შალვა შავგულიძე – “მთავარი პროკურორობა ჩემი ცხოვრების დღის წესრიგში არ დგას”

შალვა შავგულიძე - "მთავარი პროკურორობა ჩემი ცხოვრების დღის წესრიგში არ დგას"“თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე შალვა შავგულიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სამთავრობო ცვლილებებზე და მთავარი პროკურორის კანდიდატობის შეთავაზებაზე საუბრობს.
– ბატონო შალვა, თქვენ როგორ აფასებთ სამთავრობო ცვლილებებს, რას მოიტანს ეს პროცესი? ცვლილებები უნდა შეეხოს მხოლოდ ეკონომიკურ გუნდს თუ ძალოვანებსაც?
– ნათელია, რომ ამ ცვლილებებს ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილი ახლორციელებს, ამიტომ, ამ ცვლილებებიდან სასიკეთოს არაფერს ველოდები.
რასაკვირველია, ცვლილებები მხოლოდ კაბინეტის ეკონომიკურ ნაწილს არ უნდა შეეხოს. თუკი, რამე საკითხი მწვავედ დადგა, საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია, რამაც კვლავ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, ეს არის სამართალწარმოების სფერო. პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით, სამართლიანობის მოტანის დროშით მოვიდა, ეს დანაპირები აბსოლუტურად უგულვებელყო და არ შეასრულა.
მეტიც, მან ინსტიტუციურად საკუთარ კონტროლქვეშ დაიტოვა წინა ხელისუფლების მსგავსად, როგორც სამართალდამცავი სისტემა, ასევე სასამართლო სისტემა. პერსონალურადც კი ვერ შეელია იმ პროკურორებს, იმ გამომძიებლებს, იმ მოსამართლეებს, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ წინა ხელისუფლების მსახურებით და არა – კანონის მსახურებით. ეს პერსონები დაიტოვა, დააწინაურა კიდეც და ჩააბარა ეს უწყებები.
“ქართული ოცნების” პოლიტიკა ასეთი გამოდგა: ცუდი იყო ნაციონალური მოძრაობის ხელში მართვადი პროკურატურა, მართვადი პოლიცია, მართვადი სასამართლო, მაგრამ ძალიან კარგია ჩვენს ხელში. ამას რომ ვხედავდი ცხადად, იმიტომ დავტოვე ხელისუფლება და გადავედი ოპოზიციაში.
– თქვენ ამბობთ, სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობა კაბინეტის ძალოვანმა ნაწილმაც უნდა აიღოს?
– რა თქმა უნდა, და ეს პასუხისმგებლობა, თუკი უფრო დავაკონკრეტებთ, იუსტიციის სამინისტროს ეკისრება, იუსტიციის მინისტრს, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს. მთავარი პროკურორი შოთაძე გადადგა იმიტომ, რომ მან აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, იმაზე, რომ საზოგადოებას არ აქვს ნდობა პროკურატურის საქმიანობის მიმართ. შოთაძისთვის დანაშაული არ დაუდასტურებიათ, ის თანამდებობიდან სწორედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო გადადგა და მან აპოლიტიკური თანამდებობა დატოვა.
პროკურატურა იუსტიციის სისტემაში შედის. ამ სისტემაში კი პოლიტიკური თანამდებობის პირი იუსტიციის მინისტრია. ამდენად, ლოგიკურია არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა, რომელსაც ფართო საზოგადოება უერთდება, რომ სწორედ უპირველესად იუსტიციის მინისტრია პოლიტიკურად პასუხისმგებელი ამ სფეროს საქმიანობაზე. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გატარებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა არათუ ვერ უზრუნველყო სამართალდამცავი სფეროს, პროკურატურისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა, არამედ ინსტიტუციურად პოლიტიკური ძალის ნებას კიდევ უფრო მეტად დაუქვემდებარა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ “ქართული ოცნება” იუსტიციის მინისტრ წულუკიანს ვერ შეელევა?
– “ქართული ოცნება” თავის პოზიციებში ლოგიკური უნდა იყოს. მათ თუ მიიღეს მთავარი პროკურორის გადადგომა სწორედ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, ეს პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრს უნდა დააკისროს. მით უფრო მაშინ, როდესაც სამთავრობო ცვლილებები ხორციელდება, იუსტიციის მინისტრი არ უნდა დარჩეს თანამდებობაზე. პიროვნულად თეა წულუკიანთან არავითარი დაპირისპირება არ მაქვს, აქ საუბარია იმ საქმიანობაზე, რომელზეც პასუხისმგებლობა მას ამ ქვეყნის მოქალაქეების წინაშე აქვს აღებული.
– “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორის ადგილი გამოვგლიჯოთ ხელისუფლებას, ჩვენ ამ თანმდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურა გვყავს წარდგენილიო. ბატონო შალვა, არაერთგვაროვანი შეფასები მოჰყვა, რომ სწორედ ბოკერიას გუნდმა წარგადგინათ ამ პოზიციაზე. რას უპასუხებთ მათ, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს?
– პირდაპირ გეტყვით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ახალი მთავარი პროკურორი, ეს ვიქნები მე, თუ ეს იქნება სხვა, მაგრამ ერთი ცხადია, მთავარი პროკურორი საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს. საზოგადოებას აუცილებლად უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ეს ადამიანი არანაირი პოლიტიკური გავლენების ქვეშ არ მოექცევა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებას მხილოდ კანონის საფუძველზე შეასრულებს. რადგან ხელისუფლებას დათმობაზე მოუწია წასვლა, ახლა ამას გამოყენება და ბოლომდე მიყვანა სჭირდება.
– ერთგვარ დისკომფორტს ხომ არ გიქმნით, რომ სწორედ “ევროპულმა საქართველომ” წარგადგინათ?
– არავითარ დისკომფორტს არ მიქმნის. მადლობა მინდა ამ პოლიტიკურ ძალას გადავუხადო, რომელთანაც არასდროს არაფერი არ მაკავშირებდა. პირიქით, მათი ოპონენტი ვიყავი ყოველთვის, ფაქტიურად სულ დაპირისპირება მიწევდა ჩემი საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე.
– მათი მხრიდან ამ შეთავაზებას მოელოდით?
– არა, სიმართლე გითხრათ, ამ პოლიტიკური ძალისგან ნამდვილად არ მოველოდი.
– თქვენი პარტიის განწყობა როგორია, მათ ხომ არ აქვთ კითხვები?
– არ მგონია, ასეთი მნიშვნელოვანი იყოს, ვინ წარადგენს. არც ის მგონია მნიშვნელოვანი იყოს, ვინ იქნება კანდიდატი. ახლა მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორმა, ოპოზიციურმა სპექტრმა, იურიდიულმა საზოგადოებამ კანდიდატებზე შეჯერება მოახერხოს და ეს კანდიდატები ხელისუფლებას წარუდგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” იმ კომფორტში დავტოვებთ, როდესაც ის მთელ ისრებს საზოგადოებისკენ მიმართავს, მას დაადანაშაულებს და იტყვის: თქვენ კანდიდატზე ვერ შეთანხმდით და ახლა ჩვენ დავნიშნავთ იმას, ვინც მიგვაჩნია საჭიროდ.
– თუნდაც იუსტიციის მინისტრი არ გადააყენონ თანამდებობიდან?
– ასეთ შემთხვევაში დათანხმება გამართლებული იქნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუკი მიღწეული იქნება ფართო საზოგადოებრივი თანხმობა, ვგულისხმობ ძირითად ოპოზიციურ სპექტრს, სამოქალაქო სექტორსა და იურიდიულ წრეებს, რომ მიუხედავად იმისა, ხელისუფლება საზოგადოების წინაშე გამოწვევით გამოდის და არ თმობს იუსტიციის მინისტრს, საზოგადოებამ მისი მონაპოვარი ბოლომდე მიიყვანოს.
– მზად რამდენად იქნებით, თუ მართლაც ამ დათმობაზე წავიდა ხელისუფლება და პროკურატურა ოპოზიციურად განწყობილ კანდიდატს ჩააბარა, ეს პასუხისმგებლობა აიღოთ?
– გულახდილად რომ გითხრათ, ჩემი ცხოვრების დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და არც დღეს დგას მთავარი პროკურორობა.
– რატომ?
– ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ურთულესი საქმის კეთება, მით უფრო დღეს.
თუმცა, ახლა ამ პოზიციის დათმობა და საკითხის ამგვარად დაყენება: სანამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლება არ შეიცვლება და ახალი მთავარი პროკურორი არ დაინიშნება, მანამდე უარი ვთქვათ, არ მგონია, სწორი იყოს. სამართლებრივ მექანიზმებზე უარის თქმა და მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში გადატანა გამართლებული არ არის. ვერ ვიზიარებ მოსაზრებას, რას შეძლებს ერთი მთავარი პროკურორი! ერთი ადვოკატი ვიყავი გირგვლიანის საქმეში, მაგრამ სამართლებრივად სწორად წარმოებულმა დაცვამ, რომელმაც ასახვა ჰპოვა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი დააყენა.
დღეს ყველაზე მეტად ხორავას საქმის გახსნა, ამ ტკივილზე პასუხის გაცემა მთავარ პროკურორს შეუძლია. რა მნიშვნელობა აქვს, შსს იძიებს თუ ვინ, ყველაფერი პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ არის. ამიტომ, ახლა ამაზე უარის თქმა, ასევე დროის ფაქტორის გათვალისწინებით, არ შეიძლება. გამოძიებისთვის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, თვეები თუ გავა, ამ საქმიდან არაფერი არ დარჩება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა