ფარული ჩანაწერი, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერობა შეეწირა – რა მოხდა „ქართული ოცნების“ სხდომაზე

ფარული ჩანაწერი, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერობა შეეწირა – რა მოხდა „ქართული ოცნების“ სხდომაზე„ქართული ოცნების“ შეხვედრიდან „თაიმერისთვის“ კიდევ ერთი ექსკლუზიური დეტალი გახდა ცნობილი: თბილისის მერმა, კახი კალაძემ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა: – საქართველოში არ არის შექმნილი ის ვითარება, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენოთ, ის ღირსეული პრემიერია. ამის შემდეგ, როგორც ჩვენი წყარო ყვება, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას ჩანაწერი „აუფრიალა“, სადაც ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს ეუბნება, რომ მომიტინგეებმა პრემიერის კი არა, არამედ გახარიასა და წულუკიანის გადადგომა მოითხოვონ. საუბარია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ჩატარებულ სოლიდარობის აქციაზე, რომელშიც მონაწილეობას მოქალაქეებსა და სარალიძის თანამოაზრეებთან ერთად, ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები იღებდნენ.

როგორც „თაიმერის“ წყარო ამტკიცებს, სწორედ, ამ მოვლენების შემდეგ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ კვირიკაშვილისთვის თანამდებობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. უკვე ყოფილმა პრემიერმა, ხელისუფლებაში დიდი ცვლილებები დააანონსა.

timer.ge