გია ხუხაშვილი – “უსუფაშვილს დაბალი რეიტინგი აქვს და ამიტომ სჭირდება პარტნიორი, რომელიც ძალაუფლებამდე მიიყვანს”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გია, გიორგი მარგველაშვილი დავით უსუფაშვილის ზრდილობის გულისთვის შეხვდა თუ რაიმე პოლიტიკურ შედეგს უნდა ველოდოთ?
– მე სურვილი მექნებოდა, რომ მსგავს შეხვედრებს რეალური შედეგი გამოეღო. უსუფაშვილი შეიძლება ძალიან მაღალი რეიტინგით არ სარგებლობს, მაგრამ უდაოდ არის გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსი. ნებისმიერი ასეთი კონსულტაციები საქმეს წაადგება და არა პირიქით.
რაც შეეხება პოლიტიკურ პერსპექტივას, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების პრიზმიდან, ასეთი დღის წესრიგის ფორმირებისთვის ეს შეხვედრა უკვე დაგვიანებულია. თუმცა, შეხვედრა მაინც კარგია მიუხედავად იმისა, კონკრეტულ შედეგს გამოიღებს თუ არა, ეს მაინც იქნება გარკვეული პოზიტივის მომტანი.
– რომან გოცირიძე თვლის, რომ უსუფაშვილი დიდხანს ელოდა ივანიშვილის დაძახილს. როგორ ფიქრობთ, იმ ფონზე, როდესაც “ქართულ ოცნებაში” სიტუაცია არეულია, შეიძლება ივანიშვილმა ძველ პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები გაიაროს?
– სიმართლე გითხრათ, არაფერს არ გამოვრიცხავ. მეტსაც გეტყვით, თუ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეში უსუფაშვილს ადგილი გამოეძებნება, ეს ქვეყანას მხოლოდ წაადგება. ჩვენ ვხედავთ, რამდენად მოკლეა ხელისუფლების სკამი და როგორი პოლიტიკური აზროვნების კრიზისს განიცდის. ამ ფონზე უსუფაშვილი ნამდვილად წაეხმარებოდა ამ ყველაფერს.
რაც შეეხება შეთქმულების თეორიას, ვინ რას ელოდა და ელოდება, ამ ვერსიებში გოცირიძეს ნამდვილად ვერ ავყვები.
– თუმცა, ბატონო გია, მე მახსოვს თქვენი განცხადება უსუფაშვილთან დაკავშირებით, როდესაც თქვით, უსუფაშვილი უკანა კარით ცდილობს დარჩენასო.
– მე ასე ცუდად არ მითქვამს. უსუფაშვილი არის ამ ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც საჯარო პოლიტიკაში, ელექტორალურ პოლიტიკას ვგულისხმობ, წარმატებული ვერ იქნება. ის არის უდავოდ ავტორიტეტი, მაგრამ მას არ აქვს მაღალი რეიტინგი.
– დიახ, მისი რეიტინგი ცნობილია.
– სწორედ ასეთი პოლიტიკოსი იყო ზურაბ ჟვანია, ის იყო პოლიტიკაში უდავო ავტორიტეტი, მაგრამ ამომრჩეველში მას მაღალი რეიტინგი არასდროს ჰქონია. ჩემთვისაც პირადად ჟვანია იყო ავტორიტეტი და უსუფაშვილიც ნამდვილად არის ავტორიტეტი, მაგრამ ელექტორალური პერსპექტივა პოლიტიკაში მას არ აქვს. როდესაც ასეთი პერსპექტივა არ გაქვს, მაშინ უკანა კარიდან უნდა ეცადო. ანუ მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც ძალაუფლებამდე მიიყვანს.
– თუმცა, უსუფაშვილი ძალიან მაღალ ძალაუფლებას ფლობდა, ქვეყნის მეორე პირი იყო.
– იყო და პარლამენტის დღევანდელ თავმჯდომარეს რომ ვუყურებ, როგორც ცა და დედამიწა, ისეა განსხვავება.
– ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარების ფონზე ვიღაცეები ამბობენ, რომ ეს კვირიკაშვილამდეც მივა. გამორიცხავთ, რომ თუნდაც თავდაცვის მიზნით კვირიკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდეს, მიუხედავად მისი განცხადებისა?
– არა მგონია. ეს ადამიანი არ არის პოლიტიკური მოთამაშე. პიროვნულად ძალიან სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ მას კარგი თვისებებიც აქვს, კარგი ადამიანია, პიროვნულად ძალიან სუსტია, მას ასეთი მანევრების არანაირი პოტენციალი არ აქვს. ეს იყო მისი მთავარი პრობლემაც და უბედურებაც. საერთოდ გაუგებრობა იყო მისი პრემიერ-მინისტრობა. რასაკვირველია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს კვირიკაშვილი, ეს კიდევ ერთი ტრაგიკომედია იქნება.
– საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებამდე მივა “ოცნება” – ეყოლება კანდიდატი თუ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს?
– თუ თქვენ სალომე ზურაბიშვილს გულისხმობთ, რანაირი დამოუკიდებელი კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” ერთ-ერთ აგრესიულ ქომაგად იქცა?! ფორმალურად პარტიის წევრი რომ არ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დამოუკიდებელია. ასე რომ, “ქართულ ოცნებას” კანდიდატი ეყოლება. იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ალბათ “ქართული ოცნების” კანდიდატი, მაღალი ალბათობით, მოიგებს კიდეც.
– მიუხედავად ყველაფრისა?
– მიუხედავად ყველაფრისა, რადგან მესამე არჩევანი რეალურად არ არსებობს. შეიძლება ხელისუფლება არ მოგწონდეს, მაგრამ როდესაც ალტერნატიული არჩევანი არ გაქვს, სხვა რა უნდა მოხდეს.
– ახალ სახეს ელოდებით?
– არა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეს უკვე ძალიან დაგვიანებულია. 2020 წლისთვის ვნახოთ, რა როგორ იქნება.
– ბატონო გია, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესების ფინალი როგორი შეიძლება იყოს?
– ეს არის ის, რომელიც არასდროს მთავრდება და ზუსტად იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენსაც ბიძინა ივანიშვილი ამ პარაზიტს თავის მხრებზე აიტანს. ამ ადამიანებს ერთმანეთთან სხვა ხომ არაფერი აკავშირებთ. მათ ერთმანეთთან ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირება აკავშირებთ, მეტი არც არაფერი, არც საერთო მსოფლმხედველობა, არც საერთო გეგმები. ამ ადამიანებს ძირითადად ერთმანეთი ეჯავრებათ. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება, ეს მყიფე და გაუგებარი კონსტრუქცია როდის დაიშლება.
– გამორიცხავთ პარტიის გაყოფას?
– რანაირად უნდა გაიყოს? ვიღაც ლიდერი ხომ უნდა იყოს, ვისაც საკუთარი პოლიტიკური თამაშის უნარი გააჩნია.
– ჭიჭინაძემ რომ იტვირთოს ლიდერობა?
– ჭიჭინაძეს, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, ლიდერობამდე ცოტა აკლია.
– ანუ არაფერი არ ხდება?
– როგორ არა, პრობლემები არის, მაგრამ ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელიც არ იკურნება, მაგრამ არსებობს აბები, რომლებიც კონსერვაციის რეჟიმში ინარჩუნებს ამ დაავადებას. ამ შემთხვევაშიც სწორედ ამასთან გვაქვს საქმე.
 ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
       

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018