”გუბერნატორები ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ” – რა მასალები აქვს გოჩა მირცხულავას

“ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
– გასულ კვირას თქვენ პრემიერ ბახტაძეს გუბერნატორების გათავისუფლებისკენ მოუწოდეთ. თქვით, რომ გუბერნატორების ნაწილი ოპოზიციასთან რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა.  26 ივლისს პრემიერმა გუბერნატორების ნაწილი გაათავისუფლა. რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება?
– მარტის თვეში ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძის საგმირო საქმეების შესახებ ყველასთვის გახდა ცნობილი. “ახალ თაობასთან” საუბარში ხშირად მითქვამს, რომ ჯერ კიდევ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნების დროს ალავიძემ და კვირიკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ცალკეულ რეგიონებში კანდიდატების შერჩევაში.
აქ პროტექციონიზმი ჭარბობდა და სულაც არ იყო ის მომენტი, რომ ესა თუ ის კადრი უკეთესი იყო კონკრეტულ თანამდებობაზე.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაია ცქიტიშვილის მისვლის შემდეგ, ბევრი რამე კიდევ უფრო ცხადი გახდა. ბოლო პერიოდში სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები უფუნქციოდ იყვნენ დარჩენილი, ისინი დავალებების გამტარებიც კი აღარ იყვნენ. მათი ერთადერთი მისია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ხარკიხ აკრეფა იყო. ასევე სარფიანად უნდა გაეყიდათ ტენდერები და იქედან შემოსავალი მიეღოთ.
მაისის თვისთვის ეს მექანიზმი დაინგრა. მათი სიხარბე იმ დონემდე მივიდა, რომ ამ თანხებს თბილისში, კონკრეტულ თანამდებობის პირებამდე აღარ აგზავნიდნენ და ჯიბეში იდებდნენ. ზოგიერთი გუბერნატორი, კორუფციულის გარდა, სხვა გარიგებებშიც იყო ჩართული.
– რა გარიგებებზეა საუბარი?
– კეთდება მინიშნებები მათ მიერ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის შესახებ. ეს სათანადო სტრუქტურებმა უნდა შეისწავლონ.
– თქვენ ადრე გვითხარით, რომ ზოგიერღი გუბერნატორი ოპოზიციასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ მაშინ არ დააკონკრეტეთ, ვინ და რაზე საუბრობდა.
– სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, გუბერნატორებმა იგრძნეს, რომ მათ წინააღმდეგაც შეიძლებოდა დაწყებულიყო რაღაც ღონისძიებები. შეეცდნენ, ცალკეული მიმართულებით ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მიეწვდინათ ხმა იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ისინი საკუთარ რესურსს მათ სასარგებლოდ გამოიყენებდნენ.
– რომელ ოპოზიციურ პარტიას ჰპირდებოდნენ მხარდაჭერას?
– დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ. მარტო ერთ პარტიაზე არ არის საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოლაპარაკებების შესახებ შეიტყვეს ზემოთ. საქმის კურსში იყვნენ სპეცსამსახურებიც და საკადრო ცვლილებები დაჩქარდა.
მე არ ვიტყვი, რომ გათავისუფლებული გუბერნატორებიდან ყველა აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან. ერთი-ორი ნამდვილად მოქმედებდა ასე.
– ბახტაძემ რამდენიმე გუბერნატორი თანამდებობაზე დატოვა. ისინი უმწიკვლოები არიან თუ რატომ შეინარჩუნეს თანამდებობები?
– ვერ ვიტყვი რომ ისინი უმწიკვლოები არიან. გათავისუფლებულებთან მიმართებაში დაგროვილი იყო არა მხოლოდ სოციალურო და პოლიტიკური პრეტენზიოები, არამედ ისინი ამ ეტაპზე მხილებული არიან თანამდებობრივ გადაცდომებში. ამიტომაც მოხდა მათი გათავისუფლება.
დარჩენილებთან მიმართებაში სათანადო სამსახურებს ეტყობა არა აქვთ კომპრომატები.  გაშვებულების მსგავსად, არც ისინი არიან წარმატებული გუბერნატორები, მაგრამ ოდნავ უკეთ გამოიყურებიან.
სავარაუდოდ, მათ რაღაც დროს მისცემენ და დააკვირდებიან, რამდენად შეძლებენ საკუთარი თავის რეალოზებას. თუ არადა, მათაც მოუწევთ წასვლა.
არ ვიცი, ზემოთ ჩვენს საუბრებს უსმენენ თუ ჩვენს ინტერვიუებს კითხულობენ, მაგრამ მინდა ხელისუფლების ყურადღება ერთი საკითხის მიმართ მივაპყრო.  კიდევ ერთხელ მივმართავ პრემიერს და ვთხოვ, მოახდინოს რეაგირება. აუცილებელია მისი განკარგულება, რათა უახლოეს მომავალში სპეცსამსახურებმა დაიწყონ ზუგდიდის რაიონში, ანაკლიაში, განმუხურში, ერგეთაში და მიმდებარე ზონებში ბოლო ორი წლის მანძილზე მიწების დაკანონების სამართლიანობის საკითხის შესწავლა.
კონკრეტულად ასე ვსვამ საკითხს, ჰქონდა თუ არა თვითმმართველობას და შესაბამის კომისიას უფლება, ცალკეული პერსონებისთვის დაეკანობინა არხები, დაჭაობებულ;ი ადგილები, ტყის მასივი და ა. შ. რისთვის და რატომ გაკეთდა ეს.
შეისწავლონ იმ პერსონების საკითხი, ვისი დავალებითაც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება.
– რაღაც სერიოზულია ხდება მიწების დაკანონებასთან დაკავშირებით?
– აქ საუბარია უდიდეს კორუფციულ გარიგებებზე. ვიმედოვნებ, რომ პროკურატურა და ანტიკორუფციული სამსახური ამ მიმართულებით აქტიურად დაიწყებენ მუშაობას და ხელს არ დააფარებენ ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირებს.
– ვისზე მოხდა ამ მიწების დაკანონება?
– კონკრეტული სახელები და გვარები არსებობს, მაგრამ მთავარია, ვინ დგას მათ უკან. ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება. ეს შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეისწავლონ. ყველაფერი ხილულია და დოკუმენტების მოპოვება იოლად შეიძლება.
ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი მასალის მოპოვება მოვახერხე.
– არ გვეტყვით, რა ხდება?
– ამ ეტაპზე მხოლოდ მოწოდებას ვიკმარებ. ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
– თუ არ მოჰყვება?
– მაშინ შემოდგომაზე ამ მასალებს გამოვაქვეყნებ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018