ავღანეთში 4 ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ ამერიკულმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო

ავღანეთში დისლოცირებული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ ამერიკის შეირაღებული ძალების სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს. ბაგრამის სამხედრო ბაზიდან კურიერს წყარო უყვება, რომ ქართველი სამხედროებს ქურდობაში სდებენ ბრალს.

წყაროს ცნობით, ქართველმა ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ნივთები მოიპარეს, რომელიც შემდეგ, ჩხრეკის დროს, მათ ყაზარმებში იპოვეს. ნივთების ნაწილი ბაზის ტერიტორიიდან იყო გატანილი და ქაბულის ბაზრობაზე იყიდებოდა.

წყარო ბაგრამის ბაზიდან კურიერს წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარისკაცები მსგავს დანაშაულში ამხილეს, თუმცა, ამჯერად ნატო-ს ბაზის სამხედრო ხელმძღვანელობამ ქართველი სამხედროების სამაგალითო დასჯის გადაწყვეტილება მიიღო და გამოძიება დაიწყო.

ჯარისკაცები გამოკითხვაზე ამერიკის შეირაღებული ძალების სამხედრო პოლიციამ გადაიყვანა.

პოლკოვნიკმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილემ, ნიკოლოზ ჯანჯღავამ, კითხვას, ფლობს თუ არა ინფორმაციას ქართველი სამხედროების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, არ უპასუხა.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, არჩილ ომიაძემ კი, კურიერთან საუბარში აღნიშნა, რომ მას ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არა აქვს.

„ვერ გეტყვით ვერაფერს, თქვენგან გავიგეთ პირველად,“ – განაცხადა არჩილ ომიაძემ.

პოლკოვნიკი, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, კახა ტაბატაძე, ადასტურებს, რომ ქართველი სამხედროები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

კახა ტაბატაძის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტებსა და სავაჭრო ობიექტში მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სადაც სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად, ქართველი სამხედროების სავარაუდო მონაწილეობაზეა საუბარი.

„პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობის ფაქტებში და სავაჭრო ობიექტში მიყენებულ ზარალში იკვეთება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების და მათ შორის, 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით. აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ჩვეულებრივად იმყოფებიან ბაზაზე, არავინ არ არის დაკავებული, ჩვეულებრივად აგრძელებენ სამსახურს. მე კონტაქტი არ მქონია უშუალოდ, პირადად, ისინი იმყოფებოდნენ პირველ ეტაპზე ამერიკული მხარის სამხედრო პოლიციასთან მხოლოდ გამოკითხვაზე,“ – განაცხადა ტაბატაძემ.

პოლკოვნიკის თქმით, თუ გამოიკვეთება ქართველი სამხედროების დანაშაული, მაშინ მათ საქართველოში დააბრუნებენ.

„როგორც კი მასალები გადმოეცემა ქართულ მხარეს, თუკი გამოკვეთავს ქართული სამხედრო პოლიცია ამერიკულ სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, რომ აღნიშნულ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს რაიმე ბრალი მიუძღვის აღნიშნულ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ისინი იქნებიან დაბრუნებული საქართველოში. ფაქტი არის მტკივნეულად აღქმული მთელი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის და მთლიანად, პირადი შემადგენლობის მიერ,“ – განაცხადა კახა ტაბატაძემ.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018