მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე სუსმა გამოძიება დაიწყო

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე სუსმა გამოძიება დაიწყოპანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება 31 მაისს პარლამენტთან გამართული აქციისას, მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “მას სუს-ში თავის აფეთქება ჰქონდა გადაწყვეტილი”.

„ნებისმიერი პირის მიერ მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადების შემთხვევაში, ტერორისტული აქტის ჩადენაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს”- უთხრეს “ნიუპოსტს” სუს-ში.

უცნობია, რა მუხლით ან როდის დაიწყო გამოძიება.

ცნობისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისი ნათქვამი ფრაზა მალევე განმარტა და აღნიშნა, რომ ეს ემოციების გამო თქვა.

“მე ჩეჩენი კაცი ვარ, ქართული კულტურით გაზრდილი. მე სხვა ადამიანებისგან განსხვავებით მიყვარს ეს საქართველო. ორჯერ მომიკლეს შვილი, ჩემთვის მოკვლაზე უფრო მძიმე მისი ტერორიზმში დადანაშაულებაა. ერთი წელი გარეთ არ გამოსულა. ფული შევაგროვე, რომ ოპერაცია გაეკეთებინა და გარეთ გამოსულიყო. ამათ კიდევ საწოლში ჩამიცხრილეს და ტერორიზმში დაადანაშაულეს. ამის მერე კიდევ მეუბნებიან, ეს რატომ თქვიო, ეს განცხადება რატომ გააკეთეო. ამ მუსლიმ კაცს თუ რაღაც წამომცდა, ამაზე კუდი მოაბეს. ეს არ არის კარგი საქციელი. შესაძლოა, ემოციურად გამომივიდა. შესაძლოა, ნებისმიერი ჩემს ადგილას ასე მოქცეულიყო, მაგრამ ეს რომ ჩემს ჩეჩენ ხალხს გაეკეთებინათ ჩემთვის, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და თემირლანს გავაყოლებდი ერთ ათას ადამიანს, მაგრამ მე ქართველ ხალხს არ გავუკეთებ და არც გავუკეთებდი“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.