ირაკლი დოკვაძე ისევ პოლიტპატიმრად აღიარებას ითხოვს – წერილი ეკა ბესელიას

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების პატიმრობაში მყოფი ირაკლი დოკვაძე განცხადებით მიმართავს.
– ვინაიდან “ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეები და პროკურორები ხელისუფლების ზეწოლისაგან კი არა, არამედ სახელმწიფოსა და ერის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულობების პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა, ჩემი ადვოკატების არაერთგზის მცდელობისა და ჩემი ორჯერ თითო თვიანი შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საქმის გადასინჯვას ვერ მივაღწიე. ვინაიდან ჩემს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას აფერხებს მხოლოდ 1995 წლის 6 მარტის სამარცხვინო და პოლიტიკური ნიშნით გამოტანილი განაჩენი, მოგმართავთ თქვენ, პარლამენტის წინაშე დააყენოთ ჩემი პოლიტიკურ პატიმრად ცნობისა და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი, – მოითხოვს ირაკლი დოკვაძე.
ეკა ბესელიასადმი მიმართვაში ნათქვამია:
“მოგმართავთ თქვენ, რადგან ჩემს მიმართ განხორციელებულმა იურიდიულმა ცინიზმმა უკვე დანაშაულის ფორმა მიიღო. 1992 წლიდან დღემდე საქართველოს არც ერთ სასამართლოში არ მოიპოვება არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არც ერთი პირის მიმართ, იარაღის ძალით კანონიერი ხელისუფლების დამხობის ბრალდებით. მე კი დღეს სასჯელს ვიხდი 1992 წელს, სამხედრო საბჭოს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ბრალდებებისთვის, რომელიც იწყება სიტყვებით:
“1992 წლის 6 იანვარს, გამსახურდიამ დაკარგა რა ხელისუფლება, გაიქცა ჩეჩნეთში, სადაც ჩამოაყალიბა ბანდიტური, ტერორისტული და დივერსიული ჯგუფები” (იხილეთ 1995 წლის 6 მარტის უზენაესი სასამართლოს განაჩენი), რაც იმას ნიშნავდა, რომ პროკურორ ანზორ ბალუაშვილის მტკიცებით, ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი კი არა, არამედ დანაშაულებრივი ჯგუფების ორგანიზატორი და მეთაური იყო.
საქმეზე “ზ. გამსახურდიასა და სხვათა მიმართ” უზენაესმა სასამართლომ 1995 წლის 6 მარტს მე და პეტრე გელბახიანს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა შეგვიფარდა, რითაც აღასრულა შევარდნაძის მოთხოვნა.
თქვენ გახსოვთ, რა გამოხმაურება მოჰყვა ამ განაჩენს მაშინ, მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ავტორიტეტული ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჩვენი საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ, მოხდა ჩემი, პეტრე და გედევან გელბახიანების, ვიქტორ დომუხოვსკისა და ზაზა წიკლაურის პოლიტიკურ პატიმრებად აღიარება, რასაც დაეთანხმა ამერიკული “ჰელსინკი ვოტჩი”, ბრიტანული “ამნისტი ინტერნეიშელი”, გერმანული “აი ჯი ეფ ემი” და ახალი ზელანდიის ადვოკატთა ასოციაცია.
შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ, ჩვენი გათავისუფლების მოთხოვნით, უმკაცრესი განცხადებები გაკეთდა. საერთაშორისო არენაზე. დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურმა ზეწოლამ შედეგი გამოიღო და 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გავთავისუფლდით”.
ეკა ბესელია 2004 წელს იყო ირაკლი დოკვაძის ადვოკატი, როცა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, მოსამართლე მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით, გაამართლა ირაკლი დოკვაძე და სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდაც დაავალა.
ირაკლი დოკვაძე წერს:
“თქვენ იყავით ჩემი ადვოკატი 2002 წლის 4 სექტემბერს და მიცავდით პოლიტპატიმარს და არა ტერორისტს, დივერსანტსა და ბანდიტს, რაც არაერთხელ აღნიშნეთ თქვენს დაცვით სიტყვაში.
2004 წლის 9 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, მოსამართლე მერაბ ტურავას თავმჯდომარეობით, თქვენს მიერ შედგენილი სარჩელი დააკმაყოფილა ჩემი რეაბილიტაციისა და კომპენსაციის შესახებ, რითაც, როგორც მაშინ ჩაითვალა, წერტილი დაესვა 1995 წლის 6 მარტის დანაშაულებრივ და სამარცხვინო განაჩენს.
თქვენ იცით, რას ნიშნავს ცილისწამება. მე თქვენგან განსხვავებით არ მქონია იმის ფუფუნება, მრავალმნიშვნელოვნად გამეღიმა და წამოყენებული ბრალდებისთვის ბინძური ცილისწამება მეწოდებინა. ჩემ მიმართ ცილისწამებას, მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით 30-წლიანი პატიმრობა მოჰყვა”
ირაკლი დოკვაძემ ორჯერ შიმშილობა გამოაცხადა, რომ იმ საქმის გადასინჯვისთვის მიეღწია, რომლისთვისაც უკვე მეორეჯერ 30-წლიანი სასჯელის ზომით პატიმრობაში აღმოჩნდა.
“ვინაიდან “ქართულმა ოცნებამ” მოსამართლეები და პროკურორები ხელისუფლების ზეწოლისაგან კი არა, არამედ სახელმწიფოსა და ერის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულობების პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა, ჩემი ადვოკატების არაერთგზის მცდელობისა და ჩემი ორჯერ თითო თვიანი შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საქმის გადასინჯვას ვერ მივაღწიე.
უფრო მეტიც, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროინდელი პოლიტიკური სურვილების მოსამართლე-ნოტარიუსები სამუდამოდ მოსამართლის მანტიით შემოსეთ, რითაც საბოლოოდ მოკალით სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობა!
თქვენს მიერ 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული, პარლამენტის N202 “ამნისტიის კანონის” მე-7 მუხლი არ შემეხო, რასაც მოტივად დაედო ჩემი წარსულში ნასამართლეობა(!) და ამა წლის 25 აპრილს პატიმრობიდან კი არ გავთავისუფლდი, არამედ 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მოსახდელი დამრჩა 18(!) წელი, რაც ჩემი ასაკიდან გამომდინარე, სამუდამო პატიმრობას ნიშნავს” – წერს ირაკლი დოკვაძე.
ის თავის პატიმრობაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს და პოლიტიკურ მიზეზებზეც საუბრობს:
“მე გულწრფელად გამიკვირდა, რატომ იღებდა “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური ძალა, შევარდნაძისა და სააკაშვილისდროინდელ  დანაშაულობებზე პასუხისმგებლობას, მაგრამ როდესაც გადავხედე დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობას, ძველი სახეები დღესაც მრავლად არიან წარმოდგენილნი, როგორც უმრავლესობაში, ასევე უმცირესობაში და თქვენ ერთმანეთს კოლეგებს უწოდებთ. ამიტომ ამ განცხადების შინაარსი ბევრ თქვენს თანაპარტიელს თუ ოპონენტს გააღიზიანებს, რადგან 1992 წლის სამხედრო-კრიმინალურ, ერის მიმართ ჩადენილ დანაშაულობებში, სხვებთან ერთად საკუთარ თავსაც ამოიცნობს!
პირადად ჩემთვის არც დღევანდელი ხელისუფლებაა ლეგიტიმური, რადგან არც უზენაეს საბჭოს არ გამოუცხადებია თვითლიკვიდაცია და არც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია არ გადამდგარა. ხელისუფლებისთვის კი სწორად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნების გარდა, სამართალმემკვიდრეობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
1992 წლიდან დღემდე, ყველა ხელისუფლება, სამხედრო გადატრიალების საშუალებით მოსული ხელისუფლების სამართალმემკვიდრეა. გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს კოლაბორაციონისტურად მოქმედი ცალკეული დეპუტატების არჩევნებში მონაწილეობა კი, მხოლოდ მათ მერკანტილურ ინტერესებზე მეტყველებს და არა ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე!
მე ვიბრძოდი კონსტიტუციური, პოლიტიკურ-სამართლებრივი რეჟიმის აღსადგენად და ვებრძოდი უკანონო, შეიარაღებული გადატიალების გზით, ხელისუფლების სათავეში მოსულ დამნაშავე ხელისუფლებას! საყოველთაოდ აღიარებული სტატუსით, მე ვითვლებოდი პოლიტიკურ პატიმრად და, ამდენად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ვიყავი უდანაშაულო.
ვინაიდან ჩემს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას აფერხებს მხოლოდ 1995 წლის 6 მარტის სამარცხვინო და პოლიტიკური ნიშნით გამოტანილი განაჩენი, მოგმართავთ თქვენ, პარლამენტის წინაშე დააყენოთ ჩემი პოლიტიკურ პატიმრად ცნობისა და პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი”.
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018