ზაალ კასრელიშვილი – “რუსეთი საქართველოში შემოსაჭრელად ემზადება, ამისთვის ჯერ აურევს სიტუაციას”

რას ნიშნავს მარია ზახაროვას განცხადებები საქართველოს არაკეთილშობილურ საქციელზე, რა მოხდება საპრეზიდენტო არჩევნებზე, რა გეგმა აქვს რუსეთს? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
– თქვენ მოუთმენლად ელოდით ტრამპი-პუტინის შეხვედრას და იმედი გქონდათ, რომ რუსეთს ფრთები შეეკვეცებოდა. არადა, როგორც ამბობენ, პუტინმა იქეთ მიაჩმორა აშშ-ს პრეზიდენტი.
– ვინ ვინ მიაჩმორა, ეს მომავალში გამოჩნდება. რაც შეეხება შეხვედრას, ჩვენ მოუთმენლად თავად შეხვედრას ველოდით. ნამდვილად არ გვქონია იმის მოლოდინი, რომ ჰელსინკში რაიმე გადაწყდებოდა.
– აბა რატომ ელოდით ამ შეხვედრას მოუთმენლად?
– შეხვედრას მოუთმენლად იმიტომ ველოდით, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ეს იყო სერიოზული ტესტი. მსოფლიო პოლიტიკის არქიტექტორების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ საქართველო და უკრაინა მოსკოვის ხელში, დასავლეთთან ვაჭრობის საგანი იყო. მეორე ნაწილი მიიჩნევდა, რომ სანქციებით მოიყვანდა ჭკუაზე კრემლს და 21-ე საუკუნეში ხელს ააღებინებდნენ დაპყრობის პოლიტიკაზე.
ამ წინააღმდეგობის გამო დასავლეთში კრემლის მესვეურთა მიმართ აზრი ორად იყოფოდა. ამდენად, აუცილებელი იყო პუტინის და ტრამპის ერთიერთზე საუბარი. ამ შეხვედრაზე რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაიტესტა.
– პუტინისა და რუსეთის ტესტირება დასავლეთს რაში სჭირდება? კრემლის ბელადმა ჰელსინკშიც იგივე თქვა, რასაც სხვა დროს ამბობდა – საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ დავუშვებთო.
– ახლა დასავლეთი დარწმუნდა, რომ უკრაინა და საქართველო აღარ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ყველამ გააცნობიერა ისიც, რომ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენის მანიით არის შეპყრობილი.
ჰელსინკის შეხვედრამდე დასავლეთმა მოსკოვს პირდაპირი რევერანსი გაუკეთა. ნატოს სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო და უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ჯერ ვერ გაწევრიანდებიან.
– თქვენ ძალიან გიყვართ ამერიკა და რითი ხსნით მათი პრეზიდენტის ამ განცხადებას? აქამდე ამერიკა ყოველთვის ითხოვდა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, წინააღმდეგი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ.
– აშშ-ს პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ დასავლეთის სახით რევერანსი გაუკეთა კრემლს. ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ამერიკა საქართველოს მხარდაჭერაზე უარს ამბობს.
– რა ერევერენანსება დასავლეთს, მის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, ამის გაკეთება სასაცილო არ არის?
– რევერანსი გაუკეთეს იმიტომ, რომ რუსეთს მისცეს შანსი, გადასულიყო ცივილიზებულ რელსებზე.
– არ უნდა ამ რუსეთს ცივილიზებულ რელსებზე გადასვლა და რატომ ელოდებიან სასწაულს მისგან?
– მსოფლიო პოლიტიკის არქიტექტორებში არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ რუსეთი გადავა ცივილიზებულ რელსებზე. ჰელსინკის შეხვედრა კრემლისთვის უნიკალური შანსი იყო. მას შეეძლო, დასავლურ, დემოკრატიულ დინებაში შესულიყო. პუტინმა ეს შანსი არ გამოიყენა და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ მათ სხვა მიზნები აქვთ.
– რას იზამს ახლა დასავლეთი, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, საბოლოოდ დარწმუნდა რუსეთის ზრახვებში.
– რუსეთს კიდევ მისცემს დასავლეთი ორ შანსს. ამჯერად პუტინს მხოლოდ ტრამპთან არ მოუწევს საუბარი. შეხვედრას ბევრი ხალხი დაესწრება და რუსეთს გააგებინებენ, რა ელოდება, თუ ცივილურ გზაზე სიარულს არ დათანხმდება.
– თქვენ თქვით, რომ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენის მანიით არის შეპყრობილი. საქართველოს ხელისუფლებას შესწევს იმის უნარი, რომ ქვეყანას საბჭოთა სივრცეში დაბრუნება აარიდოს თავიდან? მზად არის ხელისუფლება რუსული სიურპრიზებისთვის?
