ვასილ ახრახაძე – “ტექდათვალიერების სქემა თავიდანვე იწვევდა ეჭვებს”

სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ გენერალურ დირექტორს ვასილ ახრახაძეს, ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში „ალდაგის“ შვილობილი კომპანიის, “პრეიმურ რეზიდენსის” გამარჯვებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს. ახრახაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ თუ საგამოიებო უწყებები საკითხის გარკვევით რეალურად არიან დაინტერესებულები, გამოძიება არა მხოლოდ კონრეტული პირების, არამედ სრულად სურათის შესწავლით უნდა წარიმართოს.

„ეს სქემა თავიდანვე იწვევდა ეჭვებს, რადგანაც ტენდერის გარეშე, ალდაგის შვილობილმა კომპანიამ მიიღო უფლება ტექდათვალიერების 51 სერვის ცენტრის მშენებლობისა და ოპერირების. თანაც ეს ყველაფერი მოხდა ისე მალულად, რომ ყველამ პოსტ ფაქტუმ Gaorgia Capital-ის განცხადებიდან გავიგეთ, სადაც თავს იწონებდნენ „ალდაგი“ სინერგიის ეფექტს მიიღებს და პოლისებს გაყიდისო. მართლაც, ეს „ალდაგისთვის“ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროგრამაში, დომინანტური მდგომარეობის შექმნას ნიშნავს.

მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ამ სქემის მიზანი „ალდაგისთვის“ კლიენტების მოპოვება იყო, რასაც დაუყოვნებლივ უნდა გამოეწვია მინიმუმ, კონკურენციის სააგენტოში მოკვლევის დაწყება. აღიარებული ნორმაა რომ ტექდათვალიერების ცენტრები დამოუკიდებელი სუბიექტები არიან, რასაც თავისი მიზეზი აქვს. აქ კი ჰოლდინგის მიერ, ჩახლართული სქემების შექმნასთან გვაქვს საქმე, რაც ეკონომიკას და მომხმარებლის უფლებებს აზიანებს.

იმედია საქმის ობიექტური გამოძიება მოხდება და ჯოხი მხოლოდ ერთი მხარეზე არ გადატყდება. ამ საბანკო ჰოლდინგს მსგავსი სქემებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ერთხელ და სამუდამოდ ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს.“ – უთხრა BM.GE-ს ახრახაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018