არჩილ იაკობაშვილი – რატომ ვერ გაართვა თავი „ქართულმა ოცნებამ“ საპენსიო რეფორმას?

არჩილ იაკობაშვილმა საპენიოს რეფორმის შესახებ სტატია დაწერა.
პრობლემატიკა 

როგორც გასულ კვირას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების მიერ მასმედიით გავრცელდა ინფრომაცია, ხელისუფლებამ 2019 წლამდე გადადო საპენსიო რეფორმის განხორციელება, რომლის დაწყება ჯერ კიდევ მიმდინარე 2018 წლის ზაფხულიდან თავადვე ჰქონდა დაანონსებული.
ყოველი დღე აღნიშნული და ამ მეტად მნიშვნელოვანი საუკუნის პროექტის გარეშე არის დაკარგული ქვეყნისთვის, მაგრამ ამ რეფორმის დაწყებიდან ყოველი დღე დაგროვების იმ სოციალურ–ლიბერალური სქემით (2% x 2% x 2% – ბენეფიცარი, დამსაქმებელი, სახელმწიფო), რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობდა, მომავალი თაობებისათვის იქნებოდა მცოცავი გზა საბერძნეთიზაციისაკენ.

რა შუაშია აღნიშნულ პროექტთან ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები, როდესაც საუბარია სოციალური სისტემის რეფორმაზე და მთელი ამ ექვსი წლის მანძილზე დარგის შესაბამისი უწყება – სოციალური დაცვის სამინისტრო – აფსაითშია?

და თვალიც რომ დავხუჭოთ ინსტიტუციონალურად როლების არასწორ განაწილებაზე აღნიშნული სოციალური პროექტის განხორციელებაში, რაც არ მომხდარა აღმოსავლეთ ევროპის არცერთ სხვა ქვეყანაში, სადაც ეს რეფორმა განხორცილედა, ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოველთვის ტოვებდა აღნიშნული რეფორმისადმი ზედაპირული მიდგომის შთაბეჭდილებას.

პროექტისადმი ნდობის დეფიციტის დასაძლევად და ამ გადაუდებელი რეფორმის გასატარებლად ხელისუფლების მხრიდან საჭირო იყო უფრო მეტი გამჭვირვალობა, რის გამოც, რეფორმის ავტორებს მოეთხოვებოდათ გაცილებით უფრო აგრესიული საინფორმაციო კამპანია, სარეკლამო რგოლები, საზოგადოებრივი განხილვა–შეხვედრები იმისთვის, რომ საზოგადოებას რეფორმის აუცილებლობა, დაგროვება–გამრავლების პროცესი და ყველა შესაძლო შედეგი სრულად გაეზიარებია.

ჯერ საზოგადოება უნდა დარწმუნდეს საპენსიო რეფორმის გადაუდებლობასა და აუცილებლობაში, ხოლო შემდეგ მოხდეს, საზოგადოების სრული თუნდაც რეფერენდუმის გზით მოპოვებული მხარდაჭერით მისი განხორციელება. „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობამ სამწუხაროდ ვერც კი გაიაზრა, რომ არ შეიძლება არცერთ კანონპროექტზე ჯახირი, რომელზეც დაკვეთა არ მოდის საზოგადოების მხრიდან.

ხელოსნის შეცდომა დაგროვებითი სქემის დიზაინში 

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი შეიცავს ჩანასახოვან დეფექტს, რომელიც უკავშირდება დაგროვების სოციალურ–ლიბერალური სქემის მიხედვით სახელმწიფოს ფინანსურ ჩართულობას შენატანებში.

სახელმწიფოს კონტრიბუცია დაგროვებით სქემაში ნიშნავს თანდათან ზრდად ფისკალურ ტვირთს, რომლის 20–30–40 წლის შემდგომი პერიოდისთვის სისტემური მაკროეკონომიკური შედეგებისა და რისკების ფონზე, აწმყოს გადასახედიდან რამდენად სწორია, რომ დღევანდელმა გადასახადის გადამხდელმა დააფინანსოს სქემაში მონაწილეობის მსურველთა შენატანები?

დღევანდელ გადასახადის გადამხდელთა შორის არ არის მხოლოდ საშემოსავლოს გადამხდელი რვაასი ათასი პირი, არამედ აბსოლუტურად ყველა მოქალაქე და მათ შორის რვაასი ათასამდე დღევანდელი პენსიონერი და ხანდაზმული ადამიანი, რომლებიც ნებისმიერი პროდუქტის შეძენაში იხდის დღგ–ს და აქციზს.

ე.ი. დღევანდელი საბაზისო პენსიის მიმღები პენსიონერი იხდის ბიუჯეტში თუნდაც არაპირდაპირ გადასახადს (დღგ, აქციზი), ხოლო ამ რესურსით, „ქართული ოცნების“ დაგროვების სქემის (2% x 2% x 2%) მიხედვით უნდა თანადაფინანსდეს ის ფონდი, რომლიდანაც 30–40 წლის შემდეგ დაიწყება დაგროვებითი პენსიის გაცემა?

ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებული სოციალური თანასწორობა? ან, ეს არის პასუხისმგებლობა მომავალი თაობების მიმართ?

კონსერვატიული იდეოლოგიის მიმდევრებს უნდა გვიწევდეს სოციალურ სამართლიანობაზე იმ პოლიტიკური ძალის აპელირება, რომელიც ექვსი წლის წინ სწორედ ამ ლოზუნგით დაეუფლა ხელისუფლებას?

ვერ ხედავს აქ „მცირე მთავრობის კონცეფციის“ ინიციატორი „ქართული ოცნება“ დისბალანსს შექმნა–განაწილებას შორის?

რატომ, ან რის საფუძველზე ან რამდენად კონსტიტუციურია საერთოდ იმისა განაწილება, რაც არ არის შექმნილი?

საბერძნეთის მაგალითი 

დაგროვებითი სქემის შემოთავაზებულ დიზაინში „ნელი მოქმედების ნაღმი“ შემცველი ხარვეზი, რომელიც ფუნდამენტური ხასიათისაა, დადასტურდა მრავალი საერთაშორისო გამოცდილების მაგალითზე, როდესაც, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ბუნდოვანი მიზნებით დაიწყეს სწორედ სოციალურ–ლიბერალური მოდელით საპენსიო სისტემის განვითარება, რამაც საქმე მიიყვანა იქამდე, რომ საპენსიო ფონდებში ათწლეულობით დაგროვებული თანხა საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსებას მოხმარდა (2009–2011: უნგრეთი, პოლონეთი, ლატვია), ხოლო ასაკობრივ სიღარიბეში ჩაითრია პოტენციური ბენეფიცარები, რომლებიც პენსიაში გასვლამდე დაგროვებით სქემაში საკუთარი შენატანებით მონაწილეობდნენ.

საპენსიო სისტემის სოციალრ–ლიბერალურმა მოდელმა ყველაზე დრამატული შედეგი განიცადა საბერძნეთში. ზუსტად მსგავსი მეთოდით საბერძნეთის მთავრობამ 1985 წელს შემოიღო დაგროვებითი სახელმწიფო-საპენსიო სისტემა, ე.ი. სახელმწიფოს, დამსაქმებლის და ინდივიდის თანაბარი მონაწილეობით. უკვე 1990-იანი წლების დასაწყისში საბერძნეთის მთავრობა იძულებული გახდა, თავისი შენატანის დასაფინანსებლად მიემართა ვალდებულებების ზრდისთვის.

2002 წელს, რომ არა ევროზონაში შესვლა, რითაც საბერძნეთის მთავრობამ ევრობაზარზე საკრედიტო რესურსის მოზიდვაზე წვდომა მოიპოვა, მთავრობა იძულებული გახდებოდა, რომ დეფოლტი გამოეცხადებია წინა წლებში გაზრდილი ვალდებულებების გამო.

