არჩილ იაკობაშვილი: ”აქციზის დაბრუნება 2016 წლის დონეზე საწვავს 25 თეთრით გააიაფებს”

– საწვავის გაძვირებით გამოწვეული ინფლაცია ასუსტებს როგორც ეკონომიკის ზრდას, რომლის შედარებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება პირველად, უკანასკნელ ექვს წელიწადში, – აცხადებს ფინანსისტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი არჩილ იაკობაშვილი.

მისი განცხადებით, ”ერთადერთი მყისიერი ფისკალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია, რომ საწვავის გაძვირებისგან დაიცვას ეკონომიკა, არის აქციზური გადასახადის შემცირება ნავთობპროდუქტებზე”.

არჩილ იაკობაშვილი:

– ერთადერთი საბაზრო სიდიდე, რომელიც კეთილდღეობის გადანაწილების ფუნქციას ასრულებს როგორც მიკრო-, ისე მეზო- და მაკრო-დონეებზე, ეს არის მხოლოდ ფასი (იხილეთ ადამ სმიტი – „ერის კეთილდღეობა,“ 1776).

ერთადერთი ავტორიტეტი, ვისაც შეუძლია რომ ფასს წაართვას გადანაწილების ფუნქცია ან ნაწილობრივ მაინც შეზღუდოს მის შესრულებაში, ეს არის სახელმწიფო (იხილეთ დავით რიკარდო – „დაბეგვრის პოლიტიკური ეკონომიკა,“ 1818).

2018 წლის ზაფხულში, დღეებსა და საათებში საქართველოს ეკონომიკის გამოწვევას წარმოადგენს ყოველ ორმოცდაათ მეტრში ბენზინგასამართ სადგურების ტაბლოებზე საწვავის ფასების ყოველკვირეული ზრდა.

მიზეზი არის აბსოლუტურად ეგზოგენური: 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების 25% მატება, რაც ნავთობ-იმპორტიორ ეკონომიკაში ბიზნეს-სუბიექტებისთვის ტრანსფორმირდება მიწოდების ინფლაციად (Supply Side Inflation) და მიწოდების მხრიდან ზემოქმედებს მაკრო-წონასწორობაზე.

საწვავის გაძვირება წარმოადგენს დამატებით ფინანსურ ტვირთს არამხოლოდ საწარმოო ხარჯებზე ყველა ინდუსტრიაში, არამედ სამომხმარებლო ფასებზე და მომხმარებელთა გასავლებზე ყოველდღიურ რეჟიმში.

მიუხედავად ობიექტური მიზეზებისა, აღნიშნული ტვირთის შემსუბუქების ერთადერთი პრეროგატივა გააჩნია სახელმწიფოს.

იმის გამო, რომ საწვავის გაძვირება არ არის მონეტარული ფენომენი და მშპ-ს პირველ რიგში შექმნის (ე.ი. მაკრო-მიწოდების და არა მაკრო-მოთხოვნის) მხრიდან აძვირებს, დოლარიზებულ ეკონომიკაში ეროვნულ ვალუტაზე პასუხისმგებელი მონეტარული ხელისუფლების შესაძლებლობები არის თითქმის ნულამდე შეზღუდული, რომ მყისიერად გაანეიტრალოს საწვავის გაძვირებით გამოწვეული ჯამური ინფლაცია.

საწვავის გაძვირებით გამოწვეული ინფლაცია ასუსტებს როგორც ეკონომიკის ზრდას, რომლის შედარებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება პირველად, უკანასკნელ ექვს წელიწადში, ისე აქედან სარგებელს თითოეული მოქალაქისთვის და კერძო სექტორისთვის.

ერთადერთი მყისიერი ფისკალური ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია, რომ საწვავის გაძვირებისგან დაიცვას ეკონომიკა, არის აქციზური გადასახადის შემცირება ნავთობპროდუქტებზე.

2018 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით აქციზური გადასახადების მობილიზაციამ შეადგინა 700 მლნ ლარი (წლიური გეგმა: 1,47 მლრდ). მიუხედავად მცირედი ჩამორჩენისა გეგმის შესრულებაში, იმის გამო, რომ დღგ–ს და საშემოსავლო გადასახადიდან საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზაციამ პირველი ექვსი თვის განმავლობაში 220 მლნ–თ გადააჭარბა ნახევარი წლის გეგმას და მესამე–მეოთხე კვარტლებშიც მოსალოდნელია პროფიციტის შენარჩუნება აღნიშნულ დონეზე, დიდია იმის ალბათობა, რომ აქციზიდან პოტენციური დანაკარგის კომპენსაცია შესაძლებელია ამ უკანასკნელის 2016 წლის დონემდე შემცირების შემთხვევაშიც კი.

ე.ი. სხვა თანაბარ პირობებში აქციზის შემცირებით შესაძლებელია დააკლდეს საბიუჯეტო შემოსავლებს, მაგრამ განეიტრალდეს საშემოსავლოდან და დღგ–დან სიჭარბით.

სანამ „ქალაქების აგრარიზაციას და სოფლების ინდუსტრიალიზაციას“ შეუდგება, სანამ „აგროპოლისები აგუგუნდება,“ ავტორიტარულ–ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში მზად არის „მცირე მთავრობა,“ რომელიც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს, აქციზის შემცირებით ერთადერთ საბაზრო სიდიდეს – ფასს ნაწილობრივ მაინც დაუბრუნოს კეთილდღეობის განაწილების ფუნქცია?

  p.s. ტექსტი სრულად გამოხატავს მხოლოდ ავტორის პირად მოსაზრებებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018