გიორგი ახვლედიანი – “გვიმტკიცებენ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის ქართული დიპლომატიის მამა, ბებია და ბაბუა”

“ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ახვლედიანი პასუხობს.
– ბატონო გიორგი, პოლიტიკურად ცხელი ზაფხულია. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, ოპოზიციამ ვერ შეძლო საერთო კანდიდატზე შეთანხმება. რამ შეუშალა ამ პროცესს ხელი?
– ერთადერთი რეალური შანსი ჰქონდა ოპოზიციას, რომ საერთო კანდიდატი დაეყენებინა, მაგრამ რა ვქნათ, რომ ამ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში, “ქართული ოცნების” დამსახურებით, შენარჩუნებული გვყავს ნაციონალური მოძრაობა.
– ნაციონალურმა მოძრაობამ შემოიკრიბა 10 ოპოზიციური სუბიექტი და მათ ერთიანი კანდიდატი ჰყავთ.
– არა, ასე არაა. გახსოვთ, მაგათი უფროსი რომაა, ყოფილი პრეზიდენტი, რომ მოგვიწოდებდა, ერთიანი კანდიდატი უნდა შევაჯეროთო. ამის შემდეგ გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრს ჰქონდა მცდელობა, გაერკვია, რამდენად არის ნაციონალური მოძრაობა იმის მომხრე, რომ მხარი დაუჭიროს ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს.
– და რა გაირკვა?
– გაირკვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას წარმოუდგენია, რომ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. არადა, ეს არის წინასწარვე წაგებული თამაში.
– რატომ?
– ნაციონალური მოძრაობა რეიტინგულად, ამომრჩევლის რაოდენობის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა და ოპოზიციაში ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს, მაგრამ მის კანდიდატს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი არ აძლევს ხმას! შესაბამისად, მეორე ტურში რომც გავიდეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ზუსტად იგივე რაოდენობის ხმებს აიღებს, როგორიც აიღო პირველ ტურში და ეს ადგილობრივ არჩევნებზე უკვე ვნახეთ. რა 15 პროცენტიც ჰქონდათ, იგივე დარჩათ.
პოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს, რომ ისეთი კანდიდატი წარვადგინოთ, რომელსაც, მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში, მთელი ოპოზიციური ამომრჩეველი ხმას მიცემს. ამაზე ვსაუბრობდით ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ რა მოხდა? წავიდა ნაციონალური მოძრაობა და დააყენა თავისი კანდიდატი.
არ მითხრას ახლა ვინმემ, რომ 10 პოლიტიკურ პარტიასთან დააყენა თავისი კანდიდატი. ყველა ეს პოლიტიკური პარტია არის ნაციონალური მოძრაობის შემადგენელი ნაწილი! ეს მათი არჩევანია, მათი გადაწყვეტილებაა და მათი საქმეა. ნაცმოძრაობამ დააყენა თავისი კანდიდატი, მაგრამ ამ პროცესმა ისიც აჩვენა, რომ ნაცმოძრაობას ზოგადად კანდიდატურა არ ჰყავს.
– აბა, გრიგოლ ვაშაძე ვინ რის?
– უბრალოდ, არ ჰყავს ნორმალური, წესიერი, ძლიერი კანდიდატი. სამი თუ ოთხი დღეა, ცდილობენ, დიდი რაოდენობის ნაცარი შეგვაყარონ თვალებში და გვიმტკიცონ, რომ გრიგოლ ვაშაძე არის თურმე საქართველოში ნომერ პირველი პოლიტიკოსი, ქართული დიპლომატიის მამა, ბებია და ბაბუა. ამ სულელურ ზღაპრებს უმტკიცებენ ერთმანეთს. კვლევაც თვითონვე ჩაატარეს, ეს კარგად ეხერხებათ, დაუწერეს 25% გრიგოლ ვაშაძეს და თურმე ეს კაცია, ვინც არის. ძალიან სასაცილოა!
– ამით ჩაშალეს პროცესი ამ ოპოზიციური ერთობის?
– რა თქმა უნდა. წინასწარვე ვიცოდით, რომ ჩაშლიდნენ ამ პროცესს და საბოლოო ჯამში მიიყვანეს სიტუაცია აქამდე, რომ გახლიჩეს ეს თემა.
– ეს რამდენად ასხამს წყალს “ოცნების” წისქვილზე?
– “ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს პირდაპირ პროპორციულად. იმიტომ, რომ “ოცნების” მთავარი პრობლემა იყო, როგორმე არ მოხერხებულიყო ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე ჩამოყალიბება, რადგან ეს მას საფრთხეს შეუქმნიდა.
ხელისუფლებას მაქსიმუმ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს. დანარჩენი 50% არის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი. “ოცნება” ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატს მაჟორიტარები ვერ დაეხმარებიან საპარლამენტო უმრავლესობასავით. შესაბამისად, მათ ამისი რესურსი არ ექნებოდათ, თუ ოპოზიციური ხმები არ დაიხლიჩებოდა.
– ეს ხმები უკვე დაიხლიჩა?
– ყველა ვარიანტში დაიხლიჩება. შესაძლოა, “ოცნების” კანდიდატმა ვერ აიღოს 50%-ზე მეტი, რომც დაინიშნოს მეორე ტური და გავიდეს იქ ნაციონალური მოძრაობა თავისი 15%-ით, ზუსტად იგივე 15%-ით დარჩება ის მეორე ტურში. და “ქართული ოცნების” კანდიდატი, სულ რომ ჯოხი დააყენონ, მარგველაშვილზე გამოტვინებული კანდიდატი რომ დააყენონ, მაინც მოიგებს მეორე ტურს.
აი, ეს გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ.
– თავად მმართველ გუნდში რა პროცესები მიდის?
– საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში აშკარად მძიმე მდგომარეობაა. “ქართულ ოცნებაში” ძალიან სერიოზული დაქსაქსულობაა და ძალიან სერიოზულმა პრობლემებმა უკვე საპრეზიდენტო არჩევნებამდე იჩინა თავი. მე ამ პრობლემების სერიოზულად გაღვივებას, წარმოჩენას და გამოაშკარავებას ველოდები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
– რა პროცესებს ელით?
– საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მზადება იწყება საპარლამენტო არჩევნებისათვის და საპარლამენტო არჩევნებისათვის უკვე გამოკვეთილია, რომ დღეს “ქართულ ოცნებაში” არსებული 116 კაციდან, ნახევარი, თუ მეტი არა, შემდეგ სიაში ვერ მოხვდება. ეს მათ თვითონვე იციან. ამიტომაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა დაიწყება ამ თემებზე მუშაობა, აბა ვინ ჩაჯდება სიაში, ვინ იქნება გამსვლელ სიაში, ვინ წინ და ვინ უკან, ეს ისე დაანგრევს მათ პარტიას, როგორც დაგიბარებიათ!
– სერიოზული დაპირისპირება წავა?
– რასაკვირველია. ყველამ იცის უკვე, რომ ძველი თაობა, ის თაობა, რომელმაც “ქართული ოცნება” შექმნა, ის ხალხი იქნება გაპანღურებული. მთელი ძალაუფლება დღეს ჩაგდებული აქვს ხელში იმ ლიბერასტულ ჯგუფს, რომელიც თავის დროზე ბოკერიას არასამთავრობო ორგანიზაციაში დაფრთიანდა.
ესენი არიან კობახიძე, ჩუგოშვილი, თალაკვაძე, მდინარაძე. ამ ლიბერასტების ჯგუფმა უპირატესობა მოიპოვა “ქართული ოცნების” კონსერვატორულ ფრთაზე და ისინი მართავენ დღეს პარტიას. ბიძინა ივანიშვილმაც მათ დაუჭირა მხარი. ისინი შეიყვანა პოლიტსაბჭოში. დანარჩენი, ეს ძველი დამფუძნებლები, რომლებიც თავს წირავდნენ, ებრძოდნენ სააკაშვილს, ყველანაირ რისკზე მიდიოდნენ, იქნებიან გამოპანღურებულები.
– ასე მარტივად დათმობს ეს კონსერვატორული ფრთა?
– ბუნებრივია, ეს ადამიანები როდესაც დაინახავენ, რომ სიაში ვერ ხვდებიან, დაიწყებენ სხვა მექანიზმების ძებნას, რომ როგორმე ისევ პარლამენტში მოხვდნენ. ისინი ან ცალკე გუნდს ჩამოაყალიბებენ, ან რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ურთიერთობების დამყარებას დაიწყებენ.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018