ე.ი. საბერძნეთმა 2002 წელს ევროზონაში შესვლით გადაავადა პრობლემა, მაგრამ ფუნდამენტურად ვერ აღმოფხვრა. 2008-2010 წლების ფინანსურ კრიზისს ვეღარ გაუძლო საბერძნეთის ქრონიკულმა დეფიციტმა, რომელიც 1985-2000 წლებში სოციალური ხარჯებით გამოწვეული ვალდებულებების ზრდას უკავშირდებოდა.
ქრონიკულმა დეფიციტმა გამოიწვია საკრედიტო რეიტინგის გაუარესება, რის გამოც 2010 წლიდან საბერძნეთის მთავრობას გადაეკეტა გზა საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე. ამის შემდეგ რომელი ინვესტორი შეიძენდა კიდევ საბერძნეთის ობლიგაციებს?

შედეგად, საბერძნეთი გახდა საერთაშორისო კრედიტორების (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის ცენტრალური ბანკი, ევროკავშირი) მიერ დახმარების პროგრამაზე ქრონიკულად დამოკიდებული (მსგავსი შედეგის დადგომის შემთხვევაში საქართველოს ვინ დაეხმარება?)

დღეს საბერძნეთის სახელმწიფო ფინანსები „აპარატზეა მიერთებული,“ და „სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში“ მყოფი პაციენტის აპარატიდან არჩახსნა უმკაცრეს ფისკალურ დისციპლინაზეა დამოკიდებული, რამაც არამხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი პენსიონერების ზურგზე ათწლეულობით უნდა გადაიაროს.
საბერძნეთში დღეს ასაკობრივი ხანდაზმულობის ხარჯები შეადგენს 1985-2010 წლებში დაგროვებული რესურსის მხოლოდ 60% მომავალ წლებში ამ მაჩვენებლის შემცირების პერსპექტივით, ხოლო რესურსის დაგროვება-გამრავლებაზე საუბარიც აღარ არის.

დაგროვებითი მოდელი არ ამართლებს, როგორც კი სქემაში სახელმწიფო მონაწილეობს – სახელმწიფო ვერ იქნება კარგი დამგროვებელი, ე.ი. არაკრიზისულ სიტუაციებში სახელმწიფო იქნება შენიღბული და უკონტროლო მფლანგველი, ხოლო საგანგებო სიტუაციებში სახელმწიფო გარდაიქმნება კეთილ მაგრამ ჯიბეგამოფხეკილ ხაზინადარად, ისე რომ ავტორიტარულ–ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში პასუხსაც ვერ მოსთხოვ.

გამოსავალი – კონსერვატიული მოდელი 

2017 წელს საქართველოს მთავრობის დაკვეთით თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარდა ე.წ. „დაგროვებითი საპენსიო რეფორმის“ ზემოქმედების შეფასების ანალიზი (ე.წ. RIA – Regulatory Impact Assessment).

ამ აღიარებული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავდა 47–წლიან დროის ჰორიზონტზე (2017–2064) ყველა აუცილებელი მაკროეკონომიკური, დემოგრაფიული და ფინანსური პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, კანონპროექტით წარმოდგენილი დაგროვებითი სქემის სარგებლიანობის დათვლას წმინდა მიმდინარე ღირებულების კონცეფციით (NPV – Net Present Value).

დაგროვების შემოთავაზებული ფორმულის მიხედვით (2% x 2% x 2% – ბენეფიცარი, დამსაქმებელი, სახელმწიფო) განხილულ იქნა ორი ვარიანტი.
პირველი ვარიანტი (Option 1) ეფუძნებოდა აღნიშნული ფორმულით დაგროვებითი სქემაში სავალდებულოდ მონაწილეობას 40 წლამდე ასაკის დაქირავებული მოქალაქეებისათვის, რომლის საფუძველზე წლიური NPV გამოვიდა უარყოფითი და შეადგინა წლიურად –381 მლნ ლარი.

