კომუნიკაციების კომისიის ტენდერში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც TI-მ საეჭვოდ მიიჩნია

კომუნიკაციების კომისიის ტენდერში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც TI-მ საეჭვოდ მიიჩნიაკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ, ინტერნეტის ხარისხის გასაზომი სისტემის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში ერთი კომპანია Visualware, Inc. მონაწილეობს. წინადადებების მიღების ვადა დღეს ამოიწურა და გამარჯვებულიც ეს კომპანია გახდა. მარეგულირებელმა ამ შესყიდვაზე ტენდერი რამდენიმე თვის წინ ჩაშალა, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია “გამჭვირვალობა-საქართველომ” განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მათი აზრით ტენდერი წინასწარ იყო მორგებული კომპანია Visualware, Inc.-ზე.
“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე არაერთი ცნობილი კომპანიაა, რომელიც ინტერნეტის ხარისხის მონიტორინგის საქმიანობით არის დაკავებული, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, Visualware, Inc., მიიღო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია რეგისტრირებული, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ატვირთული დოკუმენტების, კონკრეტულად კი ხელშეკრულების პროექტის შესწავლის საფუძველზე მივედით დასკვნამდე, რომ მარეგულირებლის მიერ გამოცხადებული ტენდერი მორგებულია კომპანიაზე – Visualware, Inc.,” – წერდა მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია.
კომუნიკაციების კომისიამ მომხდარი ტექნიკურ შეცდომად შეაფასა და იმის გამო, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო, ტენდერი ჩაშლილად გამოაცხადა.
მარეგულირებელს ინტერნეტის კონტროლის სისტემის შესასყიდად 267.824 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ვინაიდან ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია- Visualware, Inc-ი მონაწილეობდა, საწყისი ფასი არ შეცვლილა.

ბიემჯი