“გრიგოლ ვაშაძეს სერიოზული რეიტინგის აკრეფვა შეუძლია”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება ინტრიგაც, თუ ვინ იქნება სახელისუფლო კანდიდატი. ივანიშვილმაც ახსენა დამოუკიდებელი კანდიდატი და “ოცნების” ლიდერებიც აქტიურად საუბრობენ, რომ შესაძლოა დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი.
– ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, რომ ბოლოს და ბოლოს დაუჭირონ მხარი სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ფორმალურად “ოცნებას” არ წარმოადგენს და ამიტომაც რახან უჭერენ ადამიანს მხარს, რომელიც არ არის “ოცნების” წარმომადგენელი, გადაწყვიტეს, რომ საჩუქარი გაგვიკეთონ.
– რა ტიპის საჩუქარი?
– აი, ნახეთ, “ოცნება” თავის კანდიდატს არ აყენებს, ისეთი დემოკრატიულია. სულ ეს არის, ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს.
– ცდილობენ, ითამაშონ დემოკრატიობანა?
– რა თქმა უნდა! იცით, როგორი სიტუაციაა? ზოგიერთს ხორცი არ უყვარს, არ ჭამს და გადაწყვეტს, რომ მოდი, ბარემ გამოვაცხადებ, რომ ვმარხულობო და ღმერთთანაც ჩამეთვლებაო.
– რამდენად დაიჯერებს ამომრჩეველი, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია?
– არ დაიჯერებს არავინ. უფრო მეტიც, საზოგადოება თუ იფიქრებს, რომ მართლა დამოუკიდებელია და ბიძინა არ უჭერს მხარს, მაშინ საერთოდ არ მისცემს ხმას. რას წარმოადგეს საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილი, მითხარით ერთი!
– რამდენად ძლიერი კანდიდატი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
– სალომე ზურაბიშვილი იქნება ძალიან სუსტი კანდიდატი და სწორედ ამით იქნება საინტერესო, შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი გაიყვანოს ძალიან სუსტი კანდიდატიც კი. სპორტული ინტერესი გამიჩნდა პირადად მე. რამდენად გაიყვანენ მას და გააჩნია რისი წყალობით, რა თქმა უნდა, “ოცნების” ადმინისტრაციული რესურსის წყალობით. “ოცნების” აქტივისტების რესურსებით. ისე, სალომე ზურაბიშვილს საკუთარი რეიტინგი რა აქვს?!
– ანუ მაინც გავა “ოცნების” ხარჯზე?
– ყველას ეცოდინება, რომ ბიძინა უჭერს მას მხარს და მეორე, მას ჩუმად დაახმარებენ ადმინისტრაციულ რესურს. დაუძახებენ საბავშვო ბაღის მასწავლებლებს, სკოლის მასწავლებლებს, საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებს და მიაცემინებენ ხმას. როგორც ხდება ხოლმე. 10-15% არჩევნებზე ყოველთვის გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი. ეს კი სერიოზული ფორაა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილისთვისაც კი.
– რა შანსები უჩნდება ოპოზიციას, თუკი სალომე ზურაბიშვილი იქნება “ოცნების” კანდიდატი? ხედავთ ოპოზიციაში ის საპირწონე კანდიდატს?
– კი, რა თქმა უნდა, გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც უფრო მეტი შანსი ექნება სალომე ზურაბიშვილის ფონზე. ღმერთმა დაიფაროს და სალომე ზურაბიშვილი რომ დაუჯდეს დებატებზე, დებატები დასრულდება სალომე ზურაბიშვილის სრული კატასტროფით. ამაში დარწმუნებული ვარ.
– ამდენად სუსტი კანდიდატია?
– ძალიან სუსტია. ბოლო საჯარო გამოსვლა რა გახსოვთ ისეთი სალომე ზურაბიშვილის, რომ ხალხს მოსწონებოდეს?! ვაშაძეს უფრო გამოსდის ჩვეულებრივ ხალხთან ლაპარაკი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს. ზურაბიშვილს ურთიერთობა უჭირს არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებთან, არამედ ურთიერთობა უჭირდა თავის თანამშრომლებთანაც საგარეო საქმეთა სამინისტროში.
– თუ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს ხელისუფლება, საინტერესო მოცემულობა იქმნება: მიხეილ სააკაშვილის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები, ერთი ნაციონალების კანდიდატად, მეორე კი – “ოცნების”.
– დიახ, ნამდვილად ასეა, გეთანხმებით. მართლაც საინტერესო მოცემულობას მივიღებთ.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ოპოზიციიდან ვაშაძეს აქვს ყველაზე დიდი შანსი?
– რა თქმა უნდა! თავისთავად ასეა. ოპოზიციაში რომელი პარტიაა უფრო ძლიერი, ვიცით ხომ? ჰოდა, ის პარტია ვაშაძესთანაა და ამით ნათქვამია ყველაფერი.
– ოპოზიცია რომ ერთიან კანდიდატზე შეთანხმებულიყო, ალბათ მაშინ სულ სხვა მოცემულობას მივიღებდით.
