დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა, გადადგა?

დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე აღარ მივა. გუშინდელი ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, გიორგი გახარიას უწყებაში აცხადებენ, რომ სიგუა თავს შეუძლოდ გრძნობს და კომისიას დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც გაუგზავნიან. „კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ იოსებ სიგუამ გუშინდელი სხდომის შემდეგ პატაკი დაწერა და თანამდებობა დატოვა.

კომისიის წევრები კი არ გამორიცხავენ, რომ სიგუამ ამ გზით კითხვებზე თავის არიდებს ცდილობს. თუმცა „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, მას ეს არ გამოუვა.

„თუ ამ გზით სიგუა ან ნებისმიერი ოფიციალური პირი აპირებს, რომ თავი აარიდოს პასუხების გაცემას კითხვებზე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ  მათ ეს არ გამოუვათ. ეს არის უპატივცემულობა და კანონდარღვევა. ზოგადად ნახეთ ხომ რა მდგომარეობაში ჩავარდა?! ეს მისი პირადი  პრობლემა კი არ არის. პრობლემა არის იმისი, რომ შსს  როგორც ჩანს გაეხვა ტყუილებში. პირდაპირი ტყუილი გვითხრეს,  რომ თურმე არ იცოდნენ მირზა სუბელიანი 24 იანვარს ვინ იყო.  და თუ იმიტომ, რომ იჭედებიან პასუხებში, ამის გამო აპირებენ, რომ აარიდონ თავი ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მას არ უწყობს ხელს უნდა წარმოადგინოს ოფიციალური საბუთი ამისი. რაც ჩვენ აქამდე არ მიგვიღია. და აუცილებლად მას დავკითხავთ ყველა შემთხვევაში ცალკე იქნება ეს თუ, სად იქნება, მაგრამ ის ნამდვილად ვერ გაექცევა პასუხებს,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, გუშინ საზოგადოებამ იხილა მაღალჩინოსანი პოლიციელი, რომელიც კითხვებს პასუხს ვერ სცემდა. ხოშტარია ამბობს, რომ მისი მოულოდნელი ავად გახდომა კითხვებს ბადებს.

„შესაბამისად დღეს მისი არ გამოჩენა, რა თქმა უნდა ეჭვებს ბადებს,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით კი იოსებ სიგუა საგამოძიებო კომისიის სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ ესწრება. უწყებაში ვერ აკონკრეტებენ როდის შეძლებს სიგუა კომისიის წევრების კითხვებს უპასუხოს თუმცა აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში კომისიას დამადასტურებელი დოკუმენტიც წარედგინება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018