აკაკი ასათიანი – “კვირიკაშვილს სულ რომ აეყვავებინა საქართველო, ივანიშვილი მას მაინც გაუშვებდა””

“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში განვითარებული ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროცესების შესახებ ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი პასუხობს.
– ბატონო აკაკი, ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემა საპრეზიდენტო არჩევნებია. 10-მა პარტიამ გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. რას იტყვით?
– ეს 10 პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პარტიებია და მის გარშემო შემოიკრიბა. ერთადერთი უცხო და ახალი სახე არის მურმან დუმბაძე. ამაში ცუდი არაფერია. უკეთესია, თუ ყველა დაჯგუფდება ინტერესების და შეხედულებების გათვალისწინებით, ეს მისასალმებელი იქნება.
– მათ შანსებზე რას იტყვით?
– გრიგოლ ვაშაძეა მათი საპრეზიდენტო კანდიდატი. თავისთავად დადებითი პიროვნებაა, მაგრამ შანსების თვალსაზრისით დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ.
– “ოცნების” ფონზე?
– გააჩნია, “ოცნება” ვის დაასახელებს. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა დღეს “ოცნებაში” კომიკური სიტუაციაა.
– რატომ არის კომიკური სიტუაცია?
– კომიკურია, აბა რა არის? ეს აღარც ხელისუფლებაა, აღარც პარტიაა. სრული ქაოსია. რისთვის გაუშვეს გიორგი კვირიკაშვილი. კომიკური იყო მათი განცხადებები, ეკონომიკური პრობლემების გამოო და ორ დღეში გამოდის ახალი პრემიერი ბახტაძე და აცხადებს, ორი პროცენტით მატება გვაქვს ეკონომიკაში და ეს ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგიაო. რომელი მისი მთავრობის? ორი დღის დანიშნული იყო! კვრიკაშვილის ჰქონდა ეკონომიკური პოლიტიკა, პრინციპში მას სხვა პოლიტიკა არც ჰქონია.
– ანუ?
– ეს მისი შეცდომა იყო. ის ასეთი ტიპის ადამიანია, რომელიც პოლიტიკას ნაკლებად ეტანება. ამ დროს კი პოლიტიკური ფიგურა იყო და თანაც პირველი პირი. მან ვერ მოირგო ეს როლი. ეკონომიკურ პოლიტიკას რაც შეეხება, რასაც ის ახორციელებდა, ეს ჩვეულებრივი, ძველი, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის პრინციპებზე აგებული პოლიტიკაა და უსათუოდ მოიტანდა შედეგს, ზრდის ტენდენცია მართლაც იყო, მაგრამ რეალური შედეგები იქნებოდა 10-15 წლის შემდეგ. მას შეეძლო ხალხისთვის ცოტა შეღავათის მიმცემი ნაბიჯებიც გადაედგა. გადადგა კიდეც, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კვირიკაშვილს სულ რომ აეყვავებინა საქართველო, ივანიშვილი მას მაინც გაუშვებდა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ კვირიკაშვილი შედარებით თავის ჭკუაზე იყო. არ იყო მისი ხელის ბიჭი.
– არ ემორჩილებოდა ივანიშვილს?
– ღარიბაშვილივით მთლად ხელის ბიჭი არ იყო. კვირიკაშვილი უფრო სხვა დონის ფიგურა იყო. მე კარგად ვიცნობ მას და წესიერი კაცია, ბევრი თვალსაზრისით. ის ბიძინას ხელის ბიჭად უბრალოდ ვერ იქცეოდა. ეს ძალიან გაუჭირდებოდა.
– ანაკლიის პორტი და მამუკა ხაზარაძესთან ახლო ურთიერთობები არ აპატია ივანიშვილმა.
– მე არ ვიცი ეს დეტალები, რა პირადი ფინანსური თუ სხვა სახის ინტერესები იყო მათ შორის. ანაკლია რომ საჭიროა ფაქტია, მაშინ სახელმწიფოს გამოესყიდა ეს მიწები და ის ყოფილიყო მხარე ამ ინვესტორებთან მიმართებაში. თუ სახელმწიფო გამოისყიდის და მერე კერძოს გადაეცემა, ეს ყოველთვის ეჭვს გამოიწვევს. ღრმად ამ თემას ვერ ჩავეძიები. ვიმეორებ, სულ რომ აეყვავებინა კვირიკაშვილს ყველაფერი, მას მაინც გაუშვებდნენ. ის ეძებს მონებს და ყურმოჭრილ ყმებს და კვირიკაშვილი ასეთი არ იყო.
– ახალი მთავრობა ასეთია?
– ასეთია, რა თქმა უნდა! აბა რა არის. თან როგორი აცაბაცა მთავრობაა. ერთი ერთს იძახის, მეორე – მეორეს. მერე ის რუსეთიდან ჩამოსული კაცი როდის გაერკვევა, რომ აქ სულ სხვა ტიპის ეკონომიკაა. იქ სულ სხვა ტიპის. იქ გაზზე და ნავთობზე დგას, როგორც ასეთი, ეკონომიკა არ არის. ჩვენთან საერთოდ სულ სხვა სამყაროა. ჯერ არ გვაქვს მთლად ნორმალური ეკონომიკა, ბევრი რამ შესაქმნელია. როდის და რამდენად გაერკვევა ამაში, არ ვიცი.
ფინანსთა მინისტრისგან საერთოდ ვერაფერი გავიგე, ზედმეტად თავშეკავებული იყო. განათლების მინისტრი, როგორც მისი წინამორბედები, მთავარ პრობლემაზე არ ლაპარაკობენ.