– თუ მეორე ტური შედგა და სალომე ზურაბიშვილის პირობებში მეორე ტური რეალურია, მაშინ უკვე მეორე ტურში “ოცნებას” სერიოზული პრობლემა ექნება. წესით მერე, ვისაც ნამუსი შერჩენია, ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატს. აქედან გამომდინარე სერიოზული ბრძოლა იქნება. შეთანხმება ასეთია, რომ მეორე ტურში ევროპული საქართველოც კი ოპოზიციის ერთიან კანდიდატს დაუჭერს მხარს.
– მივა კი საქმე მეორე ტურამდე?
– ვნახოთ. ერთ მხარეს დგას ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსი “ოცნების” და პლიუს ამას ემატება “ოცნების” უზარმაზარი ტროლების არმია, რომლებიც ეს ორი თვე ლაფში ამოსვრიან და ტალახს ესვრიან ვაშაძეს, მის ცოლს. ეს ერთი და მეორეს მხრივ აქეთ რა დგას, ვაშაძის ძლიერება და ზურაბიშვილის სისუსტე. ვნახოთ, რომელი ფაქტორი გადაწონის.
– რატომ მოინდომა საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიობანას თამაში ბიძინა ივანიშვილმა?
– ორი მიზეზია: ვერ ნახეს ნორმალური და ძლიერი კანდიდატი. ვგულისხმობ ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას, რომელსაც ხალხი იცნობს და პატივისცემა აქვს მის მიმართ ხალხს და ასევე მეორე ფაქტორი, ყოფილიყო ივანიშვილის ერთგული. ამიტომ შეჩერდნენ სალომეზე, რომელიც თავადაც აშკარად მოწადინებულია.
– უერთგულებს ბიძინას, თუ მივიღებთ მარგველაშვილ ორს?
– მე მგონი, ბიძინამაც იმიტომ ჩაიქნია ხელი ბოლოს და შეეშვა ერთგულების ძებნას, ჩათვალა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ბევრს არაფერს წყვეტს. ახალი კონსტიტუციით კიდევ ჩამოეჭრა პრეზიდენტს უფლებამოსილება, აქედან გამომდინარე, დიდად ხელს ვერ შეუშლის. ივანიშვილი ამჟამად კვირიკაშვილის და მისი კადრების დასჯით უფროა დაინტერესებული.
– განტევების ვაცს ეძებენ თუ მართლაც გაბრაზებულია ივანიშვილი?
– აშკარად გაბრაზებულია ივანიშვილი კვირიკაშვილზე. გაბრაზების გადამწყვეტი მომენტი იყო, როცა მოხსნეს ტრანსპორტის მინისტრი და წესით ეს უნდა ყოფილიყო ყვითელი ბარათი კვირიკაშვილისთვის, რომ წასულიყო თავისი ნებით და ის არ წავიდა. გამიკვირდა, რატომ ვერ გაიგო კვირიკაშვილმა ეს მესიჯი, რომ უნდა წასულიყო. ძალიან გაძალიანდა, ამაზე ძალიან გაბრაზდა ივანიშვილი და ამ გაბრაზებას ვერც მალავს. ის მართლა გაბრაზებულია და ეს მარტო განტევების ვაცობა არ არის.
– იკვეთება კვირიკაშვილის დანაშაული?
– მე უდანაშაულობის პრეზუმპციას ვიცავ და მას ვერ გამოვაცხადებ დამნაშავედ, მაგრამ მოდით, ასე ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში ყველა ცდილობს, მოიპაროს. ეს ჩვეულებრივი ამბავია.
– და მაინც, რა იქნება ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა?
– ეს არჩევნები ფსიქოლოგიური ხასიათისაა. თუ მეორე ტურამდე მივიდა საქმე, ეს დიდი დარტყმა იქნება “ოცნებისთვის”. ბოლოს და ბოლოს დაინახავენ, რომ არ არის უძლეველი ბიძინა და “ოცნება” და რომ ბრძოლა შეიძლება.
– ნაციონალური მოძრაობა, როგორც ბუა, რამდენად იმუშავებს ამ არჩევნებზე?
– ბუა ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინ. პლიუს ამას ვაშაძეს აქვს თავისი პლიუსები, თავისი ქარიზმა, თუ მან მოინდომა და კარგად მოიარა ქვეყანა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, დამერწმუნეთ, სერიოზულ რეიტინგს აკრეფს.
მე სასიამოვნოდ გავოცდი, როდესაც მან გადაწყვიტა, ეყარა კენჭი, გამოსულიყო თავისი კომფორტის ზონიდან. მას არაფერი უჭირს, მშვენივრად ცხოვრობს და არც აქვს მოთხოვნილება, რომ თანამდებობა ჰქონდეს. მას სრულიად სხვა ტიპის ცხოვრება მოსწონს. ნამდვილად არ ჭირდება თანამდებობა იმისთვის, რომ ჰქონდეს ის, რაც სჭირდება, ისედაც ყველა სიკეთეები აქვს და ამიტომ მისმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018