წულუკიანს საფრანგეთში ელჩად უშვებენ, მაგრამ წულუკიანი არ მიდის

წულუკიანს საფრანგეთში ელჩად უშვებენ, მაგრამ წულუკიანი არ მიდისსამთავრობო ცვლილებები მმართველი პარტიის შიგნით კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი ხდება. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ პარტიის ე.წ. ძველი სახეები კვირიკაშვილის კაბინეტის ვადის ამოწურვაზე მიანიშნებდნენ. სხდომის შემდეგ კი არცერთი მათგანი ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა. განმარტებებს მხოლოდ ე.წ. ახალი სახეები აკეთებდნენ.

ქართული ოცნების ოფისში დეპუტატები, პრემიერი, მინისტრები და ბიძინა ივანიშვილი სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

სხდომის დაწყების წინ ქართული ოცნების ოფისში მთავრობის პრესამსახურის ვიდეოკამერები შეიტანეს, თუმცა, შეხვედრის ამსახველი კადრები ქართულ ოცნებას აღარ გაუვრცელებია.

კურიერის ინფორმაციით, სამსაათიანი მოლაპარაკებები დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. დეპუტატების ნაწილმა პირდაპირ მოითხოვა მინისტრების წასვლა, რასაც მთავრობის წევრების მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრემიერმა თქვა, რომ ტოტალური უკმაყოფილების ფონზე ის თანამდებობიდან არ გადადგებოდა.

დაძაბული შეხვედრის დასრულების შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებებზე არც კი უსაუბრიათ და მთავრობა, პარლამენტი და ბიძინა ივანიშვილი UNICEF-ის კვლევების განსახილველად შეიკრიბნენ, რომელიც სიღარიბის მაჩვენებლის ზრდას ასახავდა.

კურიერის რამდენიმე კითხვის მიუხედავად, თალაკვაძემ ვერ დაასახელა ვერც ერთი კონკრეტული პარამეტრი კვლევიდან.

ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ არაეთიკური იქნება, თუ შიდაპარტიულ დისკუსიაზე ჟურნალისტებთან კომენტარს გააკეთებს.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, კი დაადასტურა, რომ როსტომ მეფის სასახლეში დღეს ქართული ოცნების ლიდერები სწორედ სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

კურიერის ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში უკე გადაწყვეტილია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, გაშვების საკითხი. მას საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას სთავაზობენ. ეკა სირაძე-დელონეს უფლებამოსილების ვადა ეწურება, თუმცა ქართულმა ოცნებამ წულუკიანი წასვლაზე ვერ დაითანხმა.

რუსთავი 2