მაგდა ჯოხაძე – „14 წლისა მივხვდი, რომ გოგო ვიყავი და 15 წლისა გავთხოვდი“

არც ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელში მუსიკოსისა და მომღერლის მაგდა ჯოხაძის შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოჩნდა. საოცარი ამ ამბავში ის არის, რომ მის გვერდით მყოფი გოგონა და ბიჭი მაგდას მეგობრებს უფრო ჰგვანან, ვიდრე შვილებს. ვინც ფოტოს ნახულობდა, მათი უმეტესობა არ იჯერებდა, რომ ნამდვილად მაგდას შვილები იყვნენ ასახულნი. რასაკვირველია, დავინტერესდით, „ბავშვების“ ასაკით და მაგდასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. ბევრმა ალბათ იცის, რომ მაგდა ანრი ჯოხაძის დაა, როგორ შეიძლებოდა მასთან საუბარი ისე დაგვესრულებინა, მათი ბავშვობისდროინდელი ამბები რომ არ გაგვეხსენებინა. შესაბამისად, ინტერვიუ სახალისო და საინტერესო გამოვიდა.

– მაგდა, დიდი შვილები გყავთ, რა ასაკში შექმენით ოჯახი?
– 15 წლის ასაკში გავთხოვდი, გავიპარე. 17 წლისას უკვე მყავდა შვილი – გოგონა.

– 17 წლის ბავშვს რომ მასზე პატარა ბავშვი ჰყავს გასაზრდელი, ეს ამბავი როგორ იყო?
– დედობა თავიდანვე ვიგრძენი, არიან გოგონები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ ამას, მე, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, თავიდანვე გავიაზრე ყველაფერი. რასაკვირველია, დედა მეც მომეხმარა, მაგრამ მთლიანად დედისთვის არ გადამილოცია შვილი, ჩართული ვიყავი აღზრდაში. ძირითადად გოგონაზე მეხმარებოდა, როცა წელიწადნახევრის შემდეგ ბიჭი შემეძინა, უკვე ცალკე ვცხოვრობდი და ორივეს ჯაფა მე დამაწვა კისერზე.

– რა სირთულეებს წააწყდით? ბუნებრივია გინდოდათ სწავლა, გართობა, ამ დროს გყავდათ ორი შვილი, ქმარი…
– სირთულე იყო ის, რომ გათხოვებამდე არაფრის კეთება არ ვიცოდი და არც მიწევდა. ბავშვობაში კერძების კეთება კი მიყვარდა, მაგრამ სამზარუელოს ისეთ დღეში ვაგდებდი, ვერავინ „გადაახტებოდა“. დედა ისეთი ლმობიერი იყო, ოღონდ მე რაც მინდოდა, ის მეკეთებინა, თანახმა იყო ამაზეც. 5 ტორტის ინგრედიენტებს თუ გავაფუჭებდი და გადავყრიდი, ხმას არ იღებდა.

– მართლა ძალიან დამთმობი ყოფილა…
– კი, კი, ჩემმა შვილმა იგივე რომ გააკეთა, „რქები ამომივიდა“ და მაშინვე მივუთითე, რომ თავადვე დაელაგებინა სამზარეულო და ჩემთვის არ შეეტოვებინა (იცინის).

– მინდა რომ გაიხსენოთ, როგორი იყო ქალბატონი რუსუდანი თქვენთან მიმართებაში და თავად როგორი დედა ხართ?
– ჩემს ოჯახში ვცხოვრობდით სამი სხვადასხვა გზით გაქცეული, გადარეული ბავშვი, სამივე დედმამიშვილს ჩვენ-ჩვენი ოფოფები გვქონდა, ისეთს არაფერს ვაშავებდით, მაგრამ სახლი ყირაზე იდგა, იმიტომ, რომ მე ჩემი მეგობრები მომყავდა სახლში, ანრის – თავისი და ომარს – თავისი, თითოს 10-12 კაცზე ნაკლები არ გვყავდა მიყვანილი. სახლში ეწყობოდა თეატრები, ანრი რეჟისორი იყო, დანარჩენები სტაფში იყვნენ. ზოგი დეკორაციაზე „მუშაობდა“, ზოგი სხვა დეტალზე, ამ ყველაფერში დედაც ჩართული იყო. ოღონდ ჩვენ ქუჩაში არ გავსულიყავით, რამე არ დაგვეშავებინა, ან მარცხი არ მოგვსვლოდა, დედას შეეძლო, ბოლო კაპიკი ამოეღო ჯიბიდან, ჩვენთვის ფარდები, სათამაშოები ეყიდა, რომ სპექტაკლები დაგვედგა. ასე ვარ მეც ჩემი შვილების მიმართ, ძალიან მეგობრული და დამთმობი. ახლა უკვე დედის გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ დედა, ჩემთან შედარებით ძალიან დამთმობი იყო, მამა – უარესი. მამა ბიზნესმენი გახლდათ, მაშინ „ცეხავიკებს“ ეძახდნენ, 5 წლის ვიყავი, როცა მამა დააპატიმრეს და 7 წლის შემდეგ გამოუშვეს. სამდღიანი ნახვის უფლება გვქონდა ოჯახს და მაშინ თუ ვნახავდით მამას, შვილებს მონატრებული იყო და უარს არაფერზე გვეუბნებოდა. არ მახსოვს, ჩემთვის წარბიც კი რომ აეწიოს, ხმამაღალ სიტყვაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა, მეც ვცდილობდი არასდროს დამეშავეინა ისეთი რამ, რომ მამას მკაცრი გამომეტყველება მიეღო.

– ორ ძმასთან ერთად იზრდებოდით, თქვენ გადადიოდით ბიჭების „ჭკუაზე“, თუ ერთი გოგო იყავით და განებივრებდნენ და პრინცესულად გექცეოდნენ?
– მე ისედაც სულ განებივრებული ვიყავი. როგორც იცით, დედმამიშვილები სამნი ვართ, მამას პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილები – 2 ბიჭი. ერთი გოგო 4 ვაჟში, ხო გესმით, როგორ ვიქნებოდი?! ძალიან განბივრებული და „გათავხედებული“, ჩემთვის სიტყვა „არა“, „არ არის“, „არ გვაქვს“ არ არსებობდა, შეიძლებოდა ბიჭებისთვის უარი ეთქვათ რამეზე, უკონტროლებდნენ რაღაცებს, მე არა. ბიძაშვილებიც ბიჭები მყავს. რადგან სულ ბიჭებში ვიზრდებოდი, მეც ძალიან კარგად ვთამაშონდი ფეხბურთს, ომობანას, მასწავლეს სროლა კისტის თოფით, მანქანის ტარება ბავშვობაშივე და რა გასაკვირია, რომ ატხაჯანა ვყოფილიყავი… ამიტომაც გვიან, 14 წლისა მივხვდი, რომ გოგო ვიყავი და 15 წლისა გავთხოვდი. მგონი, ჯობდა კიდევ ცოტა ხანს არ მივხვედრილიყავი (იცინის).

– მამა, ძმები, ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გათხოვებას?
– რაღას იზამდნენ?! შეყვარებულები რომ ვიყავით მე და ჩემი მომავალი მეუღლე, მამას გავაცანი, ვუთხარი გაიცანი, იქნებ არ არის ის ადამიანი, რომელიც ჩემი ღირსია-მეთქი. მამას ეცინებოდა, ძალიან „ნაგლი“ გამოვდექი 14 წლის გოგო (იცინის). არ მომრიდებია, რადგან მერჩივნა ჩემგან გაეგოთ, ვიდრე სხვისგან, მშობლებს არაფერს ვუმალავდი, ყოველთვის ვაყენებდი საქმის კურსში, იცოდნენ სად მივდიოდი, ვისთან ერთად, შეყვარებულთან ერთად ვიყავი თუ მეგობრებთან. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა „კეთილისმსურველებს მიუტანიათ ენა“ ჩემი მშობლებისთვის, იცი, შენი გოგო ვისთან ერთად და სად არის წასული??? მაგრამ, ჩემებმა ყოველთვის იცოდნენ სად ვიყავი, კარგი შეგრძნებაა, როცა მართალი ხარ.

