“რუსეთმა პანკისის წაღება გადაწყვიტა” – ვინ შემოუშვა საქართველოში რამზან კადიროვის ხალხი

"რუსეთმა პანკისის წაღება გადაწყვიტა" - ვინ შემოუშვა საქართველოში რამზან კადიროვის ხალხი15 ივნისს, რამადანის დღესასწაულზე, პანკისის ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, შსს-მ ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა.
ხეობაში სიტუაცია რუსული სანომრე ნიშნებიანი მანქანების გამოჩენას მოჰყვა. მანქანებზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მამის, ახმედ კადიროვის დიდი სურათი იყო გაკრული. მანქანებში მყოფები ხმამაღლა გაჰყვიროდნენ: “ახმადი ძალაა”.
მოგეხსენებათ, რომ პანკისში სალაფიტებიც ცხოვრობენ. ისინი რამზან კადიროვს თავიანთ მტრად მიიჩნევენ. სალაფიტების მიმართ ღია აგრესიას გამოხატავს თავად კადიროვიც.
სოფლების, დუისის და ბირკიანის მოსახლეობის ნაწილმა მოითხოვა, რომ მანქანებიდან ახმად კადიროვის ფოტოები მოეხსნათ. ამ მოთხოვნას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივების, სასულიერო პირების და სპეცრაზმის ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა.
ქართულმა სპეცსამსახურებმა ახლა ალბათ ის უნდა გაარკვიონ, ვინ და რა მიზნით აფრიალა ქართველების მოსისხლე მტრის, რამზან კადიროვის მამის ფოტო საქართველოს ტერიტორიაზე.
ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, რომ რუსეთმა პანკისის მიმართულებით სერიოზული პროვოკაცია დაგეგმა და თუ ჩვენი ხელისუფლება დროულად არ იმოქმედებს, შესაძლოა, ხეობა დავკარგოთ.
რა მიზანს ემსახურებოდა პანკისში მომხდარი პროვოკაცია, როგორ ახერხებენ პროვოკატორები საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას, რატომ არ მუშაობს თბილისი კავკასიელებთან? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
ზაალ კასრელიშვილი:
– უკვე წლებია ვამბობ, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე რელიგიური ნიშნით კონფლიქტის დაწყებას აპირებს. ეთნოკონფლიქტები დიდი ხანია აღარ არის რეზონანსული. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამის მცდელობას ჰქონდა ადგილი პანკისის ხეობაში.
ყველამ კარგად იცის, რომ ვაჰაბიტები და კადიროვი ერთმანეთს ვერ იტანენ. ჩეჩნეთის მეთაურს მათთვის ბრძოლა აქვს გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, ხეობის მოსახლეობის ნაწილი უარყოფითად შეხვდა იქ ახმად კადიროვის ფოტოების გამოჩენას.
– მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კადიროველებს სალაფიტები დაუპირისპირდნენ. თქვენ ამბობთ, ვაჰაბიტების გაღიზიანება გამოიწვიაო.
– ვაჰაბიტები და სალაფიტები ერთი და იგივეა. ამ მიმდინარეობის დაამარსებელია მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბი. ისლამის ეს მიმდინარეობა გამოირჩევა თავისი უკიდურესად რეაქციული ხასიათით.
ვაჰაბიტები ანუ სალაფიტები ქადაგებენ რელიგიური სიწმინდის დაცვას, ფუფუნების უარყოფას, სიმღერის, ცეკვის, თამბაქოს მოწევის აკრძალვას, ღვინის სმისგან თავის შეკავებას. მთავარი იდეაა ერთიანი მუსლიმანურ-სუნიტური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ისინი მიიჩნევენ, რომ ზედმიწევნით კარგად იციან ყურანი.
– გასაგებია, რომ ვაჰაბიტები მტრულად შეხვდნენ ახმად კადიროვის ფოტოს გამოჩენას. ამ ფოტოს არც საქართველოს სხვა ტერიტორიებზე უნდა შეხვედროდნენ გაგებით.
– მე არ მსმენია, რომ ახმად კადიროვის ფოტოიან მანქანებს სადმე ტაში დაუკრეს. ეს მანქანები გამოჩნდნენ პანკისში და იქაურებს სრულიად ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. მართალია, ეს რეაქცია ადეკვატური იყო, მაგრამ ამას შესაძლოა ძალიან ცუდი პროცესები მოჰყოლოდა.
– ეს მანქანები საქართველოში როგორ მოხვდა? რატომ შემოუშვეს ეს ხალხი ქვეყანაში? არ იცოდნენ, რომ ამას დაპირისპირება მოჰყვებოდა?
– მეეჭვება, რომ მანქანებმა საქართველოს საზღვარი ასე გადმოლახეს. საზღვარზე ახმად კადიროვის ფოტოებიან მანქანებს არავინ გამოატარებდა.
– დარწმუნებული ხართ, რომ არ გამოატარებდნენ?
– ძალიან მინდა, რომ ასე იყოს. თუ საზღვარზე ასე შემოვიდნენ, მაშინ იმაზე ცუდად ყოფილა საქმე, ვიდრე მე მგონია. საქმე კი მართლა რთულად არის.
– წესით, ჩვენს ტერიტორიაზე არც იმ მანქანებს უნდა უშვებდნენ, რომლებსაც გიორგის ბაფთა ამშვენებს, მაგრამ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემოდიან.
– ძალიან ცუდია რომ შემოდიან. ამას სერიოზული მიხედვა სჭირდება. ეს სათანადო სამსახურებმა უნდა გააკეთონ.
– რატომ არ აკეთებენ?
– სანამ პოლიტიკური ნება არ იქნება, ამას ვერც შსს გააკეთებს, ვერც სუსი და ვერც თავდაცვის სამინისტრო. 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე გავიძახი, რომ ლუსტრაციის კანონის მიღებაა საჭირო. ამ კანონს არ იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის აგენტურასთან ბრძოლა არ იქნება.
რატომ არ იღებს პარლამენტი ლუსტრაციის კანონს, ამას ვფიქრობ, თქვენი მკითხველი ძალიან კარგად ხვდება.
– რუსეთი უკვე წლებია, ცდილობს პანკისის ხეობაში სიტუაცია აურიოს. აქამდე არაფერი გამოუვიდა. ახლა გამოუვათ?
– ახლა ძალიან მძიმედ არის საქმე. რუსეთი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს. ახლა მას ჰაერივით სჭირდება პანკისში არეულობა.
– რუსეთს წინა წლებშიც უნდოდა არეულობა, მაგრამ არ გამოუვიდა.
– ახლა, როგორც უკვე გითხარით, ამის გაკეთება ჰაერივით სჭირდება.
– ახლა რა ხდება?
– ადრეც არაერთხელ განმიცხადებია და ახლაც გავიმეორებ, რომ აფხაზეთი, სამაჩაბლო და პანკისი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიებია. ამ ტერიტორიებზე თუ თავისი სამხედრო ბაზები ეყოლება, მთელ კავკასიას გააკონტროლებს.
სამხრეთ კავკასიაში რუსეთს ჰყავდა ერთადერთი მოკავშირე – სომხეთი. იქ ახლა რადიკალურად შეიცვალა ვითარება და სომხეთის სათავეში პროდასავლური ძალები მოვიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერევანი მოსკოვის ყველა ნება-სურვილს აღარ შეასრულებს.
მოსკოვს, ბუნებრივია, არ აწყობს სომხეთის დაკარგვა და ამიტომაც შეეცადა, იქაც დაეძაბა ვითარება. მე წინა ინტერვიუში გითხარით, რომ სირიის მიერ აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარების უკან იდგა სომხური ლობი, რომლის ლიდერიც კრემლში ზის.
რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა სომხების გარეშეც სთხოვდა სირიას სოხუმის და ცხინვალის აღიარებას, მაგრამ სპეციალურად წამოწიეს წინ სომხური ლობი. ეგონათ, რომ ქართველებსა და სომხებს შორის კონფლიქტი დაიწყებოდა. ეს არ გამოუვიდათ.
ვერც თბილისში მიმდინარე აქციებით მიაღწიეს სასურველ შედეგს. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ პანკისის ხეობაში აერიათ სიტუაცია. საქართველოს თუ არევენ, ამით სომხებსაც ასწავლიან ჭკუას.
– საქართველოში სიტუაციას არევენო, ამბობთ, მაგრამ წინა ინტერვიუებში თავად ამბობდით, რომ კრემლს აქ არეულობის მოწყობა აღარ გაუვაო. თქვენივე თქმით, დღეს საქართველოს ფასი ერთი ასად არის გაზრდილი და აქ არეულობა არავის აწყობს.
– საქართველოს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მართლაც არ სურთ საქართველოში არეულობა. ისინი ამისთვის ბევრ რამეს აკეთებენ. უსაქმოდ არც კრემლია. მათთვის აქ არეულობის მოწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მოსალოდნელ საფრთხეებს და სათანადო ზომებს არ ღებულობს.
– სათანადო ზომების მიღებაში რას გულისხმობთ?
– პირველ რიგში უნდა მიიღონ კანონი ლუსტრაციის შესახებ. სხვანაირად ხელისუფლებას უცხო ქვეყნების აგენტურისგან ვერ გავწმენდთ.
სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული კანონი სახელმწიფო ღალატის შესახებ. ჩვენ დღეს იმის განმარტებაც კი არ გვაქვს, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს ღალატი. აქედან გამომდინარე როგორ გინდა აგენტები, ქვეყნის მტრები და მოღალატეები გამოავლინო.
– მათი გამოვლენა სპეცსამსახურების საქმეა.
– ზევითაც გითხარით, რომ პოლიტიკური ნება თუ არ იქნება, მოღალატეებს ვერცერთი სამსახური ვერ გაუმკლავდება. და სანამ ნება არ იქნება, მანამდე თბილისშიც აგირევენ სიტუაციას და, შესაძლოა, პანკისიც წაიღონ.
– პანკისი უნდათ წაიღონო, ამბობთ, როგორ უნდა მოხდეს ეს? ხეობაში ქართველებსა და ქისტებს შორის არ მომხდარა უთანხმოება. ერთმანეთს კადიროველი და ვაჰაბიტი ჩეჩნები დაუპირისპირდნენ.
– სწორედ ესაა რუსეთის მზაკვრული ჩანაფიქრი. აბა გაიხსენეთ, თავის დროზე რა მოხდა ჩეჩნეთში. რუსეთმა თავისი აგენტურის დახმარებით, ჩეჩნეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა ვაჰაბიტების და დანარჩენი მუსლიმების დაპირისპირებად წარმოაჩინა.
შამილ ბასაევი, რომელიც რუსეთმა 1992-1993 წლებში აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა, 90-იანი წლების ბოლოს რამზან კადიროვის მამასთან დააპირისპირა. რომელიც თავის მხრივ ვაჰაბიტებს არ სწყალობდა.
ამ დაპირისპირებამდე მოსკოვმა ინგუშებსა და ჩეჩნებს შორის ჩამოაგდო უთანხმოება. ისინი ერთად რომ ყოფილიყვნენ და ერთად ებრძოლათ დამოუკიდებლობისთვის, მოსკოვი მათთან ვერაფერს გააწყობდა.
– ჩეჩნების და ინგუშების ერთობლივი სახელმწიფო როგორ წარმოგიდგენიათ? ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
– ეს განსხვავება დიდი არ არის. ჩეჩენი და ინგუში ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც ქართლელი და კახელი.
