ადვოკატი – “რაიან სმიტი მკვლელებს იცნობდა, მათმა ხეობაში ნახვამ შეაშინა… მალხაზი იმიტომ არ მოკლეს, რომ ყველაფერი ამ ბავშვს დაბრალებოდა”

სმიტების ოჯახი განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატი, დავით გირგვლიანი ამბობს, რომ მკვლელებს რაიან სმიტს იცნობდნენ.

როგორც „ნიუპოსტს“ გირგვლიანმა განუცხადა, მკვლელობის დღეს, სავარაუდოდ, ნაცნობები შეხვდნენ, რომელთა დანახვამაც მოკლული მამაკაცი შეაშინა.

„ვადასტურებთ ორი უცხო მამაკაცისა და შავი ფერის ავტომობილის არსებობას, ხეობაში იმყოფებოდა ის ორი ადამიანი, რომლებმაც მოკლეს სმიტების ოჯახი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის მკვლელობის თვითმხილველი და არა მკვლელობასთან რაიმე სახის შემხებლობასთან მყოფი პირი. კობაურისთვის უცნობი პირები ქართულად საუბრობდნენ. რაიან სმიტი მათ, სავარაუდოდ, იცნობდა, რადგან მათმა დანახვამ შეაშინა და ნაბიჯიც კი ააჩქარა, თუმცა ისინი მალევე დაეწივნენ“ – განაცხადა დავით გირგვლიანმა.

„ნიუპოსტის“ კითხვაზე, რატომ დატოვა იმ ორმა პირმა 19 წლის თვითმხილველი ცოცხალი, ადვოკატმა უპასუხა, რომ „მათი მიზანი იყო, მკვლელობა ამ ბავშვს დაბრალებოდა“.

„ამ ვერსიას ხომ აქვს არსებობის უფლება?! თუმცა ამის დადასტურება, იყვნენ თუ არა ნამდვილად უცხო ადამიანები ხადას ხეობაში, მთავარ პროკურატურას და გამოძიებას არც კი უცდია“- ამბობს ადვოკატი.

დავით გირგვლიანის განცხადებით, დაკავებისას მალხაზ კობაურმა ეს ვერსია პოლიციელებს უთხრა, თუმცა სამართალდამცავებმა მას არ დაუჯერეს.

„მას სთხოვდნენ აღიარებით ჩვენებას, იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ. ერთი სიტყვით, მალხაზს ყველაფერი ისე გააკეთებინეს, როგორც მათ აწყობდათ“- განმარტა უფლებადამცველმა.

„ნიუპოსტის“ კითხვაზე, როგორ მიიყვანა ბრალდებულმა ბავშვის ცხედართან სამართალდამცავები, გირგვლიანმა აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხი მკვლელობაში ბრალდებულს აქვს, თუმცა გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ამაზე დღეს ვერ ისაუბრებს.

„მინდა ყველა ჟურნალისტმა ამ საკითხზე სწორი აქცენტი გააკეთოთ. კითხვას განა არ ვპასუხობ, აღნიშნულ შეკითხვას ჯერ-ჯერობით არ ვპასუხობ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,“- დასძინა ადვოკატმა.

დავით გირგვლიანი არ პასუხობს კიდევ ერთ კითხვას, რაიან სმიტისა და მისი ვაჟის მკვლელობა „უცნობ პირებთან კონფლიქტის შემდეგ“ იმავე წუთებში მოხდა თუ არა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკითხზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. შემდეგ ეტაპებზე ამ და სხვა საკითხებზე დაცვის მხარე გააკეთებს განცხადებებს“- განმარტა მან.

დავით გირგვლიანი ამბობს, რომ მალხაზ კობაურის ოჯახს უანგაროდ ეხმარება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018