“კახეთში ვიყავით ექსკურსიაზე… მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ შეეძლო მძღოლს ასეთ ხმაურში მანქანის მართვა”

მეგი კავთუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

კახეთში ვიყავით ექსკურსიაზე. გრძელი და უსაფრთხო გზა ავირჩიეთ. მაგრამ მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ შეეძლო მძღოლს ასეთ ხმაურში მანქანის მართვა. მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, წარმოდგენაც არ მინდა. ვიცი, მეტყვით, სულ ეგრე იყოო, მაგრამ ბავშვობაში ვერ ვაცნობიერებდი და ახლა ცხადად ვხედავ, რომ ძალიან მაღალია ასეთ დროს ავარიის რისკი. ჩვენ კი, რატომღაც დარწმუნებულები, რომ ყველა მძღოლი ჯანსაღი და მდგრადი ფსიქიკისაა, ჩვენდაუნებურად ვუშვებთ უბედური შემთხვევების ალბათობას. რამდენიმე დღის წინ ტაქსის მძღოლმა გამომიცხადა, კლინიკური სიკვდილი მაქვს გადატანილი და საფრთხის მოახლოებას ისე ვგრძნობ, თვალდახუჭულსაც შემიძლია მართვაო. შეეცადა კიდეც, სანამ მშვიდად არ დავარწმუნე, რომ მჯეროდა მისი და ნიჭის დემოსტრირება არ ღირდა. მეორემ, დამტვრეული ქართულით გამომიცხადა, თურქეთის მოქალაქე ვარ, იქ კაცი მოვკალი და საქართველოს შევაფარე თავიო. გაჩერება რომ მოვითხოვე, დიდხანს უარზე იყო. მერე გამოტყდა რომ ქართველი იყო, ეს ისტორია მოიგონა და მგზავრების რეაქციებზე ერთობოდა.
აი, რა ვიცი, რომ ეგეთი მძღოლი არ შეხვდება ექსკურსიაზე მიმავალ კლასს? ან რა ვიცი, რომ მანქანას, რომელსაც მართავს მუხრუჭები უჭერს? …. ან რა ვიცი … ან რა ვიცი …. რამდენიც გინდათ, იმდენი რა ვიცი….
არადა სკოლებს შეუძლიათ მართონ რისკები. კერძოდ, ჰყავდეთ კონტრაქტორი მძღოლები, რომლებიც გამართული მანქანებით მოემსახურებიან კლასებს. მნიშვნელოვანია, ორგანიზატორმა კლასის დამრიგებელს და დანარჩენ მშობლებს წინასწარ დაუგზავნოს: ავტომანქანის სერია – ნომერი, ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლის მართვის მოწმობა, მანქანის ტექნიკური პასპორტი, რომლითად მშობლებს საშუალება მიეცემათ დაადგინონ, რამდენი ჯარიმა აქვს მათი შვილების პოტენციურ მძღოლს. ასევე, კარგი იქნება თუ შედგება იმ ისტორიული ძეგლების თუ ადგილების სია, სადაც მისასვლელი გზა გაფუჭებულია. სკოლებს შეუძლიათ თავად შეადგინონ ასეთი ნუსხა. ასევე, როცა არსებობს არჩევანის საშუალება, არც განიხილონ მოკლე გზა.
ეს ყველაფერი უბედური შემთხვევების რისკებს შეამცირებს. მშობლები და სკოლა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვანთა გაყვანას სკოლის შენობიდან.
და კიდევ, ბოლო წლებში დაწყებით კლასებში გავრცელებული პრაქტიკა, ანიმატორების წაყვანა ბავშვების გასართობად სრულიად არღვევს ექსკურსიის არსს და დანიშნულებას. ექსკურსია ის აქტივობაა, სადაც მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთად, საინტერესოდ, შედეგიანად უნდა ატარებდნენ დღეს. განსხვავებულ გარემოში ეცნობოდნენ ერთმანეთს, ამყარებდნენ ახალ კავშირებს, ერთად თამაშობდნენ წინასწარ დაგეგმილ თამაშებს და ა.შ. რათა ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ მეტი საერთო ჰქონდეთ ერთმანეთთან, ვიდრე იქამდე ჰქონდათ.
თუ ამ დღეს ვჩუქნით შვილებს, ვიყოთ ბოლომდე მათ გვერდით, შუამავლების გარეშე. ისე, როგორც ამას ბავშვები წარმოიდგენენ ოცნებებში. ბავშვები არ ოცნებობენ შეჟუჟუნებულ დედებზე, რომლებიც ერთმანეთთად ვახტანგურებს სვამენ ან მამებზე, რომლებიც, უკეთეს შემთხვევაში, სკოლასთან დაბრუნებულს მანქანით დახვდება.
ბავშვები ჩვენთან ურთიერთობაზე ოცნებობენ.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018