სოსო ცინცაძე – “იდეალური იქნება, კახიშვილი თუ გახდება მთავარი პროკურორი”

სოსო ცინცაძე - "იდეალური იქნება, კახიშვილი თუ გახდება მთავარი პროკურორი"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 10 ივნისის აქცია ნაციონალური მოძრაობის ერთგვარი დათვალიერება იქნება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. იზიარებთ ამ ვერსიას?
– არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას და აგიხსნით, რატომ. ამ აქციის მუხტი იმ შემთხვევაში იქნება მაღალი, თუ ამის საბაბი ექნება პირველ რიგში სარალიძეს და შემდეგ ყველა დანარჩენს. თუ სარალიძე გამოვა და იტყვის, მე კიდევ ერთხელ მომატყუეს, რასაც პრემიერი დამპირდა, არაფერი არ გააკეთა, მაშინ აქციის მუხტი გარანტირებულია, მაგრამ არ მგონია, რომ ხელისუფლებას, თავად კვირიკაშვილს იმდენი არ ჰქონდეს გააზრებული, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ამიტომ, ვიღაცას თუნდაც საჩვენებლად დასჯიან, მაგრამ ყველას დაპატიმრება და ციხეში გაშვება არარეალური მგონია. თუნდაც შოთაძე რომ წავიდეს ციხეში, ეს შეუძლებელი მგონია. ყველამ კარგად ვნახეთ, ივანიშვილმა, წულუკიანმა როგორ შეაქეს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ის ერთგვარად ხელშეუხებელია.
რაც შეეხება “დათვალიერებას”, არ იქნება დათვალიერება, რადგან დღეს ნაციონალურ მოძრაობას არ შეუძლია, 10 ათასი კაცი ქუჩაში გამოიყვანოს. ეს იქნება მორიგი საპროტესტო აქცია, ამიტომ ამ ტრაგედიის პოლიტიკასთან ბუნებრივი ბმა არ გამოდის.
ეს ოპოზიცია ამომრჩეველს ბევრჯერ ჰყავს დათვალიერებული. ნებისმიერ ტანსაცმელში ჰყავს ნანახი. ტიტვლებიც კი ჰყავს ნანახი, სპორტულ ტანსაცმელშიც, სმოკინგებშიც, პიერ კარდენისა და ვერსაჩეს კოსტუმებშიც ვნახეთ, რა ბიჭები არიან, მოხარშულებს ვიცნობთ და რა დათვალიერება უნდათ მათ.
– ასეთი ტრაგედიები მარტივად რომ არ მთავრდება ჩვენთან, ამის გამოცდილება ხომ ჰქონდა ხელისუფლებას. როგორ ფიქრობთ, რატომ მიიყვანა პრემიერმა აქამდე, პულსზე არ უდევს ხელი?
– ეს იგივეა, სკოლის მოსწავლეს უთხრათ, რატომ დაწერე საკონტროლო ისე, რომ ორიანი მიიღე?! რომ იცოდეს, ორიანს ხომ არ მიიღებდა?! ჯერ ერთი, კვირიკაშვილს არ აქვს სათანდო გამოცდილება, პოლიტიკური კრიზისების მართვას ვგულისხმობ.
– მრჩევლები ხომ ჰყავს?
– და ვინ არიან, შეგიძლიათ მითხრათ? რასაკვირველია, არ ჰყავს, რომ ჰყავდეს, აქამდე არ მიიყვანდნენ ამ საქმეს. თქვენ ალბათ გირგვლიანის საქმე იგულისხმეთ, როდესაც გამოცდილებაზე საუბრობდით და სწორადაც იგულისხმეთ, რადგან იმ საქმემ და სხვა მსგავსმა ტრაგედიებმა გადაიყოლა ყოფილი ხელისუფლება. მსგავსი ტრაგედიები მართლაც არის ტრაგედია და ეს ისე უკვალოდ არ ჩაივლის, როგორც, მაგალითად, უმუშევრობა, სიღარიბე და ა.შ. ამას თუ ვერ აცნობიერებს ხელისუფლება, მაშინ ის, რასაკვირველია, განწირულია.
– ეს საქმე ამ ხელისუფლებას ერთგვარად დაღს დაასვამს, შეარყევს?
– “ქართული ოცნების” თაფლობის თვე, ცხადია, დიდი ხნის წინ დასრულდა. ნებისმიერი ხელისუფლების თაფლობის თვე მაშინ არის, როდესაც ხალხის ნდობა მაღალია. ამ ხელისუფლების თაფლობის თვე მაშინ დასრულდა, როდესაც სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პროკურატურას ათიათასობით ხალხი მიადგა და ცალკე დეპარტამენტიც კი შეიქმნა, მაგრამ რა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს დაუბრუნეს წართმეული მანქანა და ბიზნესი, მეტი არაფერი.
სამართლიანობის აღდგენა ძალიან კარგი, მეტიც, მე ვიტყოდი, კეთილშობილური ლოზუნგია, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სამრთლიანობის აღდგენა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.
– რთული პროცესია?
– ზოგიერთ საკითხებში შეუძლებელიც კი არის. თავიდანვე დაუფიქრებლად იყო ეს ლოზუნგი – სამართლიანობის აღდგენა – გამოყენებული. ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, არც სამართალმცოდნეა და არ გამოვრიცხავ, რომ გულწრფელად სჯეროდა, მაგრამ მას ხომ გვერდით ჰყავდა პოლიტიკოსებიც და კარგი იურისტებიც, მათ რატომ არ ურჩიეს, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო.
– თუმცა, სისტემის დანგრევა ხომ არ იყო შეუძლებელი?
– ვინ დაუდებს იმ სკამს ტროტილს, რომელზეც უნდა დაჯდეს?! პოლიტიკოსებმა იფიქრეს, ხალხს მალევე დაავიწყდება ეს დანაპირები და რაღაცა იქნება. ჩვენთან, ზოგადად, ასეთი მიდგომა, რომ აქვთ პოლიტიკოსებს ამიტომაც ვტრიალებთ 30 წელი ერთი და იგივე წრეზე.
მე, მაგალითად, გულწრფელად გეტყვით, ვერასდროს ვერ მოვინელებ რესპუბლიკელების ასეთ კრახს. ოთხი წელი ხელისუფლების სათავეში იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე მათი იყო, მთავრობაში რამდენიმე მინისტრი ჰყავდათ, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ, მაგრამ როგორ დაასრულეს ხელისუფლებაში ყოფნა – პარტიის ინფრასტრუქტურაც კი ვერ შექმნეს, შემდეგ, ოპოზიციაში ყოფნისას, პარტია მაინც რომ ჰქონოდათ.
როგორც კი მთავრობა დატივეს, დაიშალნენ და ახლა ზოგი მშენებელია, ზოგიც – ენდოკრინოლოგი და ა.შ. ეს იყო ინფანტილიზმი. პარტიის, რომელიც 20-30 წელი ოპოზიციაშია, ხელისუფლებაში მიშვება, როგორც ჩანს, არ შეიძლება. მისი ორგანიზმი, ყველა უჯრედი ოპოზიციონერობაზეა აწყობილი, მისგან მშენებელი არ გამოდის.
– მთავარ პროკურორზეც მინდა გკითხოთ, – ნეიტრალურ მთავარ პროკურორზე წავა ხელისუფლება თუ ახალიც სისტემის ნაწილი იქნება?
– ახლა ყველაზე მთავარი კითხვა ეს არის, მივიღებთ თუ არა ნეიტრალურ გენერალურ პროკურორს თუ კვლავ სისტემის ნაწილს? ოპოზიციას გენპროკურატურას არავინ არ ჩააბარებს, ამიტომ ამ სიტუაციაში იდეალური ვარიანტი იქნება, კახი კახიშვილი თუ გახდება მთავარი პროკურორი.
შალვა შავგულიძე, ანა დოლიძე, ანა ნაცვლიშვილი, რასაკვირველია ბევრად უფრო რადიკალურები იქნებოდნენ, უფრო ქმედითი და თავგამოდებული პროკურორები იქნებოდნენ, ბევრს სისხლსაც გაუშრობდნენ, მათ ვინც სასამართლო და პროკურატურა თავის ბოსლად გაიხადეს, მაგრამ მე არსებული შესაძლებლობებიდან გამოვდივარ.
თუ ხელისუფლება წავა იმაზე, რომ ნეიტრალურ კანდიდატურას შეარჩევს, მაშინ ეს იქნებოდა ძალიან ძლიერი სიგნალი, სერიოზული ნაბიჯი ამ ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მე ამ შესაძლებლობას ვერ ვხედავ. თუმცა, თუ კრიზისი უფრო გაღრმავდება, წულუკიანის დათმობა მოუწევთ. ბოლოს და ბოლოს წულუკიანი 6 წელია, რაც მინისტრია. ევროპაში, ამერიკაში ეს ნონსენსია, ძალიან დიდი დროა, რადგან დასავლეთში თვლიან, რომ შეიძლება სკამს შეეჩვიოს და მიეწებოს კიდეც. მაგალითად, ამერიკის სენატში 40 წელიც კი შეიძლება იყო, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არავითარ შემთხვევაში. ვნახოთ, პოლიტიკა ხომ შესაძლებლობების ხელოვნებაა და არა – ვარდისფერი ოცნებები.
– რატომ დუმს ივანიშვილი?
– ის პროცესების განვითარებას აკვირდება. თუ კრიზისი გამძაფრდება, ივანიშვილი აუცილებლად გამოვა და სიტუაციის დარეგულირებას შეეცდება. თუმცა, რასაკვირველია, არ უნდა დააგვიანდეს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა