სერგი კაპანაძე – “ჩვენ ნებისმიერ ადამიანს დავკითხავთ, ვისაც საჭიროდ ჩავთვლით” – დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი იქნება, მდივანი – ოთარ კახიძე

სერგი კაპანაძე - "ჩვენ ნებისმიერ ადამიანს დავკითხავთ, ვისაც საჭიროდ ჩავთვლით" - დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი იქნება, მდივანი - ოთარ კახიძე“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კომისიის მუშაობის დეტალებზე საუბრობს.
– ბატონო სერგი, პირველ რიგში გვითხარით, კომისიამ პირველ სხდომაზე რა საკითხები განიხილა?
– პირველი სხდომა, როგორც წესი, საორგანიზაციო საკითხებს დაეთმო. სხდომაზე ასევე მივიღეთ საგამოძიებო კომისიის დებულება, რომელიც ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება. კომისიას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი ეყოლება.
– ვინ იქნებიან?
– კომისიის თავმჯდომარის მოადგილე “ქართული ოცნებიდან” ანრი ოხანაშვილი იქნება. კომისიის მდივანი კი – “ევროპული საქართველოდან” ოთარ კახიძე. კომისია მომავლი კვირიდან აქტიურად იწყებს სხდომების ჩატარებას.
– გამოკითხვებს?
– დიახ, მაგრამ ჩვენი აქტივობები პირდაპირ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოვა კომისიაში მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, პროკურატურიდან და სასამართლოდან. წერილები უკვე დაგზავნილი გვაქვს და უმოკლეს ვადაში ველოდებით პასუხებს კომისიაში. როგორც კი მასალები შემოვა, უკვე შეგვეძლება, რომ დავიწყოთ ერთი მხრივ მასალების გაცნობა და მეორე მხრივ იმ გეგმის შედგენა, თუ ვინ როდის უნდა მოვიდეს კომისიის სხდომაზე.
– ვინ შეიძლება იყოს დასაკითხ პირთა წრეში, შეიძლება თუ არა ისინი იყვნენ მოქმედი მაღალჩინოსნები, მაგალითად, პრემიერი?
– წინასწარ შეუძლებელია ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ ადამიანზე შეიძლება გავიდეთ. ეს არასერიოზული იქნებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ პრინციპის დონეზე შემიძლია გითხრათ: თუ გამოიკვეთება ნებისმიერი პირის მონაწილეობა, არ აქვს მნიშვნელობა არც ამჟამინდელ თანამდებობას, არც ყოფილ თანამდებობას, არც მის გავლენას, არც მის პოლიტიკურ წონას თუ ფინანსურ მდგომარეობას და ა.შ. ჩვენ მას აუცილებლად მოვიყვანთ სხდომაზე.
რაც შეეხება კონკრეტულ გვარებს, რომლებიც აქამდე ვრცელდებოდა, ბატონი შოთაძე, ბატონი სუბელიანი და სხვები, რა თქმა უნდა, ისინი გამოძახებულები იქნებიან იქიდან გამომდინარე, ამ წუთში რა საჯარო ინფორმაციაც არსებობს.
– თუ არ მოვიდნენ, კომისიის მუშაობაში ხელშეშლა თუ მოხდა, კომისიას რა ბერკეტი აქვს?
– კომისიას შეუძლია გადაწყვეტილებები გამოსცეს, რეკომენდაციები მიიღოს, მიმართვები მთავრობის მიმართ კონკრეტული ქმედებების გასატარებლად. ეს ქმედებები შეიძლება ეხებოდეს კონკრეტული ადამიანების დაკავებას, საქმიანობის შეზღუდვას და ა.შ. შესაბამისად, არსებული ინსტრუმენტების გათვალისწინებით ვიმოქმედებთ თუ მათი მხიდან დაუმორჩილებლობა იქნება. კანონი კი მათ ავალდებულებთ, რომ კომისიის სხდომაზე მოვიდნენ.
– სხვა პირების გამოკითხვა როდის მოხდება?
– ეს დამოკიდებულია კონკრეტულად იმაზე, თუ როდის შემოვა კომისიაში გამოთხოვილი მასალები. ამის მიხედვით შედგება დასაკითხ პირთა გეგმა. მასალების შემოსვლის გარეშე, მოუმზადებლად დაკითხვის წარმოება შეუძლებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას დავიწყებთ ამ პროცესს. ერთი სიტყვით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მასალებზეა დამოკიდებული.
ძალიან ინტენსიურ მუშაობას ვაპირებთ. შეიძლება კვირაში რამდენიმე სხდომა ჩავატაროთ, რამდენიმეზე მეტიც კი არის შესაძლებელი, მაგრამ ეს იქნება ძალიან ინტენსიური მუშაობა. კანონით განსაზღვრულია, რომ თვეში მინიმუმ ორი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ, მაგრამ ეს სასაცილოა, რადგან ასეთი ტიპის საქმეს გაცილებით მეტი რაოდენობის შეხვედრა სჭირდება. ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება.
– ადა მარშანიამ კომისია დატოვა და ულტიმატუმი დააყენა. ან კომისიამ გააფართოვოს საქმეები და სხვა საქმეებიც გამოიძიოს, კონკრეტულად კი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები ან ალტერნატიული კომისია შეიქმნასო.
– ქალბატონმა ადამ პოლიტიკური მასკარადი, პოლიტიკური შოუ მოაწყო საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებაში ის თავისუფალია, ეს მისი არჩევანია. კომისია მუშაობს კონკრეტულად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და მის ირგვლივ არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რომ არანაირი მანდატის გაფართოება ამ კომისიის ფარგლებში არ მოხდება, ეს შეუძლებელია. ეს ძალიან კარგად იცის ადა მარშანიამ, მაგრამ მაინც გამოიყენა შესაძლებლობა პოლიტიკური შოუს მოსაწყობად. თუ ის დატოვებს კომისიის შემადგენლობას, არ ვფიქრობ, რომ ამით კომისია დიდად დაზარალდეს.
– ზაზა სარალიძემ თქვა, რომ ეკა ბესელიამ შეურაცხყოფა მიაყენა და მას სასაუბროდ არ დაუჯდება.
– მე ძალიან კარგად მესმის ბატონი ზაზას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. თავის დროზე კარგი იქნებოდა, რომ “ქართულ ოცნებას” შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ახლა კომისია გააგრძელებს მუშაობას. როგორც ზაზა სარალიძის, ასევე ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობა იქნება. აქედან გამომდინარე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბესელია, ამას ვნახავთ. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ან თავისი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, ან თავისი ეგოდან გამომდინარე, როგორმე გააჭიანურებს ამ კომისიის მუშაობას. თვითონ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება ბესელიასთან დაკავშირებით.
– რამდენ ხანში დადებთ დასკვნას?
– კომისიის ფორმალური ვადა სამი თვეა, მაგრამ ჩვენ მუშაობას ინტენსიურად ვაპირებთ, რომ რაც შეიძლება მალე უკვე პირველი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.
– მთავარი პროკურორის შერჩევაზე და კანდიდატებზეც უნდა გკითხოთ. თქვენმა პარტიამ შალვა შავგულიძე წარადგინა ამ პოსტზე. რამდენად რეალურია, რომ ხელისუფლება ამ დათმობაზე წავიდეს?
– მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შერჩეულ იყოს ისეთი მთავარი პროკურორი, რომელსაც აქვს ცოდნა, კვალიფიკაცია, მონდომება, გამოცდილება და, რაც მთავარია, საზოგადოების ნდობა, რომ ასეთი ტიპის გახმაურებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, რომ არ მოერიდოს არავის, ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას, რაც შეიძლება ამ საქმეზე იკვეთებოდეს. პირველი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ასეთი ტიპის ადამიანად, ამ ტიპის პროფესიონალად ჩვენ შალვა შავგულიძე მიგვაჩნია.
შალვა შავგულიძე არ არის ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არ არის ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი, ამას ვამბობ ხაზგასმით, ის თავის დროზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იყო, მაგრამ მან თავისი საქმიანობით მთელი რიგი მიმართულებებით აჩვენა, მათ შორის გახმაურებულ საქმეებზე, თუ როგორი პრინციპული ადამიანია. სწორედ აქედან გამომდინარე წარვადგინეთ ჩვენ ის. ბატონი შალვა თუ გახდა მთავარი პროკურორი, ამ კონკრეტულ ეპიზოდში არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა, თუ ვინ არის მისი წარმდგენი. ახლა მთავარია, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, საზოგადოებამ შედეგი მივიღოთ.
– არასამთავრობო სექტორი შერჩევის პროცესს ემიჯნება და წულუკიანის გადადგომას ითხოვს. თქვენი პარტიის პოზიცია როგორია?
– რაც შეეხება წულუკიანის როლს ამ სისტემაში, ქალბატონი წულუკიანის გადადგომას დიდი ხანია, “ევროპული საქართველო” ითხოვს. ჩვენი არც ერთი განცხადება არ გასულა პარლამენტის ფარგლებში, რომ ეს არ მოგვეთხოვოს. ეს ბუნებრივი მოთხოვნაა, რადგან მან აჩვენა, რომ ის შეუფერებელია ამ თანამდებობისთვის. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ის უნდა გადადგეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, შედეგი მივიღოთ. შედეგი კი არის ისეთი მთავარი პროკურორი მივიღოთ, რომელიც ამ საკითხებს ბოლომდე მიიყვანს.
რაც შეეხება პროცედურებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებას თუ სხვა წინადადებებს, როგორ უნდა შეიცვალოს მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურა, ამ შემთხვევაშიც, რასაკვირველია, ჩვენ მეტი გამჭვირვალობის, მეტი ჩართულობის, მეტი საზოგადოებრივი აქტივობის მომხრე ვართ, მაგრამ ეს ყველა საკითხი ერთმანეთს არ უნდა მივაბათ, რათა მთავარს არ ავცდეთ.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა