“მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ”

"მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ"ამ დღეებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარკვეული ძალები ზაზა სარალიძის წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავენ. იყო საუბარი იმაზეც, რომ სპეცსამსახურები მის გატაცებას აპირებდნენ. ექსპერტმა მამუკა არეშიძის ინფორმაციით, იგეგმება პროვოკაცია რომ სარალიძის გატაცება პანკისელებს დააბრალონ.
ამ ინფორმაციას პანკისში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. პანკისელები ფიქრობენ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით ვიღაცებს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის განხეთქილების ჩამოგდება სურთ. მოგეხსენებათ, რომ შვილმოკლული მამები ერთად ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.
რას ფიქრობენ ამ ჭორებზე პანკისში, რას სთხოვენ ისინი ხელისუფლებას, არის თუ არა ხეობაში პროვოკაციები მოსალოდნელი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” პანკისელი ქისტების წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ესაუბრება.
მექა ხანგოშვილი:
– პანკისის ხეობის მოსახლოებისთვის სულერთი არაა ის აქციები, რომლებიც თბილისში მიმდინარეობს. ისინი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერენ მხარს, ისინი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ და მიაჩნიათ, რომ თემირლან მაჩალიჯაშვილის საქმე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული.
ჩვენ ყველანი ვხედავთ, როგორ ჭირს სიმართლის დადგენა სხვადასხვა საქმეებზე. ამას ხედავენ ქისტებიც. მათ უჩნდებათ განცდა, რომ თემირლანის მკვლელებს არ დასჯიან, მაგრამ იმედი მაინც აქვთ.
– რისი იმედი აქვთ?
– იმის, რომ ადრე თუ გვიან თემირლანის საქმეს გამოიძიებენ და ყველაფერს ნათელი მოეიფინება. ვიდრე ეს შედეგი არ დადგება, მანამდე პანკისის მოსახლეობა ვერ მოისვენებს – მაჩალიკაშვილების ამბავს ყველა განიცდის.
ხეობაში და მთლიანად საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ სპეცოპერაციისას უხეშად დაირღვა თემირლანის და მისი ოჯახის წევრების უფლებები. ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა. იმ ადამიანის, რომელიც არანაირ კავშირში არ იყო იმ დანაშაულთან, რის გამოც ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა.
ამის გათვალისწინებით არავის არ უნდა გაუკვირდეს ის, რომ ხეობაში ხალხი აღელვებულია და კატეგორიულად ითხოვენ სიმართლის დადგენას.
– პანკისელები ასევე კატეგორიულად ითხოვდნენ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებას. ეს ოპერაცია წინა ხელისუფლებამ ჩაატარა. “ოცნების” ერთ-ერთი დაპირება ამ საქმის გამოძიება იყო. აგვისტოში ამ სისხლიანი ოპერაციიდან 6 წელი გადის. საქმე გამოძიებული არაა. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაც ასე ხომ არ გაჭინაურდება?
– სამწუხაროდ, ლაფანყურის საქმე დღემდე გამოძიებული არ არის. ხალხს ამიტომაც არ სჯერა, რომ თემირლანის საქმეს გამოიძიებენ, იმედიც აღარ გვაქვს, მაგრამ რაღაცას მაინც ვეჭიდებით.
ლაფანყურთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირად არის საქმე. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ეს სპეცოპერაცია ბევრ სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავს და მათი გასაჯაროება ქვეყანას დააზარალებდა. რადგანაც საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას ეხებოდა, ჩვენ ქვეყნის ინტერესები გავითვალისწინეთ და გავჩუმდით. ჩვენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არასდროს წავსულვართ.
– ხომ შეიძლება თქვან, რომ მაჩალიკაშვილის საქმის გასაჯაროებაც დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს?
– ამას ვერ იტყვიან, რადგანაც დღესავით ნათელია, თუ რა მოხდა მაჩალიკაშვილების სახლში. ეს სულ სხვა საქმეა და მისი გამოუძიებლობა არ გამოვა. ჩვენ ველით გამოძიებას.
უნდა ნახოთ, როგორი გულისფანცქალით ელოდებიან ხოლმე ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებებს. რამდენიმე დღის წინ მან ძალიან ემოციური განცხადება გააკეთა. ეს იყო მხოლოდ ემოციური განცხადება და კარგი იქნება, თუ ამას რაიმე კუდებს არ გამოაბამენ. ყველამ მის ადგილზე წარმოიდგინოს თავი. მიუხედავად იმისა, რომ მას შვილი მოუკლეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს ანტისახელმწიფოებრივი განცხადება არასდროს დასცდენია. ის თავის ყველა გამოსვლაში ქართველების და საქართველოს მიმართ გამოხატავს პატივისცემას.
– მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაზა სარალიძესთან ერთად ითხოვს სამართლიანობის აღდგენას. რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სარალიძის გატაცება და შემდეგ ამის ქისტებისთვის დაბრალება იგეგმებოდა. ამაზე რას იტყვით?
– ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ რომ ყველანაირ პროვოკაციას უნდა ველოდოთ, ამაში ორი აზრი არ არსებობს. მე არ გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციის მიზნით, რომელიმე მათგანი მართლაც გაიტაცონ.
– ეს გასაგებია, მაგრამ ქისტებს რატომ უნდა დააბრალონ ეს გატაცება? რა მოტივით უნდა გაიტაცონ ზაზა სარალიძე პანკისელებმა?
– ქისტები ამას არ გააკეთებენ – ისინი სამართლიანობის აღდგენას უჭერენ მხარს და შვილმოკლულ მამას, რომელიც სამართალს ითხოვს, ხელს არ დააკარებენ. ეს ინფორმაცია ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა. ვიღაცას ძალიან არ მოსწონს, რომ შვილმოკლული მამები ერთმანეთის გვერდით დგანან. ეს არის და ეს.
– პანკისის მიმართ რაიმე პროვოკაციას გამორიცხავთ?
– რატომღაც მგონია, რომ უფრო სარალიძის და მაჩალიკაშვილის დაპირისპირება სურთ. რაღაც ძალა მათ შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობს.
რაც შეეხება პროვოკაციას პანკისის მიმართულებით, არც ესაა გამორიცხული. მე ყოველ წუთას ველოდები, რომ რაღაც მოხდება. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილთანაც მისაუბრია. მანაც იცის, რომ ვიღაცამ შესაძლოა პროვოკაციები მოაწყოს. ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
– პროვოკაციებს საიდან ელოდებით, ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან?
– ორივე მხარემ შეიძლება მოაწყოს პროვოკაცია. პანკისში არეულობის მოწყობა ყველაზე მეტად გარე ძალებს სურთ და ალბათ აქედან უფრო მეტ საფრთხეს უნდა ველოდოთ.
ხეობაში ძალიან მძიმე ვითარებაა. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება სამართლიანობის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს. სხვანაირად მშვიდობა არ იქნება.
ხელისუფლების მიმართ დითირამბებით არ გამოვირჩევი და ხშირად ვაკრიტიკებ მთავრობას. თემირლანის გამო ახლაც ბევრი პრეტენზიები მაქვს, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა – პრემიერის მხრიდან ძალიან მაღალზნეობრივი საქციელი იყო, როდესაც ის შვილმოკლული მამების აქციაზე მივიდა. ასეთი რამე მსოფლიოში მგონი არ მომხდარა. ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი, როდესაც პრემიერს უსტვინეს.
– მექა, მოდით, ისევ პანკისში მოსალოდნელ არეულობას დავუბრუნდეთ. ისლამური სახელმწიფო ფაქტიურად დაიშალა. კიდევ მიდიან პანკისელი ახალგაზრები სირიაში საომრად? ამ თემაზე თქვენ არაერთი განცხადება გაქვთ გაკეთებული და თქვენგან ვიცი, რომ ხეობის მოსახლეობა ახალგაზრდების გადინებას ძალიან მტკივნეულად განიცდიდა.
– მადლობა ღმერთს, ამ კუთხით სიტუაცია დასტაბილურდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ახალგაზრდების სირიაში გასვლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეს უკვე შედეგია, რადგანაც მათი გადინება სერიოზულ აღშფოთებას და შეშფოთებას იწვევდა.
– უკვე წასულებზე რას გვეტყვით?
– მათი საქმე ძალიან რთულად არის. ქართული კანონმდებლობის თანახმად, მათ საქართველოში დაბრუნება ეკრძალებათ. სირიაში ქალები და ბავშვებიც არიან წასული. მათ არანაირ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ და მათ დაბრუნების პრობლემა არ უნდა შეუქმნან.
სოციალური ფონი, ისევე როგორც მთელს საქართველოში, აქაც მძიმეა, მაგრამ ამის გამო აქციებს არავინ მოაწყობს და სიტუაციას არ დაძაბავენ. უარესები გადაგვიტანია ამ წლებში, მაგრამ პრობლემა არ შეგვიქმნია. ცოტა ხნის წინ ხეობის გაზიფიცირებაც მოხდა. ამის გამო მადლობა ხელისუფლებას.
– თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ ხეობაში განათლებასთან დაკავშირებით იყო პრობლემები. ახლა რა ხდება?
– ამ მხრივაც უკეთესობაა. სადაც განათლებაა, იქ სინათლეც არის და პროგრესიც. ყველაზე კარგი ის არის, რომ მშობლიური ენის სწავლება დაიწყეს ბავშვებმა. ჯერ კვირაში 2 გაკვეთილი უტარდებათ, მერე ვნახოთ.
– რომელი კლასიდან სწავლობენ ბავშვები ჩეჩნურს?
– მეხუთე კლასიდან. ეს მართლა კარგი გადაწყვეტილებაა, თორემ ენა სულ დაგვავიწყდებოდა.
– ენა როგორ დაგავიწყდებოდათ? მართალია, ქისტები ქართულად გადასარევად საუბრობთ, მაგრამ ოჯახებში ხომ სულ ქისტურად ესაუბრებით ერთმანეთს?
– რა თქმა უნდა, ქისტური ვიცით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ 200 წელია, საქართველოს ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. ამ პერიოდის მანძილზე ჩვენი ენა ძალიან გაღარიბდა. 1999 წელს ჩეჩნეთიდან ლტოლვილები რომ ჩამოვიდნენ, მათი გაგება თავიდან გვიჭირდა. ახლა ეს პრობლემა მოგვარდება.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა