ახალციხეში საბავშვო ბაღის მასწავლებელმა მადლენა გიორგაძემ 3 წლის ბავშვი სცემა

ახალციხის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მასწავლებელმა 3 წლის ბავშვი სცემა.

მეორე ცვლის აღმზრდელის მადლენა გიორგაძის წინააღმდეგ საჩივარი სამი წლის ბიჭის მშობელმა 19 ივნისს დაწერა. ახალციხის N1 ბაგის მენეჯერი თამარ ქიმერიძე ამბობს, რომ ინციდენტის დროს იგი სამსახურში იმყოფებოდა, თუმცა ფაქტს არ შესწრებია. მისი თქმით, მშობელმა განცხადებაში დაწერა, რომ მასწავლებელი მის შვილს უდიერად მოექცა.

„საღამო იყო, მასწავლებელს ბავშვები აივანზე ყავდა გამოყვანილი. როგორც მშობელი ამბობს ბავშვის წასაყვანად იყო მოსული და დაინახა მასწავლებელი უხეშად მოეპყრო თავის ბავშვს, მაშინვე მომმართა განცხადებით, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები და მასწავლებელს გაფრთხილება მივეცით პირად საქმეში შეტანით. როგორც მადლენა გიორგაძემ მითხრა სკამებს შორის ბავშვს ხელი ჩაეჭედა, დახმარებას ცდილობდა და უხეშად მოუვიდა“, – ამბობს ახალციხის N1 ბაგის მენეჯერი თამარ ქიმერიძე.

N1 ბაგის ამავე მასწავლებელს აღსაზრდელის ცემაში კიდევ ერთი მშობელი ადანაშაულებს. როგორც ბავშვის ბებია ამბობს, დედა თავს ცუდად გრძნობს და კომენტარის გაკეთება არ უნდა.

„მეცხრე არხთან“ საუბრისას აღსაზრდელის დედა ჰყვება, როგორ შეამჩნია ბაღიდან დაბრუნებულ შვილს ტანზე სილურჯე და მაისურზე სისხლის წვეთები. დედა ამბობს, რომ ბაგის ადმინისტრაციას აღარ მიმართა, რადგან მასწავლებელს წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი ჰქონდა.

„წყლის გადავლების მიზნით გავხადე ბავშვს და მაშინ შევამჩნიე. ვერ გეტყვით, ეს ხელით იყო თუ სხვა რამით. ბავშვმა თქვა, თავი დამანებე, მე სულა მცემენო. მე არ დამინახავს, რითი სცემა. ის ვიცი, რომ მასწავლებელს უღიარებია“, – ჰყვება ბავშვის დედა.

თამარ ქიმერიძის თქმით, აღმზრდელის მხრიდან ბავშვის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და მისთვის არც მშობელს მიუმართავს.

მადლენა გიორგაძე მეორე ცვლის აღმზრდელად ბაგაში რვა წლის განმავლობაში მუშაობდა.

„10 კლასის განათლება აქვს, სულ ვეუბნებოდი, რომ ესწავლა და წაეკითხა, მაგრამ ასე გამოვიდა რომ სასწავლებელი ვერ დაამთავრა და მუშაობდა“, – ამბობს თამარ ქიმერიძე და ამატებს, რომ საშუალო განათლების მქონე მასწავლებლები ახალციხის ბაგა–ბაღებში ბევრი ჰყავთ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მარინა მერაბიშვილი ამბობს, რომ მადლენა გიორგაძე აღმზრდელად 2007 წელს მიიღეს, ამ პერიოდში ბაგა–ბაღებში დასაქმებისთვის უმაღლეს განათლებას არ ითხოვდნენ.

„ახლა ასე აღარ არის და უმაღლეს განათლებას ვითხოვთ, მაგრამ კანონში გათვალისწინებული არ არის, ის პირები, რომლებიც ბაღებშია დასაქმებული და უმაღლესი განათლება არ აქვს, სამსახურიდან გავთავისუფლოთ. იმ მასწავლებლებს, რომელბსაც შესაბამისი განათლება არ აქვთ, 2022 წლამდე აქვთ დრო რომ გადაემზადონ“, – განმარტავს მარინა მერაბიშვილი.

მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ 20 ივლისს მადლენა გიორგაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.

„რაც მოხდა მე ვაღიარე, მივიღე გაფრთხილება და წამოვედი. მე მრცხვენოდა იმ ქალის ( მშობელის ს.კ) თვალებში რომ ვუყურებდი, ხელი მოვკიდე ბავშვს, თუ რაც გავაკეთე არ უნდა მომხდარიყო. მოვძებნე სხვა სამსახური და წამოვედი“, – ამბობს მადლენა გიორგაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მარინა მერაბიშვილის განმარტებით, მომხდარის შემდეგ შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახალციხის ბაგა–ბაღებში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობს.

„უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული რომ მსგავსი ფაქტები აღმოვფხვრათ. შევატყობინეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დაველოდებით სამუშაო ჯგუფის მუშაობის დასრულებას“, – ამბობს მარინა მერაბიშვილი.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტს, მერაბიშვილი ამბობს, რომ აღსაზრდელის ბებიისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბავშვი უკმაყოფილო იყო ბაღში სიარულით, თუმცა ცემის ფაქტი მისთვის უცნობია.

„სოციალურ სააგენტოს მაშინვე მივმართეთ. მოკვლევა დაწყებულია“, – ამბობს მარინა მერაბიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი სამართალდამცველებმა უნდა შეისწავლონ, ამისათვის კი უწყებისთვის ბაღს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას უნდა მიემართა.

„მათ აქვთ ვალდებულება შესაძლო ძალადობაზე მიმართონ პოლიციას. პირველ რიგში ვიდრე კომპეტენტური ორგანო არ მოიკვლევს, გამოიძიებს და არ დადებს შედეგს მტკიცებითში ვერ ვიტყვით რა მოხდა. არსებითად მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მოვლენას ბავშვის ასაკის გამო, არ მივანიჭოთ უფრო ნაკლები მნიშვნელობა, ვიდრე მიენიჭებოდა ზრდასრულის შემთხვევაში. შეიძლება ეს არ იყოს დანაშაული, მაგრამ იყოს ბავშვის მიმართ სხვა ტიპის აკრძალული ქმედება“, – განმარტავს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება ძალადობა, ბავშვს დასჭირდება რეაბილიტაცია, შეიძლება ოჯახმა კომპენსაციაც მოითხოვოს: “ბავშვმა უნდა მიიღოს იმ ზიანის ანაზღაურება რაც მას მიადგა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებისთვის არცერთ მხარეს არ მიუმართავს, თუმცა მედიასაშუალებებით და ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მცირეწლოვანის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო.

„ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო ღონისძიება“, – აცხადებენ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სამხრეთის კარიბჭე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018