– ვინაიდან თავად საკმაოდ პატარა გათხოვდით, საკუთარ შვილს აძლევდით პატარაობიდნავე დარიგებებს ამ საკითხზე?
– მე და ჩემი შვილები მეგობრები ვართ, ვენდობით ერთმანეთს და დამალულ-დაფარული არ გვაქვს არაფერი ერთმანეთისგან, ვსაუბრობთ ყველა თემაზე. მოხდა ისე, რომ დღეს მე და ჩემი მეუღლე დაშორებულები ვართ და შვილებთან კაცის გადმოსახედიდანაც მიწევს ხოლმე საუბარი და დედის მხრიდანაც.

– ბავშვებს არ აქვთ მამასთან ურთიერთობა?
– კი, აქვთ, მაგრამ შეიძლება ყოველდღიურად საჭირო გახდეს საუბარი. გოგონა 24-ისაა, 23-ის – ბიჭი, უკვე ჩამოყალიბებულები არიან, პრობლემა არასდროს შეუქმნიათ ჩემთვის და ალბათ აწი სულ აღარ შექმნიან. თუმცა, თავიდანვე ვუთხარი ჩემს შვილებს, რომ მათ თავისი გასავლელი ცხოვრება აქვთ და თუ წაიქცევა რომელიმე, ერთად ავდგებით, როგორი მტკივენულიც არ უნდა იყოს წაქცევა. იციან, რომ დედა ყოველთვის მათ გვერდით იქნება, ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე. შვილი სახლში რომ შემოდის, დედა უნდა ხვდებოდეს, თვალებში რა „აწერია“. შეიძლება მივხვდე, რომ არ ჰქონდა კარგი დღე, მაგრამ არ ვკითხო, კითხვებით არ შევაწუხო, არ ჩავეძიო, თუმცა გავამხნევო. დღევანდელი დედები აქტიურად ადევნებენ თვალს, ვინ მოსწონს შვილს, ვის მოიყვანს ცოლად, იმდენად თავისუფალი ვარ მე ამ საკითხში, რომ ზედმეტ პრობლემას არ ვუქმნი. თუ ჩემს შვილს უნდა და მეტყვის, ხე მიყვარსო, დიდი სიამოვნებით მივიღებ, თუ დავინახავ, რომ ის „ხე“ ჩემი შვილის თვალებს აჟღურტულებს და აბედნიერებს. რამდენიმე საათი რძალი იქნება თუ სიძე, ამიტანს და მეც ანალოგიურად. იმდენად დიდ პატივს ვცემ ჩემს შვილებს, როგორც პიროვნებებს, რომ ცუდი არჩევანის წინაშე არ დავაყენებ არასდროს. მე ჩემს შვილებთან დიდი ნდობა მაკავშირებს, მაგრამ არის თემები, თუნდაც ინტიმური, რაზეც ვერც დედა ისაუბრებს შვილებთან და ვერც შვილები. არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც ვერ გადახვალ.

– რას საქმიანობენ თქვენი შვილები და მუსიკასთან როგორი დამოკიდებულბა აქვთ?
– მარიამმა კონსერვატორიის ათწლედი დაამთავრა ვოკალის განხრით, შემდეგ მუსიკალური ტექნიკუმი საესტრადოს განხრით, მაგრამ რომ ვუთხარი, ყველა წინაპირობა გაქვს და კონსერვატორიაში ხომ არ ჩააბარებდი-თქო, გამომიცხადა, თქვენ, მთელი ოჯახი „გიჟები“ ხართ, დროის შეგრძნება არ გაქვთ, მე არ შემიძლია ამდენი საათი დავუთმო ამ საქმესო, ამიტომაც აირჩია ჟურნალისტიკა და მუშაობს კიდეც პროფესიით, ჯერ რადიოში იყო დასაქმებული, მერე „იბერიაში“, ახლა „პრაიმშოუშია“. ბიჭს მამაჩემისა და მამამისის „ყური“ გამოჰყვა, რიტმული სმენა აქვს და არა მუსიკალური, თეატრალურზე ისწავლა, მაგრამ გამოუსადეგრად. ახლა იტალიაშია და „ფულის შოვნაზეა“ გადასული (იცინის). არ გვაწუხებს, დახმარების მეტს არაფერს უკეთებს დედიკოს და დაიკოს.

ციცი ომანიძე, მშობლები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018