მამუკა ბახტაძე – ”2013 წლის პირველ იანვრამდე ყველა გადამხდელს საგადასახადო დავალიანებას ჩამოვაწერთ”

მამუკა ბახტაძე - ”2013 წლის პირველ იანვრამდე ყველა გადამხდელს საგადასახადო დავალიანებას ჩამოვაწერთ”„სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე,“ – ეს ინიციატივა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტში გაახმაურა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2011 და 2012 წლებში კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახო ვალდებულებები, რასაც მისი გუნდი შეცვლის.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე და იმ მნიშვნელოვანი იდეის გათვალისწინებით, რომ გვსურს, ეკონომიკაში თითოეული აქტივი მონაწილეობდეს სრულფასოვნად, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 36 ათას გადამხდელს შეეხება.

მან ასევე აღნიშნა, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება, რომელიც წლის დასაწყისში დაანონსდა, განხორციელდება.

„დღგ-ის დაბრუნება იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპონენტი და მე ამ შეფასებაში ვცდილობ, ვიყო მაქსიმალურად რბილი. ეს იყო ერთ-ერთი რთული კომპონენტი ბიზნესსა და სახელმწიფოს ურთიერთობას შორის. ჩვენ ბოლო თვეებმა გვაჩვენა, რომ ჩვენმა ინიციატივამ დღგ-ს დაჩქარებული წესით დაბრუნების შესახებ, მოგვცა კონკრეტული შედეგები,“ – განაცხადა ბახტაძემ.

მიის თქმით, ამის ფონზე მილიარდ ნახევარზე მეტის დაბრუნება მოხდება უახლოეს მომავალში.

მინისტრთა შემადგენლობას პარლამენტში დაჩქარებული წესით უსმენენ. მთავრობის პროგრამის განხილვა დეპუტატებმა, რეკორდულად მოკლე დროში ერთ დღეში უნდა მოასწრონ.