამიანს? ზაზა სარალიძის ბავშვიც ქუჩაშია მოკლული, თან ქალაქის ცენტრში.
– ამაზეც არის პასუხი, რომ დათუნა სარალიძე ხელისუფლებას არ მოუკლია.
– დანა მისთვის მართლაც არ დაურტყია ხელისუფლებას, მაგრამ მკვლელებს ხომ ისინი აფარებენ ხელს. ეს სისხლიანი გარჩევა მირზა სუბელიანის შვილის სახელს უკავშირდება, სუბელიანი კი პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო.
სარალიძე ხელისუფლებას არ მოუკლია, მაგრამ რას იტყვიან მაჩალიკაშვილზე. 19 წლის მძინარე ბავშვი ლოგინში მოკლეს. ესეც არ არის ხელისუფლება? ამ საქმეზე გამოძიებაც კი არ ჩაატარეს.
ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული, ქოცები და სუსის აგენტები კი გაიძახიან, პოლიტიკოსებთან ერთად სამართლიანობის აღდგენა არ მოითხოვოთო. სხვათა შორისნ მაგას ნაცებიც გაიძახოდნენ, როცა იგივე გირგვლიანის მკვლელების დასჯას ვითხოვდით.
– 2012 წლის შემდეგ გეგონათ, რომ კიდევ მოგიწევდათ ასეთ თემებზე აქციის მოწყობა?
– სხვა მოლოდინი არც გვქონია. ლეიბორისტულმა პარტიამ არაერთი განცხადება გააკეთა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანაში განუკითხაობას, ქაოსსა და უსამართლობას მოიტანდა.
ახლა ბევრი გამოფხიზლდა და იმედი მაქვს, რომ გამოფხიზლებული საზოგადოება რუსთაველზე გამოვა. აქციაზე პოლიტიკოსების მისვლა ნურავის შეაშინებს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ეს პოლიტიკური მოთხოვნებია და იქ პოლიტიკოსებიც უნდა იყვნენ.
რუსთაველზე პოლიტიკოსების ყოფნა სხვა მიზეზებითაც არის აუცილებელი. აქციის ორგანიზატორები სუსის პროვოკატორებს ვეღარ უმკლავდებიან. ასეთ ხალხთან გამკლავების გამოცდილება პოლიტიკოსებს აქვთ.
პოლიტიკურ აქციაზე პოლიტიკოსების არყოფნა იმას ჰგავს, რომ თვითმფრინავი პურის მცხობელმა მართოს. რაც არ უნდა პატიოსანი იყოს ეს მცხობელი, დაუშვებელია მისი თვითმფრინავის საჭესთან დაჯდომა.
საზგადოებამ არც იმაზე უნდა გაიტეხოს გული, თუ აქციაზე ხალხის რაოდენობა შემცირდება. უცნაური რამეა პოლიტიკა, დღეს შეიძლება ქუჩაში 200 კაციც არ გამოვიდეს, მაგრამ ხვალ მათი რაოდენობა 200.000 გახდეს. ასეც იქნება და აუცილებლად მივაღწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
– კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა თეორიდიულადაც კი შეუძლებელია.
– პრეზიდენტი პარლამენტს დარჩენილ დროში ვერ დაითხოვს, მაგრამ პარლამენტს შეუძლია თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს.
– გამოაცხადებს ეს პარლამენტი თვითლიკვიდაციას?
– ქუჩაში როცა ხალხი გამოვა, სხვა გზა არ ექნებათ.
– გავრცელებული ინფორმაციით, ამ აქციების შემდეგ შესაძლოა მთავრობა გადადგეს, ახალ მთავრობას კი კვლავ ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ამაზე რას ფიქრობთ?
– ეს დაუშვებელია. როდესაც ვამბობთ, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, პირველ რიგში ივანიშვილს ვგულისხმობთ. ის თუ დარჩა, საქართველო დამთავრდება. ახლა ასეა არჩევანი – ან ივანიშვილი, ან საქართველო. ეს ოლიგარქი თუ არ მოვიშორეთ, მთავრობის და პარლამენტის გაშვებას აზრი არა აქვს. ისინი ყველაფერს ბიძინას ეკითხებიან.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა