სოზარ სუბარი გადადგა – „ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ“

სოზარ სუბარი გადადგა - „ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ“ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ახალ მთავრობაში მინისტრის პოსტს არ დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად სოზარ სუბარმა განუცხადა.

„ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ“, – განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა მას მინისტრთა კაბინეტში, სუბარი პასუხობს, რომ არა. ის ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დარჩება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები ასეთია: კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი უწყებები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების მიმართულება გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შეუერთდება ჯანდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეუერთდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.