ტარიელ აროშიძე 5.000-იანი გირაოთი გამოუშვეს

ტარიელ აროშიძე 5.000-იანი გირაოთი გამოუშვესსასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე თავდასხმისთვის 5.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს, თუმცა რა ნაწილში, ამას ტარიელ აროშიძე არ აკონკრეტებს.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაურბის პასუხისმგებლობას და განმარტავს, რომ მომხდარი სულიერ აღელვებას უკავშირდება.

„ცნობს თავს დამნაშავედ. სულიერი აღელვების ნიადაგზე მოხდა ეს ფაქტიო. არ გაურბის პასუხისმგებლობა,“ -განაცხადა ადვოკატმა თემურ ფუტკარაიამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ენმ, რომელიც საპროტესტო აქციებს აანონსებს. დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ტარიელ აროშიძის გარდა ამ ინციდენტში კიდევ 4 ადამიანი მონაწილეობდა. ის მათ დასჯასაც მოითხოვს.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დაზარალებულის ინფორმაციით, მას “ქართული ოცნების” კაბინეტში თავს დაესხნენ და თავის არეში ჭრილობები მიაყენეს. ბესო ქათამაძის მტკიცებით, მასზე ანგარიშსწორება სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო მოხდა.