– რა არის მთავარი პრობლემა?
– ცოდნის დონე კლებულობს კატასტროფულად, ესენი კი რაღაცა სტრუქტურულ ცვლილებებზე ლაპარაკობენ. რეალობას მთლიანად მოწყვეტილები არიან. თან გააერთიანეს კულტურასთან. ეს საერთოდ სასწაულია.
– საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრით დავიწყეთ და როდესაც სახელისუფლო კანდიდატს განიხილავენ, საუბარია, რომ ამ კუთხით ძალიან უჭირს “ოცნებას”.
– მართლაც ძალიან უჭირს. უარს ეუბნებიან. მარტო თავის წრეში კი არა, გარეთაც ეძებენ კანდიდატებს, მაგრამ ვერავინ დაითანხმეს. დავით მაღრაძეს შესთავაზეს და უარი მიიღეს. ის ძალიან კარგი კაცია, დამოუკიდებელი ადამიანია და ასე სათამაშოდ თავს არ გადაიქცევდა. ასევე შესთავაზეს ლადო ჭანტურიას, ისიც სერიოზული პიროვნებაა, საკმაოდ სერიოზული თანამდებობა უკავია და მისგანაც უარი მიიღეს. რას იზამენ, მართლა არ ვიცი.
– გამოუვალ სიტუაციაში არიან?
– ერთადერთი გამოსავალი არის, ივანიშვილმა საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.
– სხვა შანსი არ აქვს “ოცნებას”?
– ეს არის გამოსავალი “ოცნებისთვის” და თავად ივანიშვილისთვისაც. მას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება ძალიან მალე. უკვე აქვს ეს პრობლემები, თავადვე გრძნობს, ამიტომაც დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ და ეს კვირიკაშვილის გადაყენება და მთავრობის ცვლილებები მას ჰგონია, რომ კიდევ ერთხელ ააშორებს პასუხისმგებლობას.
მისი შეცდომა სწორედ ეგ იყო, მას ეგონა, რომ გაიწეოდა გვერდზე და ისე მართავდა, ვითომ თვითონ არ მართავდა. ეგონა, რომ ვერავინ ამას ვერ მიხვდებოდა. რატომ ეგონა ასე, არ ვიცი, ეს ერთგვარი პრიმიტივიზმის ნიშანია. ძალიან სერიოზული პრობლემები ექნება, ამიტომ მინიმალური გამოსავალი იქნება მისთვის და იგივე მისი პარტიისთვის, თუ ამას საერთოდ პარტია ჰქვია.
– აბა რა ქვია?
– ქართუ ჯგუფიც კი აღარ არის, აღარც შპს-ა, აღარაფერი აღარ არის. რაღაცა ჯოგია, რა! ეს კაცი კი მწყემსავს უნიჭოდ. აი, ეს არის მთელი ეს ამბავი. ერთადერთი მცირე შანსი რჩება, რომ თავად გამოჩნდეს საჯაროდ. გასაგებია, რომ უჭირს ეს საჯარო პოლიტიკა, ჟურნალისტების კითხვებზე კრუნჩხვები ემართება. ერთი კარგი თვისება აქვს, რომ არ დევნის და ადამიანებს ფიზიკურად არაფერს უშავებს, ეს ნამდვილად დადებითი თვისებაა, მაგრამ ეს ქვეყნის სამართავად, სახელმწიფოს მშენებლობისთვის არ გამოადგება.
ეს არის გამოსავალი, თავად იყოს პრეზიდენტი. ნებისმიერი სხვა კანდიდატი იქნება აღიარება, რომ დამთავრდნენ საბოლოოდ. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა განიხილება აქტიურად.
– ეს არ გაამართლებს?
– მე ძალიან სიმპატიით ვუყურებ ამ ქალს და მხარსაც კი დავუჭერდი, თუ “ოცნებისგან” არ იქნებოდა. ის ცუდი პრეზიდენტი ნამდვილად არ იქნებოდა. უბრალოდ, “ოცნებისგან” იქნებოდა აღიარებითი ჩვენება, რომ მათგან აღარაფერი დარჩა, დამთავრდა, რომ არ არსებობენ! ვართ რაღაცა ჯგუფი, რომელიც არის მისეული ბაგას და იკვებება სახელმწიფოს ხარჯზე. ისედაც რა მდგომარეობაა და კიდევ ბერავენ აპარატს.
– რატომ, ხომ გააერთიანეს სამინისტროები?
– სასაცილოა. სამინისტრო გააუქმეს და რაღაც ახალ გაუგებრობას ქმნიან. სუბარი რომელი ვარსკვლავი გამიხდა, რომ პრემიერის მრჩევლად დანიშნეს, რაღაცა უწყებას უქმნიან, ყოვლად კრეტინულს!
“ოცნება” უკვე დასრულებულია, უბრალოდ, ჩემი სურვილია, რომ 2020-ში ეს გადაბარება მშვიდად მოხდეს. კარგად უნდა დაიმახსოვრონ, ჩვენ არაფერი დაგვაკლდება, მათთვისვე იქნება უარესი. თუ არ იქნება მშვიდობიანი გადაბარება, წავლენ ციხეებში! ქვეყანას დაუშავდებაო, რომ გვაშინებენ, ქვეყანას არაფერი არ დაუშავდება, დაუშავდება მათ. ჯერ კიდევ აქვთ შანსი, მშვიდობიანად წავიდნენ, თუ არა და მოუწევთ ციხეებში წასვლა!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018