მარიამ კუბლაშვილი – ”პრემიერი მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს”

მარიამ კუბლაშვილი - ”პრემიერი მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს”საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მისი ოჯახის უფლებადამცველთან დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ მისცა პირობა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

„შეხვედრა დასრულდა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია, მოხდა აქცენტირება ყველა დეტალზე, პრემიერ-მინისტრი გვისმენდა, აშკარა იყო, რომ მან იცოდა ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები, მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს, უახლოეს პერიოდში, პირობა ძალიან რთულია მისი მხრიდან, ჩვენს მოთხოვნებს, იმას, რა დეტალებზეც მე ვისაუბრე, უშუალოდ შეისწავლის კიდევ ერთხელ და მოხდება რეაგირება.

კითხვებზე, რომლებიც მქონდა, მან პასუხი გასცა, მან ასეთი პასუხი გაგვცა, ვინაიდან უშუალოდ მოვითხოვეთ მასთან შეხვედრა, აქედან გამომდინარე ეს მზაობა მიიღო და საპასუხო რეაგირება იქნება, ჩვენი შეხვედრა მოხდა ცალ-ცალკე მხარეების გადაწყვეტილებით, ჩვენ მივიღეთ სამძიმარი, ეს იყო მშვიდობიანი შეხვედრა.

კონკრეტული შედეგი, რომ გამოვედით და ხვალ დაისჯება დამნაშავე, ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და მოხდება რეაგირება. ეს იყო მისი ადამიანური, პირადი პირობა, რომ ამ საკითხზე იგი გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ხვალიდან რა უნდა იყოს, კონკრეტული დეტალები თავისი მოქმედებების მას არ გაუმხელია, ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, თუ ჩვენ ვერ ვიპოვით სამართალს, აქციები ცხადია იქნება კიდევ უფრო მასშტაბური, მიეცა გონივრული ვადა, დაახლოებით 10-14 დღე, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.