მეორე ვარიანტი (Option 2) ეფუძნებოდა იმავე ფორმულით დაგროვებითი სქემაში უკვე ნებაყოფილობით მონაწილეობას ნებისმიერი ასაკის დაქირავებული მოქალაქეებისათვის, რომლის საფუძველზე წლიური NPV გამოვიდა კვლავ უარყოფითი და შეადგინა წლიურად –292 მლნ ლარი.

ე.ი. ვერც სავალდებულო და ვერც ნებაყოფილობით ვარიანტში კანონპროექტის ინიციატორები ნულოვან შედეგზეც კი ვერ გადიან, არა თუ დადებითზე.

ორივე შედეგი ადასტურებს, რომ სოციალურ–ლიბერალური ფორმულით (2% x 2% x 2%) დაგროვებითი სქემის ამოქმედება იქნება სახელმწიფოსთვის წამგებიანი, რადგან ორივე შემთხვევაში თანხებში დაფიქსირებული NPV–ს უარყოფითი მაჩვენებელი სამომავლოდ შესავსები იქნება ან სახელმწიფო ბიუჯეტის და ე.ი. საბოლოო ჯამში გადასახადების გადამხდელების მიერ, ან სახელმწიფოს მოუწევს ახალი დამატებითი ვალების აღება, ან კომპენსაციის მიზნით ბენეფიციარებს მოუწევთ მთლიან ბენეფიტზე ან ნაწილზე მაინც უარის თქმა, რომლის შემთხვევები დაფიქსირდა 2009–2011 წლებში ლატვიაში, პოლონეთსა და უნგრეთში.

თუ სახელმწიფოს ფინანსური კონტრიბუცია გამოირიცხება, თუ სავალდებულოობის ნაწილში ასაკობრივი ცენზი მოიხსნება ყველა რეგულარულად დასაქმებულისა და საშემოსავლოს გადამხდელისთვის, და თუ დაგროვებითი საპენსიო მომსახურება განხორციელდება კერძო სექტორის მიერ, მაშინ არის შანსი, რომ უარყოფითი NPV აცილებულ იქნეს თავიდან და ნულთან მიახლოებულ შედეგზე მაინც მოხდეს გასვლა.

ოღონდ ამისთვის, ჩვენი აზრით, საჭიროა პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა.

სოციალურ–ლიბერალური მოდელისგან (ფორმულა: 2% x 2% x 2%) განსხვავებით განხორციელდეს კონსერვატიული მოდელი (ფორმულა: 3% x 3% x 0%), რომელიც შემოიფარგლება სახელმწიფოს მხოლოდ ავტორიტეტის როლით რეფორმის ორგანიზებაში, მაგრამ მაქსიმალურად გამორიცხავს მომავალი თაობების, ჭარბვალიანობის ან საგადასახადო ტვირთის გაზრდის გზით სახელმწიფოს ფინანსურად მონაწილეობას დაგროვების სქემაში.

ვთხოვთ (ვთავაზობთ, ვურჩევთ, მოვუწოდებთ) მთავრობას:

• 2019 წლისთვის მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი სქემის გვერდით დღეს მოქმედი საბაზისო პენსია ინდექსირების პრინციპით ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს.

• 2018 წლის დარჩენილ პერიოდში განახორციელოს საშემოსავლო-საგადასახადო სისტემის რეფორმა და 2019 წლიდან საპენსიო რეფორმის პარალელურად აამოქმედოს ე.წ. ყოვლისმომცველი საშემოსავლო დაბეგვრის (Comprehensive Income Taxation) მოდელი, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი სახის დანაწევრებას პირდაპირ დაბეგვრაში.

