ოჩამჩირეში ძმამ და ციხიდან გამოიყვანა და მოკლა

ოჩამჩირეში ძმამ და ციხიდან გამოიყვანა და მოკლაოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში ძმამ და მოკლა. მოკლული ქალი 4 შვილის დედაა, უმცროსი ჯერ კიდევ ჩვილია. მკვლელობა 9 ივნისს მოხდა, თუმცა ე.წ სამართალდამცავი უწყებების ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია არ გაჟღერებულა და მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, მოკლული ქალს 8 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი თავისი ქმრის ოჯახიდან ფულის მოპარვის გამო. განაჩენის გამოტანისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მას 4 შვილი ჰყავდა, მათ შორის ჩვილიც და განაჩენის აღსრულება მანამდე გადაწია, ვიდრე უმცროსი შვილი 14 წლის ასაკს არ მიაღწევდა .

დაკავების იზოლატორიდან ახალგაზრდა ქალი მისმა ძმამ წაიყვანა, მომდევნო დღეს კი ის პისტოლეტით მოკლა, შემდეგ სამართალდამცავებს ჩაბარდა და ბრალი აღიარა. ამ დროისთვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მამაკაცი წინასწარ პატიმრობაშია.

ერთი წლის წინ რობერტ ჯღამაზიამ თავისი 23 წლის გოგო ანჟელიკა ჯღამაზია მოკლა. რობერტ ჯღამაზიას ნათესავები, მაშინ აცხადებდნენ, რომ შვილის მკვლელობისკენ რობერტ ჯღამაზიას პარლამენტის დეპუტატმა ალმას ჯაპუამ უბიძგა, რომელმაც ჯღამაზიას შვილების „პატიოსნება ეჭქვეშ დააყენა.“ რობერტ ჯღამაზია გაასამართლეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიმდინარე წლის 12 მარტს, ვიკტორ ჯანბამ ავტომატით ჩაცხრილა თავისი მცირეწლოვანი შვილის დედა გულგაზ მამედოვა, ქალი ადგილზე დაიღუპა. მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.

ოჩამჩირეში მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმარება მოჰყვა. აფხაზი ფეისბუკმომხმარებელი ომარ კაპბა წერს, რომ ე.წ „ღირსების მკვლელობები“ ქალების წინააღმდეგ შურისძიების იარაღად იქცა:

„ღირსების მკვლელობა“ გახდა მშვენიერი ალიბი იმისთვის, რომ შური იძიონ ან უბრალოდ თავიდან მოიშორონ არასასურველი ქალი. ამ მხეცურ მკვლელობებს ჩადიან მამები და ძმები, რომლებიც გამოქვაბულის დროინდელი წარმოდგენების ან ვიღაც დაინტერესებული პირების გავლენის ქვეშ არიან .“- აცხადებს ომარ კაპბა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას .

ნიუპოსტი