– საქართველოს ხელისუფლება კი არა, როგორც აღმოჩნდა, ევროპის და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოუცდელები არიან რუსეთის აგრესიული ტონის მიმართ.
კრემლში კარგად იციან, რომ ამ კატეგორიული პოზიციის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ამ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვინმე მარია ზახაროვა გამოდის და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს. ამ განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ ამ ქალს წარმოდგენა არა აქვს, რა არის პოლიტიკა და ისტორია.
მისი გამოსვლიდან მხოლოდ ერთი სიტყვა დავიმახსოვრეთ – არაკეთილშობილური. 1801 წლიდან დღემდე თუ დავთვლით ჩვენს დანაკარგს, გამოდის რომ ყოველი მეშვიდე ქართველი რუსების მიერ ან დახვრეტილია, ან გადასახლებული.  ზახაროვას ქალის აზრით, ეს ყოფილა კეთილშობილური საქციელი. ხოლო საქართველო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის რომ იბრძვის, ეს არის არაკეთილშობილება.
– ზახაროვას ქალის “კეთილშობილურ” განცხადებას ჩვენი ხელისუფლება სათანადო “კეთილშობილებით” არ გამოხმაურებია. თქვენ რითი ხსნით მდუმარე კეთილშობილებას?
– ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს დატუქსვას. მას პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ ის უწიგნურია. მან მთელ ჩვენს ქვეყანას მიაყენა შეურაცხყოფა. რატომ არ იყო ამაზე რეაქცია, ვერ გეტყვით. ჩვენ გვქონდა რეაქცია, სხვების გამო პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ.
ჩვენ შეგვიძლია უწიგნური ქალის გზავნილი გავშიფროთ. “არაკეთილშობილური საქციელი” – ეს იქნება მოტივი, რასაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს.
– როგორ უნდა გამოიყენონ ეს საქართველოს წინააღმდეგ?
– ძალიან მარტივად. კრემლი იტყვის, რომ საქართველოს არაკეთილშობილური საქციელი რუსეთის სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს. ეს განცხადებები და შესაბამისი ფონი მათ შიდა ბაზრისთვის სჭირდებათ. შექმნიან ფონს და მერე საქართველოშიც არევენ სიტუაციას.
– სიტუაციის არევაში რას გულისხმობთ?
– პირდაპირ შემოიჭრებიან საქართველოში.
– შემოჭრისთვის მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეთ?
– რუსეთს საქართველოში შემოსაჭრელად მიზეზი არ სჭირდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კრემლი ჯერ სიტუაციას აურევს და მერე შემოიჭრება.
– საქართველოს ხელისუფლება არის მზად ან არეულობის აღსაკვეთად ან შემოჭრის მოსაგერიებლად?
– ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, რუსეთის წინააღმდეგ მთელ რიგ მექანიზმებს გამოვიყენებდით. ამის გაკეთება ხელისუფლებასაც შეუძლია.
– რისი გაკეთება შეიძლება?
– ეს გაზეთში სალაპარაკო თემა არ არის. რჩევას თუ გვკითხავენ. ამაზე არავის დავზარდებით.
პუტინს იმდენი კი უნდა ესმოდეს, რომ თუ საქართველოსთან ცუდი ურთიერთობა ექნება, ევროაზიურ დერეფანზე გავლენებს დაკარგავს. ასეთ შემთხვევაში თავისი რაკეტებით და შეიარაღებით ვეღარაფერს გახდება. ნებისმიერ ომში თუ ეკონომიკურ საკითხებში ევრაზიული დერეფანი ანუ კავკასია არის გადამწყვეტი.
– ასეთი მნიშვნელოვანია ვითომ კავკასია?
– სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ჩემი ახირება არ არის, კავკასიის მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ ძველი ტიბეტელები საუბრობდნენ.
– რას ამბობდნენ ძველ ტიბეტში?
– ძველი ტიბეტური ხელნაწერები ამბობენ, რომ კავკასია არის მსოფლიოს ჭიპი. ზოგიერთები მას სამყაროს ხერხემალს უწოდებენ.
მოდით დავუშვათ, რომ კრემლმა ეს ყველაფერი გააცნობიერა და მართლაც სურს საქართველოსთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება. მოსკოვს თუ თბილისთან ურთიერთობების დალაგება უნდა, რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგას. ქართველების გულის მოგება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
პირველ რიგში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან უნდა გაიყვანოს ჯარი. მეორე პირობაა ამ რეგიონებში ქართველი დევნილები დააბრუნოს. მესამე ნაბიჯი ასეთია – საქართველოს კონკრეტული ხედვა უნდა წარმოუდგინოს ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავზე.
ჩვენი მხრიდან კიდევ ერთ ნაბიჯის გადადგმას ვურჩევთ რუსეთს – კეთილი ინებონ და დააბრუნონ დვალეთი, რომელიც საქართველოს 1921 წელს წაგლიჯეს.
– დვალეთთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციები არსებობს, ისიც კი არ ვიცით, რა ტერიტორიას მოიცავდა დვალეთი.
– როგორ არ ვიცით. საქართველოს რუკას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩრდილოეთის მხარეს ამოგლეჯილივით არის. აი, ეგ არის დვალეთი. ეს ქართული მიწა ზედ ცხინვალის თავზეა.
ჩვენი დვალეთი დღეს ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზეა მოქცეული. ახლა იქ რუსებს სუარგომის წყალსაცავი აქვთ გაკეთებული.. მანდ არის ძაბრის ყელი. დვალეთი რომ წაიღეს 1921 წელში, იმის მერე დააწესეს ცხინვალზე კონტროლი.
ტერიტორია პატარაა, მაგრამ ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია. ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლია იქ. ამ ტერიტორიაზე უძველესი იბერიული ტომი – ტუბალები ცხოვრობდნენ. მათ ხალიბებზე ადრე მისცეს კაცობრიობას რკინა.
დვალების ჩამომავლების ნაწილი რაჭასა და ხევში ცხოვრობს, ნაწილი – ჩეჩნეთსა და ინგუშეთში. და მთავარი, მინდა თქვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ დვალების ნაწილი ცხინვალში ჩასახლდა. ზოგიერთებს თავი ოსი რომ ჰგონია, სინამდვილეში ტუბალი ანუ დვალია.
– ეს ცვლის რამეს?
– როგორ არ ცვლის. მტკიცდება, რომ ცხინვალი არასდროს ყოფილა ოსური ქალაქი.
– ეს ტუბალები თავს ოსებად თვლიან და რანაირად გინდათ, რომ ათქმევინოთ, ოსები არა ვართო.
– გვარის გადაკეთება გაოსებას არ ნიშნავს. გენეტიკურად ეგენი ტუბალები არიან და თავი რად მიაჩნიათ, არ ვიცი. ცხინვალის რეგიონში 17 გვარია, რომელიც გენეტიკურად ტუბალია ანუ წმინდა სისხლის ქართველი.
თუ მართლა უნდა რუსეთს საქართველოს კეთილგანწყობის მოპოვება, მაშინ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად დვალეთიც დააბრუნოს.
– აფხაზეთი და სამაჩაბლო შეიძლება კიდევ დააბრუნოს რუსეთმა, მაგრამ დვალეთის ამბავი ალბათ არ მოგვარდება.
– დვალეთის დაბრუნება აუცილებელია. რუსეთმა პირდაპირ უნდა გვითხრას, გვიბრუნებენ თუ არა წართმეულ ტერიტორიებს. თუ გვეტყვის კრემლი, რომ წართმეულის დაბრუნებას არ აპირებენ, მაშინ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი საქართველოში არეულობისთვის ემზადება.
– უკვე მეორედ ამბობთ, რომ რუსეთი საქართველოში არეულობისთვის ემზადება. რაიმე დამატებითი ინფორმაცია გაქვთ თუ მარია ზახაროვას განცხადებებით აკეთებთ პროგნოზებს?
– ცხადია, რომ დამატებით ინფორმაციებს ვფლობთ. ზახაროვასნაირი გაუნათლებელი ქალის ნათქვამზე პროგნოზის გაკეთება არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ ერთიც უნდა იცოდეთ, ის კრემლის პოზიციას აჟღერებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა საქართველოში არეულობის მოწყობა დააანონსა.
არ დაგვავიწყდეს, რომ შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. არჩევნების წინა და შემდეგი პერიოდი არეულობის მოსაწყობად საუკეთესო დროა. დაიწყება არეულობა, რაც რუსეთის შემოჭრით დასრულდება.
– თქვენ გასულ წელსაც თქვით, რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრას აპირებდა და ეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის წყალობით ჩაიშალა.
– იგივეს გავიმეორებ ახლაც – აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკლ პენსი საქართველოში ამიტომ ჩამოვიდა დაუგეგმავად. შარშან კრემლს გეგმები ჩაეშალა.
– წელს ვინ ჩაუშლის რუსეთს გეგმებს?
– მოსკოვისთვის გეგმების ჩაშლა ჩვენც შეგვიძლია. მსოფლიო საქართველოს ასე აღარ მიატოვებს. რუსეთი ძალიან მკაცრად დაისჯება.
– აქამდე რით ვერ დაისაჯა?
– დაისჯება. უსამართლობა ყოველთვის ისჯება. მთავარია, ჩვენ ვიყოთ მზად. მინდა თქვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ პოლიტიკურად ძალიან ცხელი შემოდგომა გველოდება, მაგრამ ამასაც როგორმე გადავიტანთ.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა  

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018