• 2019 წლისთვის ყოვლისმომცველი საშემოსავლო დაბეგვრის უნიფიცირებული განაკვეთი განსაზღვროს 15% ნიშნულზე და ხელი შეუწყოს ინდივიდებისა და იურიდიული პირების შენატანებისათვის ბუფერის შექმნას კონსერვატიული მოდელის (ფორმულა: 3% x 3% x 0%) მიხედვით.

• 2019-2023 წლები (ე.ი. დაგროვებითი საპენსიო სისტემის პირველი ხუთი წელიწადი) გამოაცხადოს გარდამავალ პერიოდად, რომლის განმავლობაში დაგროვებულ-გამრავლებული რესურსი 2023 წლიდან გადაეცემა კერძო საპენსიო-სადაზღვევო ფონდებს ბენეფიცარების არჩევანის მიხედვით.

• 2020 წლიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა გახდეს ასაკობრივი ცენზის გარეშე ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო, ხოლო პირველი პენსიების გაცემა დაგროვებითი ფონდებიდან შესაძლებელი გახდეს 2024 წლიდან, რაზეც საკანონმდებლო დონეზე პასუხისმგებლობა, თუ საჭიროა რეფერენდუმის გზით, აიღოს სახელმწიფომ.

არ ვფიქრობ, რომ რეფორმის ინიციატორებს საკონსტიტუციო ლაფსუსი გაეპარათ შენატანებისა და გადასახადების გამიჯვნის შესახებ. მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ იქნებოდა ზედმეტი, თუ ხალხი საკუთარ აზრს დააფიქსირებს თაობათა ხელშეკრულების კანონზე.

საპენსიო რეფორმით სახელმწიფო აფორმებს თაობებს შორის ისეთ ხელშეკრულებას, რომლის ერთ მხარეს დღეს მდგომი ადამიანი ავტომატურად აღმოჩნდება 30–40 წლის შემდეგ ხელშეკრულების მეორე მხარეს.

გავიხსენოთ მეოცე საუკუნის ქართველი პოეტის შოთა ნიშნიანიძის ფრაზა: „…კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!..“
ოცდამეერთე საუკუნეში სახელმწიფოს საფიქრალი აქვს არამხოლოდ, თუ ვინ მოდის მომავლიდან, არამედ იმაზეც, თუ რა პირობებში მოდის და რას ახვედრებს მომავალ თაობებს.

როდესაც დამოუკიდებელი ესტონეთის და სლოვენიის მთავრობა ყოველ ახალდაბადებულს ლეპტოპს, სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი განათლების ვაუჩერებს გადასცემს საჩუქრად, საქართველოში ყოველი ახალდაბადებული იღებს სახელმწიფო ვალზე მომსახურების ინვოისს (2016: 4.023 ლარი; 2015: 3.550 ლარი ; 2014: 2.804 ლარი; 2013: 2.515 ლარი; 2012: 2.465 ლარი; 2011: 2.407 ლარი).

იმისთვის რომ საპენსიო რეფორმამ ვალზე მომსახურების ინვოისის გაძვირება მომავალი თაობებისთვის არ გამოიწვიოს, საჭიროა ისეთი საპენსიო რეფორმის გატარება, რომელშიც თავიდანვე ჩადებული იქნება დამატებითი სავალო ტვირთისგან სახელმწიფოს მიერ უპირობოდ თავის არიდების ეფექტური მექანიზმი.

ამიტომ, ვფიქრობ, ასეთი რეფორმის განსახორციელებლად საკონსტიტუციო უმრავლესობაც არასაკმარისია, და თვით ავტორიტარულ–ჰიბრიდული რეჟიმის პირობებშიც კი რეფორმის ავტორებს ნამდვილად არ აწყენდათ, თუ აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის შედეგით გაიმაგრებენ ზურგს.

საპენსიო რეფორმა მოითხოვს მიდგომას ბრიტანული პედანტობით და გერმანული დათვლით, რომ მომავალი თაობისათვის საერთოდ გამოირიცხოს საბერძნეთის შედეგი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018