ნაჯა ორაშვილი – “12 მაისის მერე გაღვიძებაც კი აღარ მინდა”

ნაჯა ორაშვილი - "12 მაისის მერე გაღვიძებაც კი აღარ მინდა"ვენეციაში მყოფმა ნაჯა ორაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“მთელი ცხოვრება მძულდა ძილი და ამიტომ თითქმის არასოდეს მეძინა, უაზროდ დაკარგულ დროდ მეჩვენებოდა და სულ მქონდა განცდა, რომ ისედაც მოკლე დროში ბევრი რამე უნდა მომესწრო. ასევე მძულდა წარსული და ყოველი უკან მოტოვებული წამი, სულ მომავალზე ვფიქრობდი. 15 წლიდან ვმუშაობდი, ზოგჯერ 4-ზე მეტ სამსახურშიც კი, ვფიქრობდი შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი და ასეცაა, ყველა წარმოუდგენელი და უტოპიური ოცნების ასრულებაც შესაძლებელია თუ მოინდომებ. როდესაც ცვლილებებზე ვფიქრობდი არასდროს ვყოფილვარ სხვის იმედზე, განსაკუთრებით ხელისუფლების იმედზე, მეგონა ჩვენ უფრო მეტი შეგვეძლო ვიდრე მათ. ყველა ჩემი ბრძოლაც ხალხის კეთილდღეობას ემსახურებოდა და არასოდეს მიფიქრია პირად იტერესებზე.

არასოდეს მდომებია ამ ქვეყნიდან წასვლა, სხვებსაც კი დაბრუნებას ვთხოვდი, რადგან თბილისი განსაკუთრებული და ჯადოსნური ქალაქი მეგონა, ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენ შეგვეძლო ეს ქალაქი ისეთი ყოფილიყო, საიდანაც გაქცევა არავის მოუნდებოდა. ყველა სიტყვა თბილისზე ბავშვივით მიხაროდა და ავადსახსენებელი ტურიზმიც კი არ მიშლიდა ნერვებს.

ასეთი ვიყავი და ასეთი იყო ჩემთვის თბილისი 2018 წლის მაისამდე… და უცებ, ჩვენი ამდენი შრომა, იმედი და პოტენციალი გაურკვეველი და ჯერ კიდევ ამოუხსნელი მიზეზით კონკრეტული პირების მავნებლობას და ძალაუფლების წყურვილს გადაჰყვა. ამას გადაჰყვა ჩემი ოცნებებიც და მიზნებიც. 12 მაისის შემდეგ სულ წარსულზე ვფიქრობ, გაღვიძებაც კი აღარ მინდა და ვთვლი, იმაზე დიდი ბოროტება არ არსებობს, რასაც საზოგადოებაში ნიჰილიზმის და იმედგაცრუების დათესვა ჰქვია. სამწუხაროდ, 35 წლის მანძილზე პირველად გამიჩნდა ფიქრები სხვა ქვეყანაში გადასვლის, იმ ქვეყანაში სადაც შენს შრომას და მონდომებას აფასებენ.

2016 წლამდე ერთი ქავერი მეყენა, შემდეგ იყო იმედი დეკრიმინალიზაციაზე, თუმცა ამ სასტიკ მოცემულობაში უკვე არც ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტი მინდა და არც ეგეთი დეკრიმინალიზაცია, რომელსაც ცხოვრება შევწირე.

5 სხვადასხვა ქვეყნის უკანასკნელ სოფლებშიც კი როდესაც იგებენ რომ თბილისიდან ვარ, მეკითხებიან – ბასიანი? – აი, ამის განადგურება მოინდომეს, მაგრამ ვერ შეძლეს და ვერც შეძლებენ.

ამ ამბებამდე Resident Advisor-ის რჩეული სხვა დიდ ქალაქებთან ერთად პატარა თბილისიც გახდა, იმ მედია გამოცემის რჩეული, რომელმაც პირველად თქვა, რომ თბილისში ცეკვა პოლიტიკურია, თბილისის კლუბები კი მომავლის სცენაა. სწორედ ბასიანზე გაუჩნდათ მათ ახალი კონცეფციის შექმნის იდეაც, 29 ივნისს ჩემი საყვარელი არტისტები უკრავენ, პანელ- დისკუსიებში კი ჩვენი ქვეყნის და სცენის მომავალზე ვისაუბრებთ.

მინდა ყველა გნახოთ, ყველა ის ადამიანი ვინც ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებდით ამ სცენას და უკეთესი მომავლის გვჯეროდა, ვინც ქვიარ ადამიანებისა და ქალების გაძლიერებისთვის ვიბრძოდით, ვინც ერთმანეთზე ვზრუნავდით და ერთად ვცეკვავდით
და ჩვენი ქალაქის წარმატება გვიხაროდა, მინდა ერთმანეთი გავამხნევოთ და ერთად მოვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ეს საშინელი სევდა, თორემ მარტო მართლა ვეღარ ვუმკლავდები.”