რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლო პროცესი მოუგო – სკოლა მიმი ჩინეკეს 1.000 ლარს გადაუხდის

რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლო პროცესი მოუგო - სკოლა მიმი ჩინეკეს 1.000 ლარს გადაუხდისჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლო პროცესი მოუგო. საქმე ეხებოდა მის შვილთან დაკავშირებულ დისკრიმინაციის ფაქტს. იურიდიულ დახმარებას მათ „საფარი“ უწევდა.

„2016 წლის 8 თებერვალს, “საფარის” ბენეფიციარმა მიმი ჩინეკემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხებოდა რასობრივი კუთვნილების გამო შევიწროებას.

მიმი ჩინეკე იყო 130-ე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. იგი თანაკლასელებისა და სკოლის სხვა მოსწავლეების მხრიდან ხშირად ხდებოდა რასობრივი ნიშნით შევიწროების მსხვერპლი. აღნიშნულის შესახებ იცოდა მიმი ჩინეკეს დამრიგებელმა. მას ჰქონდა კლასელების შერიგების მცდელობა, თუმცა, მისი მხრიდან გატარებული ღონისძიებები ეფექტური არ აღმოჩნდა. დამრიგებელმა არ აუხსნა მოსწავლეებს რასიზმის და მისი მავნებლობის შესახებ. საბოლოოდ, მომხდარმა ფაქტმა მიმი ჩინეკე აიძულა, გადასულიყო სკოლიდან, რადგან მიხვდა, რომ ასეთ მტრულ გარემოში სწავლას ვეღარ განაგრძობდა. მიმი ჩინეკეს დედის, რუსა ამირეჯიბის მხრიდან ახსნა-განმარტებების მოთხოვნის შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციამ აქცენტი მიმი ჩინეკეს აკადემიურ მოსწრებაზე გააკეთა და მიმი ჩინეკეს შევიწროების ფაქტების მიმართ სკოლის პასუხისმგებლობა არ დაადასტურა.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია რასობრივი ნიშნით, ასევე კანის ფერის საფუძველზე, რითიც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპი. ასევე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მის მიმართ განხორციელებულმა შევიწროებამ მას ხელი შეუშალა განათლების უფლების განხორციელებაში და დაირღვა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლები.

სკოლის მიერ რასობრივი შევიწროების ფაქტების იგნორირებამ ხელი შეუშალა მიმი ჩინეკეს, მიეღო სრულფასოვანი განათლება, და ძირითადად, მისი ყურადღება მიპყრობილი იყო რასობრივი შეურაცხყოფებისგან თავის დაცვისკენ.

მოსარჩელემ სასამართლოსაგან მოითხოვა დისკრიმინაციული ქმედების (უმოქმედობის) აღმოფხვრა და მორალური ზიანის სანაცვლოდ მოსარჩელისათვის 5.000 ლარის გადახდა. სარჩელში მითითებულია, რომ არასრულწლოვანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია დისკრიმინაციული გარემოს შექმნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე ასმათ კოხრეიძემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაამტკიცა, რომ მას არ განუხორციელებია დისკრიმინაცია, ხოლო მოსარჩელემ ვერ შეძლო, წარმოედგინა ის მტკიცებულებები, რომელიც დისკრიმინაციის განხორციელების ვარაუდს შექმნიდა.

ეს გადაწყვეტილება “საფარმა” თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძის გადაწყვეტილებით, მიმი ჩინეკესთვის დისკრიმინაციის ფაქტით მიღებული მორალური ზიანის ანაზღაურება, 1.000 ლარის ოდენობით, სკოლას დაეკისრა.”- აღნიშნულია “საფარის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიუპოსტი