თბილისში მეტრო გაიფიცა – მემანქანეები კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისში მეტრო გაიფიცა - მემანქანეები კალაძესთან შეხვედრას ითხოვენდღეს თბილისის მეტრო მგზავრებს ვერ ემსახურება, „ერთობა 2013“-მა უვადო გაფიცვა დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ერთობა 2013“-ის შემადგენლობაში შესულმა მემანქანეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს.
„დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია. “ერთობა 2013”-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო“, -აცხადებენ „ერთობა 2013“-ში.
„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მეტრო ამ დრომდე ვერ ემსახურება მგზავრებს, რადგან მემანქანეები სამუშაოზე არ გამოცხადნენ.
შეგახსენებთ, რომ მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.

წყალსადენის ქუჩაზე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები აქციას მართავენ. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა მემანქანემ ემზარ ბარბაქაძემ განუცხადა, ინფორმაცია, რომ მემანქანეებს მაღალი ხელფასი აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება.
აქციის მონაწილეების განმარტებით,ფიქსირებული ხელფასი 1000- 1060 ლარია, თუმცა ხელზე 800 ლარამდე იღებენ. ისინი თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
“გაფიცვა გუშინ დავიწყეთ, 15:00 საათზე. ჩვენ ვშიმშილობთ. პასუხი ჯერ არ ჩანს, არავინ მოდის შეხვედრაზეც, რომ დავილაპარაკოთ. მიკვირს რატომ ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს მაღალი ხელფასი გვაქვს. ბატონო კახი, პირადად მობრძანდით და დაწვრილებით მოგიყვებით. ჩვენგან არ ყოფილა მოთხოვნა, რომ ტარიფის ზრდის ხარჯზე მოგვიმატეთ ხელფასი. საიდან მოგაქვთ?! ჩვენ არ გვიხარია გაფიცვა, მაგრამ იძულებული ვართ. რამდენი წელი გავიდა უკვე რომ ხელფასზე ვსაუბრობთ?! 2013 წლიდან ამაზე ვსაუბრობთ. დღეისათვის მემანქანის ხელფასი შეადგენს საათში 6 ლარსა და 92 თეთრს, ვითხოვთ 10 ლარამდე გაზრდას”,- განაცხადა ემზარ ბარბაქაძემ.