დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ბავშვი ბორის ბედიას შვილია – აღმასრულებელი მომღერალს ქონებას დაუყადაღებს? 

დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ბავშვი ბორის ბედიას შვილია - აღმასრულებელი მომღერალს ქონებას დაუყადაღებს? როგორც შევიტყვეთ, ახალგაზრდა უკრაინელი ქალბატონისა და ბორის ბედიას სასიყვარულო ურთიერთობა სასამართლო დავით დასრულდა. ქალი იძულებული გახდა, მომღერლისთვის სასამართლოში ეჩივლა. ირწმუნებოდა, რომ მისი გოგონას მამა ბორის ბედია იყო. მან სასამართლოს გზით მოითხოვა, მომღერალს საკუთარი შვილი ეღიარებინა და გვარი მიეცა. თავად მომღერალი კი მამობაზე უარს ამბობდა. აცხადებდა, რომ გოგონა მისი შვილი არ იყო. მართალია, ისინი ოფიციალურად არ ყოფილან დაქორწინებული, მაგრამ წლების წინ მედიაში იწერებოდა სტატიები მათ სასიყვარულო ურთიერთობაზე.

კერძოდ, 2014 წელს პრესაში წერდნენ, რომ ბორისი ქორწინდებოდა უკრაინელ ლარისა სტროკინაზე. მაშინ მომღერალი მედიასთან ამბობდა: “ჯერ არ გადამიწყვეტია ცოლის მოყვანა, თუმცა ყველაფერს დრო მიჩვენებს. გოგონასთან, რომელთანაც მე ვარ, ძალიან მომწონს და თავს კარგად ვგრძნობ… ჩემი განუმეორებელი შარმითა და უნიკალური ხმით დავიპყარი მისი ულამაზესი გული”.
ასევე წერდნენ, რომ 27 წლის ლარისა ბორისმა თბილისში ერთ-ერთ რესტორანში გაიცნო. გოგონა თავის ძმასთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული და მერე აეწყო მათი ურთიერთობა. როგორც ჩანს, მათი გზები მერე გაიყო და ბოლოს საკუთარი შვილის მამობაზეც უარი თქვა. სწორედ ამიტომ, დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციების გადამოწმება ლარისას ადვოკატთან, ნინო ლალიაშვილთან ვცადეთ.
ექსკლუზიურად გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
– ქალბატონო ნინო, როგორც შევიტყვეთ, თქვენ იცავთ უკრაინელ ქალს, რომელიც ბორის ბედიას შვილის აღიარებას სთხოვს. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო დავები ქალმა მომღერალს მოუგო და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბედიას შვილისთვის ალიმენტის გადახდაც დაეკისრა. იქნებ გვიამბოთ ამ დავის დეტალებზე?
– დიახ, ეს სიმართლეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ქალბატონმა, რომელიც უკრაინელი გახლავთ, ქალაქ დონეცკიდან. ის ფაქტობრივად, ბორის ბედიას მეუღლე იყო, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ოჯახში რძლად იყო მიღებული. პერიოდულად თბილისში ბორისის სახლში იყვნენ, ხან უკრაინაში მიდიოდა ბორისი და გოგოს სახლში ცხოვრობდა. მთელმა სანათესავომ იცოდა მათი ურთიერთობა. თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ – ზრუნავდა ქალზე. როცა გაიგო, ფეხმძიმედ დარჩა, არც მაშინ გაუპროტესტებია ეს ფაქტი. პირიქით, ინტერესდებოდა, როგორ იკვებებოდა მომავალი დედა. თურმე უნდოდა, უკრაინაში აეწყო კარიერა და ამისთვის ემზადებოდა. მაგრამ მერე უკრაინაში, კერძოდ, დონეცკში გართულდა ვითარება, გაჩაღდა ომი და რატომღაც ეს გოგონა სწორედ ამ ომს უკავშირებს მათი ურთიერთობის დანგრევას.
– ომი რა შუაშია?
– მოგეხსენებათ, იქ რთული ვითარებაა. საქართველოდან ის ბორისმა და ბორისის დედამ გააცილეს აეროპორტიდან. მერე ატყობდა, რომ ბორისმა გული აიცრუა, ზარებს კი პასუხობდა, მაგრამ არა ისე, როგორც სხვა დროს და აღარც მზრუნველობდა. ჩამოაკითხა საქართველოში ძმასთან ერთად, მაგრამ ბორისი დაემალა და არ შეხვდა. ამბობს, – ვხედავდი, ოთახში როგორ ჩაიკეტა და არ გამოვიდაო. მეორედაც ჩამოვიდა და სცადა შეხვედრა, მაგრამ არც ამჯერად შეხვდა.
ქალი შვილს ელოდა და ბუნებრივია, ურთიერთობის გარკვევა სურდა. მერე გაჩნდა პატარა გოგონა, ის უკვე სამი წლისაა და დედას სურს, შვილი მამის გვარზე იყოს. ბორისი ეუბნებოდა, რომ ბავშვი არ იყო მისი შვილი. მამამ შვილზე უარი თქვა და ამიტომ ვიჩივლეთ სასამართლოში.
– რას ითხოვდით სასარჩელო განცხადებით?
– სარჩელის მოთხოვნა იყო მამობის დადგენა და პარალელურად – ალიმენტის გადახდა. ქალი ძალიან გულგატეხილი იყო და არ ელოდა, რომ უცხო ქვეყანაში სიმართლეს დაამტკიცებდა. ბორის ბედია ბოლომდე ამბობდა, რომ ბავშვი არ იყო მისი შვილი და ამ გოგოსთან მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობა ჰქონდა. ფაქტები სხვას მეტყველებდნენ: არსებობდა მათი მიმოწერები, იყო ფოტომასალა, ბორის სახლში გადაღებული, ასევე, ბორისი – გოგოს სახლში. ბორისის მამის საფლავზეც კი ჰყავდათ მიყვანილი. ეს იყო რეალურად ხანგრძლივი ურთიერთობა, რომელიც 2 წელი გაგრძელდა. განათლებული გოგოა, ლექტორია, უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, უფრთხილდება თავის სახელსა და რეპუტაციას და ასეთი დამოკიდებულება მის ღირსებაზე მოქმედებდა.
– ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მისი შვილი იყო?
– სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ პატარა ბორის ბედიას შვილია. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარვადგინეთ მტკიცებულებები, სასამართლომაც თავის მხრივ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა დოკუმენტები, მოსამართლემ ბორის ბედია აღიარა გოგონას მამად და მას ასევე შვილისთვის თვეში 700 ლარის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება მან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და გაუქმებას ითხოვდა. მეორე ინსტანციის სასამართლოში უკვე შეძლო შემოსავლების დამალვა, პროცესზე ირწუნებოდა, რომ არანაირი შემოსავალი მას არ ჰქონდა და მამის ძმაკაცები არჩენდნენ. მეორე ინსტანციის სასამართლომ შეამცირა ალიმენტის თანხა და 300 ლარის გადახდა დააკისრა. არადა, ყველამ იცის, რომ ის რესტორნებში მღერის, შემოსავალიც აქვს, იქ არ უდგას სალარო აპარატი და არავინ იცის, რა თანხა აქვს, თუმცა ფაქტია, მან საკუთარი შვილისთვის ალიმენტის გადახდაც არ იკადრა. უფრო მეტიც, უზენაეს სასამართლოშიც იჩივლა, მაგრამ იქაც ძალაში დატოვეს გადაწყვეტილება და თვეში 300 ლარის გადახდა ევალება.
– იხდის დაკისრებულ თანხას?
– სამი ინსტანცია გვაწანწალა, ყველგან წააგო პროცესი, მაგრამ დღემდე საკუთარი შვილისთვის დაკისრებულ ალიმენტს არ იხდის. უკვე 10.000 ლარამდე ავიდა დაგროვილი თანხა და ერთი თეთრიც არ გადაუხდია. ახლა იძულებულები ვართ, სააღსრულებოში ვიჩივლოთ და ამ გზით ამოიღოს აღმასრულებელმა დაკისრებული თანხა. აღმასრულებელი დაუყადაღებს ქონებას, მერე გაუყიდის და ამ თანხას ამოვიღებთ.
– გვარი მისცა შვილს?
– გვარის მიცემა ავტომატურად ხდება. თუ სასამართლო აღიარებს მამად, მაშინ გვარიც დარეგისტრირდება. მამობის დადგენა ამას გულისხმობს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვის დედა ძალიან მადლიერია სოფო ბედიასი. ყველამ რომ თავი დაანება, სოფო ძმისშვილს მაინც კითხულობდა. თუმცა, ამ ეტაპზე აღარ აქვს ურთიერთობა. მოვითხოვთ, ბორისმა საკუთარ შვილს დაკისრებული ალიმენტი გადაუხადოს. ეს უბრალოდ ღირსების საქმეა.
ამ საკითხზე ბორის ბედიას საუბარი არ სურს, ამიტომ მის ადვოკატს, ქალბატონ მანანა გრიგოლიას დავუკავშირდით.

მანანა გრიგოლია:
– ლარისა სტროკინა ითხოვდა მამობის დადგენას, შვილისთვის გვარის მინიჭებას და ასევე, ალიმენტის გადახდას. გეტყვით, რომ ბორის ბედიამ ლარისა რესტორანში გაიცნო და ქალსა და მამაკაცს ერთმანეთთან სულ რაღაც ერთ-კვირიანი ურთიერთობა ჰქონდათ, ამის შემდეგ ქალი წავიდა უკრაინაში და 9 თვის შემდეგ რეკავს ბედიების ოჯახში და ამბობს, რომ ბორისისგან შვილი შეეძინა. ეს მაშინ გაიგეს მისმა ოჯახის წევრებმა და ძალიან გაუკვირდათ. ბუნებრივია, ბორისიც დაეჭვდა, იყო თუ არა მისი შვილი, რადგან მასთან მოკლეხნიანი ურთიერთობა ჰქონდა. სასამართლოში დადგინდა მამობა და პირველი ინსტანციის სასამართლომ 700 ლარი დააკისრა, თუმცა ეს ჩვენ გავასაჩივრეთ აპელაციაში, რადგან დაკისრებული თანხა არარეალური იყო. ცნობილი პიროვნება არ ნიშნავს, რომ ფულიანია. სასამართლოში მოვითხოვეთ ალიმენტის შემცირება და 300 ლარამდე შეამცირეს ეს თანხა.
– ბორისი რატომ არ იხდის დაკისრებულ თანხას?
– რომ გადაიხადოს თანხა, ხელფასი ან სხვა შემოსავალი ხომ უნდა ჰქონდეს? ასეთი შემოსავალი მას არ უფიქსირდება. ბიძასთან ერთად ცხოვრობენ, ის და დედამისი. შემოსავალი არა აქვს, არც რაიმე ქონება, ეს თანხა რომ გადაიხადოს. არ ამბობს, რომ როცა ექნება, არ გადაიხდის, თუმცა ბავშვს შვილად არ აღიარებს. სიყვარულით არ მოუყვანია ცოლი, არ დაუგეგმავთ შვილის გაჩენა და 9 თვის მერე რომ ეუბნები, შენი შვილიაო, ასე სად ხდება? ამბობს, თუ უჭირს და ბავშვს ვერ ზრდის, დატოვოს და მე გავზრდიო. იმ ქალს 10 წელი ჰყავდა მეუღლე, მერე განქორწინდა, მასთან შვილი არ ჰყოლია და ერთკვირიანი ურთიერთობის მერე შეეძინა შვილი. ვფიქრობ, შურისძიების მოტივით უჩივლა სასამართლოში, თორემ საკმაოდ შეძლებული გოგოა. ლექტორია, აქვს საკმაოდ კარგი ანაზღაურება, ასევე ამზადებს სტუდენტებს და ეხმარება სადიპლომოს მომზადებაში. ჰყავს ძვირად ღირებული მანქანა. რატომ ითხოვს ალიმენტს, გაუგებარია. თუ უჭირს, რაც დაეკისრა ბორისს, მზად არის, გადაიხადოს. თუმცა, ჩვენ ამ 300 ლარის შემცირებასაც მოვითხოვთ და ახალ საჩივარს შევიტანთ სასამართლოში.
– რა მოთხოვნით?
– რადგან უმუშევარია და არ გააჩნია შემოსავალი, ასეთ დროს სასამართლო 100-დან 120 ლარამდე ალიმენტს აკისრებს მამაკაცებს. მოვითხოვთ თანხის შემცირებას.
– თქვენ ამბობთ, ბორისმა ორსულობის ამბავი არ იცოდაო, საპირისპიროს ამბობს გოგოს ადვოკატი. მისი თქმით, ეს გოგო ოჯახშიც მიღებული იყო და ოჯახის წევრებმაც იცოდნენ მისი ფეხმძიმობის ამბავი. ეს მიმოწერებითაც დასტურდებაო. ამაზე რას იტყვით? 
– გოგო უკრაინაში წავიდა და 4 თვის ორსული რომ იყო, მაშინ ჩამოვიდა. ბორისის დედასთან მივიდა და უთხრა, რომ შვილს ელოდებოდა. მას მაშინ უთხრეს, აქ დარჩენილიყო და ემშობიარა, მაგრამ უარი უთხრა და წავიდა. 9 თვის გასვლის შემდეგ დადო ფოტო “ფეისბუკზე”, სადაც წერდა, რომ გაუჩნდა შვილი და მერე გაიგეს აქ. მათი მხრიდან სააღსრულებოში ჩივილი არ არის საჭირო, როცა გამოუჩნდება თანხა ბორისს, გადაიხდის. ისინი არ დაქორწინებულან, ოჯახი არ შეუქმნიათ. ქალმა ჩუმად გააჩინა შვილი.

თეა ხურცილავა, გზა