”მან აფერისტი და რუსი ებრაელი მიწოდა” – შალელაშვილი სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს

”მან აფერისტი და რუსი ებრაელი მიწოდა” - შალელაშვილი სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს. საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც მან შალელაშვილი ივანიშვილის დახმარებით ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს მობრძანებისთვის. დღეს მინდა განცხადება გავაკეთო ძალიან მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხზე. სამწუხაროდ, არ მქონდა ნანახი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით – „აფერისტი და რუსი ებრაელი“ მიწოდა. პირადად მე, შოთა შალელაშვილს მიმაჩნია და ამას ვაფასებ როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას. თანამედროვე სამყარო შეთანხმდა რომ ამ ენაზე არათუ პოლიტიკოსები, არამედ თანამედროვე ადამიანები არ საუბრობენ. სააკაშვილის სულიერ მდგომარეობაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა და ამ 3 სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა. პირველი, როდესაც საუბრობს აფერისტობაზე, ეს არის ღირსების შემლახავი ნორმა, მეორე რასისტული და მესამე ანტისემიტური განცხადება გააკეთა.

ამ ტიპის შეურაცხყოფაზე კი, ვიწყებ პოლიტიკურ კამპანიას და შესაბამის პროცედურებს სააკაშვილის წინააღმდეგ. სამართლებრივ დონეზე, ჩემი რეაქცია იქნება მაქსიმალურად მკაცრი – ჩემმა იურისტებმა დაიწყეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის მზადება! ეს განცხადება ბუნებრივია გაიგზავნება იმ მრავალრიცხოვან ებრაულ ორგანიზაციებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განთავსებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-ის კონგრესის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში. სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან! იმედი მაქვს, ისინი გაემიჯნებიან ასეთ განცხადებებს და მოახდენენ კიდეც შესაბამის რეაგირებას. დიდი მადლობა მედიას, რომ გამოიჩინეთ ყურადღება!

დამატებით მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს რომელიც ბოლო დროს წამოიჭრა: 1. აუცილებლად მინდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ამ ადამიანის მიმართ, მე არასოდეს არ მქონია და არც მაქვს მასთან არანაირ ბიზნეს ურთიერთობა 2. რაც შეეხება ჩემს შვილს, ის მართლაც იყო ეჭვმიტანილი კიბერდანაშაულში აშშ-ში. იგი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, ველით სასამართლო გადაწყვეტილებას და ყველა მონაცემით ის იქნება გამართლებული. საბანკო ყადაღასთან დაკავშირებით კითხვა კი ძალიან ტექნიკურია, იყო ტექნიკური შეფერხება ბანკის მხრიდან, რაც მალევე მოგვარდა და დღეს არანაირი შეფერხება არ არსებობს” – აცხადებს შალელაშვილი.

სააკაშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ, აშშ-ის ტერიტორიაზე მომხდარ ყველაზე მსხვილ ჰაკერულ თავდასხმაში, რომელიც უდიდეს კიბერძარცვად ითვლება, „ქართული ოცნების“ წევრის შოთა შალელაშვილის შვილი მონაწილეობდა, რომელიც ფულს რუსი ჰაკერების დახმარებით იპარავდა. საუბარია დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზე, რომელიც სააკაშვილის თქმით საქართველოში შემოდიოდა და მისი გათეთრება ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდებოდა.