“ვიფიქრე, რომ დავმარხო და გაცოცხლდეს, ხომ საშინელება იქნება?! ამიტომ ჩავარტყი ჩაქუჩი” – რა განუცხადა 82 წლის დის მკვლელობაში ბრალდებულმა გამოძიებას

“ვიფიქრე, რომ დავმარხო და გაცოცხლდეს ხომ საშინელება იქნება?! ამიტომ ჩავარტყი ჩაქუჩი”- ასე უპასუხა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დის მკვლელობაში ბრალდებულმა რ. თავაძემ მოსამართლე გიორგი ზვიადაძეს მომხდარის გახსენებისას.

80 წლის რ. თავაძეს გამოძიება მისი დის, 82 წლის კლარა თავაძის მკვლელობას ედავება.

გთავაზობთ სასამართლო სხდომიდან მხარეების ჩვენებებს:

პროკურორი შოთა ჩხაიძე:

“რ. თავაძეს მიმდინარე წლის ივნისის თვეში, კონკრეტული თარიღი დადგენილი არ არის, კონფლიქტი მოუვიდა საკუთარ დასთან. და-ძმა ერთ სახლში ცხოვრობდა. ბრალდებული დასთან შელაპარაკების შემდეგ, წავიდა სათავსო ოთახში, გამოიტანა ჩაქუჩი და რამდენჯერმე ჩაარტყა თავში მისაღებ ოთახში მყოფ 82 წლის ქალბატონს. რის შედეგადაც მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, თავაძემ დანაშაულის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გაიტანა და საკუთარ ბოსტანში, ხის ძირში დამარხა. მას დღეს გამოძიება შცდომაში მიზანმიმართულად შეყავს, რითიც საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებსა და საზოგადოებას, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლა, არ არის გამორიცხული მან მსგავსი ტიპის დანაშაული ისევ ჩაიდინოს. როგორც ჩვენებებში მეზობლები აცხადებენ, მათ შორის ხშირი იყო კონფლიქტი და ხშირად იყო დის მისამართით მუქარაც ბრალდებულის მხრიდან”.

რ. თავაძე, ბრალდებული:

“ბატონო მოსამართლე, მე საერთოდ არ მესმოდა, აქ რა ხდებოდა და რაზე ლაპარაკობდით თქვენ და პროკურორი. ახლა მე მოგიყვებით, რა მოხდა სინამდვილეში. რაც პროკურორმა ახლა ბრძანა, ეს არის მეზობლების მონაყოლი. ჩემი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, მე და ჩემი და ერთად ვცხოვრობდით და ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. მას ეპილეფსია ჰქონდა. იმ დღეს, როცა სახლში მივედი, ვნახე, რომ სამზარეულოში ფეჩთან იყო წაქცეული და თავი ჰქონდა დარტყმული. ამოვიყვანე, ვნახე, თითქმის მკვდარი იყო. დავასვენე მიწაზე და ვფიქრობდი, რა უნდა მექნა. ხომ არსებობს კლინიკური და ფიზიოლოგიური სიკვდილი? ვიფიქრე, ეს რომ გავახმოვანო, ყველა მე ჩამთვლის დამნაშავედ, დავმარხო? კაი და კლინიკური სიკვდილი აქვს და გაცოცხლდეს?! ამიტომ ავიღე ჩაქუჩი, რომ დამარხვის მერე არ გაცოცხლებულიყო და არ ეწვალა და ჩავარტყი თავში. შემდეგ დავმარხე. ეტყობა მეზობელმა დამინახა ამ პროცესში და პოლიციას შეატყობინა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ არ უნდა დამემარხა. ერთი სული მაქვს, გარეთ როდის გავალ, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით უნდა დავასრულო. ისეთი სირცხვილი ვჭამე, ათეულობით წელი ამაზე ილაპარაკებენ მეზობლები”.

დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე გიორგი ზვიადაძე), საკუთარი დის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი ოთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ, შოთა ჩხაიძის მოთხოვნა. რ. თავაძის ადვოკატი, დავით მამალაძე მისი განთავისუფლ;ების სანაცვლოდ 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

რ. თავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურორი კი მიიჩნევს, რომ ბრალდებულს გამოძიება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში და მისი გარეთ ყოფნა საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, ვინც გამოძიებასთან ითანამშრომლა. თანაც, ბრალდებული სასამართლო დარბაზში განთავისუფლებას იმ მიზნით ითხოვდა, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018