ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება რამდენიმე დღით დაგვიანდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, განრიგის შეცვლის გამო გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება, შესაძლოა რამდენიმე დღით დაგვიანდეს.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი აბიტურიენტები და ზოგადად აპლიკანტები ამას გაგებით მოეკიდებიან. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პირველადი შედეგების გამოცხადება. სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისიდან უკვე ეტაპობრივად გამოვაცხადებთ პირველად შედეგებს, რომელსაც შემდგომში მოსდევს უკვე აპელაციის პროცესი”, – განაცხადა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, განრიგის შეცვლის გამო, გადაიწევს აბიტურიენტების საბოლოო არჩევანის გაკეთების ვადაც.

„აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ცვლილებები შეიტანონ საკუთარ არჩევანში აპელაციის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე. ეს შეიძლება არ იყოს 15 აგვისტო, აპელაციის შედეგების გაცნობის შემდეგ კიდევ ერთი დღე ექნებათ, რათა შეცვალონ არჩევანი“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი წლევანდელი განრიგის შეცვლის მიზეზად მაღალ ტემპერატურას ასახელებს. მისი თქმით, საგანგებო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, პროცესმა კარგად ჩაიარა.

„წელს ამ პროცესში იძულების წესით რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ. მოგვიწია განრიგის შეცვლა, ნაცვლად იმისა, რომ ორ დღეში ჩაგვეტარებინა ქართული ენასა და ლიტერატურაში გამოცდა, დავტოვეთ მხოლოდ პირველი სესია და აქედან გამომდინარე, ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავალდებულო გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაღალი ტემპერატურის გამო, მხოლოდ პირველ ნაკადში ვიწვევდით აბიტურიენტებს. ალბათ, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რამდენად მძიმე იყო ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება, რადგან პროცესში თუნდაც მინიმალური ჩარევა ძალიან დიდ რისკებს აჩენს და ბუნებრივია, წელს ამ ცვლილების გამო, ჩვენც ბეწვის ხიდზე გავიარეთ, მაგრამ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. რაც მნიშვნელოვანი იყო, გადაწყდა, რომ საქართველოს მასშტაბით არსებული საგამოცდო ცენტრები აღჭურვილიყო გაგრილების სისტემით. ამ შენობების აღჭურვა მიმდინარეობდა გამოცდების დასრულების შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში. ვინც ამონტაჟებდა ამ სისტემებს და ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ემსახურებოდნენ აბიტურიენტებს, საგამოცდო ცენტრებში უწევდათ 24-საათიან რეჟიმში მუშაობა. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ძალიან კარგად გავართვით თავი“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და დღეს 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.

პირველი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018