ახალი ვალდებულება ბიზნესს – კომპანიათა ნაწილს ოქტომბრამდე სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს

2018 წლის ოქტომბრამდე ზოგიერთ კომპანიას სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწევს. კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს, რომლითაც კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით შედგენა და გასაჯაროება მოუწევთ.

კანონში განსაზღვრული და გამოყოფილია ოთხი კატეგორია, რომელშიც კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით არიან გადანაწილებულნი. ამ კატეგორიებიდან სავალდებულო აუდიტის განხორციელება 2018 წლის 1 ოქტომბრამდე 1-ელ და მე-2 კატეგორიაში შემავალ კომპანიებს მოუწევთ.

1-ელ კატეგორიაში ხვდებიან კომპანიები, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება.

მე-2 კატეგორიაში მოსახვედრად კი შემდეგი კრიტერიუმებია განსაზღვრული: აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიები შესაბამის კატეგორიებში ზემოთ ჩამოთვლილი 3-3 კრიტერიუმიდან ორის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხვდებიან.

გარდა ამისა, კანონის თანახმად, ოქტომბრამდე სავალდებულო აუდიტის ჩატარება მოუწევთ ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირებსაც (სდპ), რომელსაც მიეკუთვნება: ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მზღვეველები, საინვესტიციო ფონდი, საკრედიტო კავშირი და ა.შ.
რაც შეეხება მე-3 და  მე-4 კატეგორიების საწარმოებს, მათ ფინანსური ანგარიშგება 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კატეგორიებში შემავალი საწარმოები (და აგრეთვე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) გათავისუფლებული არიან ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ვალდებულებისაგან, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ცნობისთვის, მესამე კატეგორიაში ხვდებიან საწარმოები, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს; შემოსავალი 20 მილიონს; ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

მეოთხე კატეგორიაში კი ხვდებიან კომპანიები, რომლების აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს; შემოსავალი 2 მილიონს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 10-ს არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევებშიც კომპანიები ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში მოხვდებიან, იმ შემთხვევაში თუ ამ 3-3 კრიტერიუმიდან სულ მცირე ორს დააკმაყოფილებენ.

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის, სამსახური ვალდებულია საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისა და პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოების მიმართ გამოიყენოს სანქციები: წერილობითი გაფრთხილება; ფულადი ჯარიმა; საზოგადოებრივი დაინტერესების პირების მმართველობითი ორგანოს წევრისთვის საზოგადოებრივი დაინტერესების პირებში თავისი ფუნქციების განხორციელების დროებით, არაუმეტეს 3 წლით აკრძალვა.

კანონით გათვალისწინებული სანქციები საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისა და პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებისთვის 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოებისათვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება 1-ლი კატეგორიის საწარმოსა და სდპ-ს 10.000 ლარით, მე-2 კატეგორიის საწარმოს – 5.000 ლარით, მე-3 კატეგორიის საწარმოს – 1.000; ხოლო მე-4 კატეგორიის საწარმოს – 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ბიპიენი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018