ისევე, როგორც თავის დროზე ჩეჩნეთში, ახლა პანკისში კრემლი მუსლიმებს შორის დაპირისპირების მოწყობას ცდილობს. სხვათა შორის, სირიაშიც ამ საბაბით შევიდა და პანკისში რომ რამე მოხდეს, აქაც შემოვა.
იმ შემთხვევაში, თუ პანკისიც დაიკავეს, ჩათვალეთ, რომ მთელ კავკასიას გააკონტროლებენ.
უკვე წლებია, ვეხვეწები ჩვენს ხელისუფლებას, რომ იმუშაონ კავკასიელებთან. სამეზობლო პოლიტიკა რომ აუცილებელია, ამაზე დასავლეთმაც მიგვითითა. ახლა მაინც გააკეთონ რამე.
როგორც წესი, მე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს არ ვერჩი, მაგრამ შერიგების და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრზე აუცილებლად უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა – ეს ქალი და მისი სამინისტრო არაფერს არ აკეთებენ.
– თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთონ?
– კავკასიელებს უნდა დაელაპარაკონ. მთელი კავკასია ჩვენ გვიყურებს. ინგუშები და ჩეჩნები ყოველთვის საქართველოს მხარეს იყვნენ, ახლა საპირისპირო სურათია.
– ეგრე ოსები სულ ჩვენს მხარეს იბრძოდნენ, მაგრამ დღეს მოსისხლე მტრებად იქცნენ.
– ვერ დაგეთანხმებით, რომ ოსები ჩვენი მოსისხლე მტრები არიან. ცხინვალში მცხოვრებლებს მე ოსებად არ ვთვლი. ნამდვილი ოსები ცხოვრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში და ისინი საქართველოს წინააღმდეგ არასდროს წასულან.
ჩვენს ხელისუფლებებს მათთან რომ ემუშავათ, ვნახავდით, როგორ გაბედავდნენ ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებას. ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა ალბათ ისიც არ იცის, რომ ოსეთში არის ხალხი, რომლებიც ალანიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობაზე ოცნებობს.
– ისე, ალალი იქნებოდა რუსეთზე, საქართველომ ჩრდილოეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რომ აღიაროს.
– ამის დროც მოვა. რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნეთის და ინგუშეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამოყენებაც შეიძლება. დიდი შედეგი იქნებოდა, ჩერქეზებს. ყაბარდოელებს და პროდასავლურ სომხებსაც რომ დავლაპარაკებოდით.
ჩვენ არც აგენტების გამოვლენა გვინდა, არც კავკასიელებთან საუბარი და ამიტომაც ნუღარ გვიკვირს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავკარგეთ.
– ადრე არასდროს გითქვამთ, რომ ეს ტერიტორიები დავკარგეთ.
– იმიტომ, რომ მჯეროდა, რომ მათ დაბრუნებას შევძლებდით, დღეს შექმნილი რეალობა ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს, მეტსაც ვიტყვი, მალე პანკისსაც დავკარგავთ და შემდეგი ცხელი წერტილი იქნება ქვემო ქართლი.
– თქვენგან ასეთი პესიმისტური განცხადება მე არ მახსოვს.
– არ გახსოვთ იმიტომ, რომ ასე პესიმისტურად განწყობილი არასდროს ვყოფილვარ. გამოსავალი ამ ვითარებაშიც არის და ჩვენ მზად ვართ, კავკასიელებთან დავილაპარაკოთ, მაგრამ ამას ჩვენი ინიციატივით ვერ გავაკეთებთ,
ისედაც ბევრი რამე გავაკეთეთ ჩვენი ინიციატივით – ლაფანყურის სისხლიანი ოპერაციის შემდეგ ჩეჩნები ჩვენ დავამშვიდეთ. ახლაც შეიძლება ვითარების შეცვლა.
ყველამ იცოდეს, რომ როგორც კი საქართველო ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, მოსკოვი აფხაზეთს და სამაჩაბლოს ოფიციალურად მიიერთებს, პანკისის ხეობას კი წაიღებს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა