“მამუკა ბახტაძემ ბანკებს სწორად შეუტია, მაგრამ მერე უკან დაიხია”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პასუხობს.
– ბატონო დემურ, უკვე ახალი მთავრობა გვყავს, ძირითადათ განახლდა ეკონომიკური გუნდი. ახალი სახეებია უცხოეთიდან მოწვეული. დიდი ოპტიმიზმით არ გამოირჩევა საზოგადოება, ოპოზიცია, თვლიან რომ ეს არაფერს შეცვლის. რას ფიქრობთ თქვენ?
– რა გითხრათ, ჩვენ გვაინტერესებს ამ ადამიანთა შეხედულებათა სისტემა. რა შეხედულებათა სისტემის ფარგლებში მოქმედებენ, რას გააკეთებენ, მე ჯერჯერობით არაფერი არ გამიგონია, თუ რა უნდა გაკეთდეს. მე მჭირდება კონკრეტული საქმეები, თორემ პიროვნებების განახლებას რა შეიძლება მოჰყვეს, თუკი არაფერი არ შეიცვალა. მინდა, რომ წარმატებულები იყვნენ, მაგრამ არა მგონია, წარმატებული გამოვიდეს ეს საქმე.
– რატომ, არ არის სწორი ხედვა და სწორი პოლიტიკა?
– ჯერ ერთი, იდენტიფიცირებული არაა პრობლემები, თურმე ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი შესანიშნავად ვითარდება, ტურიზმი ვითარდება, აი ეს შეხედულებათა სისტემა წინასწარ განსაზღვრავს იმას, რომ მთავრობა წაგებული იქნება. ჩვენ ყველანი უკვე ვაგებთ 30 წელია. პრობლება დიდად ახალი არ არის.
– ოპოზიცია აცხადებს, რომ უცხოეთიდან მოწვეული მინისტრები არ არიან გარკვეული იმ პრობლემებში, რაც ქვეყნის ეკონომიკას უდგას და აქ უნდა შერჩეულიყო პროფესიონალი კადრები. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
– უცხოეთიდან მინისტრის მოწვევა არანაირი დადებითი ფაქტორი არ არის. შეიძლება ძალიანაც კარგი პროფესიონალია, მაგრამ არ იცნობს ადგილობრივ პრობლემებს, ამაში უნდა გაერკვეს, მაგრამ ამაში დრო იკარგება.
– მთავრობას ეს დრო არ აქვს?
– მთავრობას ასეთი დიდი დრო ფიქრისთვის, სიტუაციაში გარკვევისთვის არ აქვს. ამიტომ ვერ გეტყვით, რა იქნება.
– ბოლო პერიოდია, სერიოზული აქცენტები კეთდება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. გიორგი ქობულია აცხადებს, რომ დაინტერესდება ანაკლიის პორტის თემით. არც იმას გამორიცხავენ, რომ სერიოზული კითხვები გაჩნდეს მამუკა ხაზარაძესთან. რას იტყვით თქვენ?
– მე ძალიან კარგად ვიცნობ ანაკლიის იმ პროექტს, რომელიც ქართველი სპეციალისტის, ძალიან მაღალი კლასის სპეციალისტის მიერ არის გაკეთებული, მისი ანალოგიც მსოფლიოში არ არის და ვერც კონკურენციას ვერანაირი პროექტი ვერ გაუწევს.
მე თავიდანვე ძალიან კრიტიკული ვიყავი იმიტომ, რომ მთავრობამ არ დაუჭირა მხარი საუკეთესო ქართულ პროექტს. ის ამერიკელები, რომლებმაც გაიმარჯვეს, დადიოდნენ კონსულტაციებზე ამ ქართველ სპეციალისტთან და, სამწუხაროდ, მთავრობამ რაღაც უცნაური გადაწყვეტილება მიიღო.
ეს პროექტი უნდა დააფინანსოს ინვესტორთა ჯგუფმა, კონსორციუმის სახით. ერთი ჯგუფისთვის ეს რთული იქნება.
ანაკლიის პორტზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, თუ ყაზახეთიდან დაწყებული, აზერბაიჯანის გავლით, მთელი საქართველო და მისი ინფრასტრუქტურა არ იქნება მოდერნიზებული. ეს დღევანდელი პროპაგანდა, ან დღემდე რაც იყო, ამ ბოლო თვეების პროპაგანდა ანაკლიის პორტისა არარეალური მგონია.
– რატომ არის არარეალური?
– იმიტომ, რომ მე ვერ ვხედავ ამ პროექტის რეალიზაციის მთელ კომპლექტს. ეს არ არის პორტი, ეს არის სატრანსპორტო კვანძი, თუ ეს სატრანსპორტო კვანძი არ იქნა და ტრანსპორტის სხვა სახეებთან ერთად ინტეგრირებული არ იქნა, არაფერი არ გამოვა ამ პროექტიდან.
– არასწორი კუთხით უყურებს ამ პროექტს მთავრობა?
– ეს არის არასწორი მიდგომები. მთავრობას ჰქონდა არასწორი ხედვა. მე არ ვიცი, თიბისი ბანკის როლი და ინტერესი რა არის ამ ყველაფერში.
– ითქვა, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის ინტერესი იკვეთება ამ ყველაფერში მამუკა ხაზარაძესთან ერთად. ასეა?
– არ ვიცი, ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით. არ მინდა, რომ ეს დავიჯერო.
– თიბისი ბანკი ახსენეთ, რისი თქმა გსურდათ?
– იმდენად კარგი პროექტი იყო საქართველოში, რომ თიბისი ბანკს თუკი მხარდაჭერა უნდოდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტისთვის, მას ამ პროექტისთვის უნდა დაეჭირა მხარი. მითუმეტეს თვითონ მამუკა ხაზარაძე არაერთხელ არის ნამყოფი ამ პროექტის ავტორთან. შემდეგ რაღაცეები შეიცვალა.
– რა შეიცვალა?
-არ შეიძლება კერძო ინტერესებზე დახურდავება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისა, რომელიც უფრო დიდი პოლიტიკური პროექტია, რადგან იგი ოთხი სახელმწიფოს ინტერესებს უნდა შეეხებოდეს და შეეხება კიდევაც, სხვანაირად არაფერი არ გამოვა ამ პროექტისგან. მე ვერ ვხვდები, ასეთი ახლობლური და მეგობრული გადაწყვეტილებები საერთოდ რატომ უნდა იქნას დაშვებული სახელმწიფო დონეზე და, მით უმეტეს, ასეთ მასშტაბურ პროექტზე.
– ახლობლობამ და მეგობრობამ გადაწონა?
– ასე გამოდის და ძალიან მძაფრი რეაქცია მქონდა ტენდერთან დაკავშირებითაც და შემდგომ ამ პროექტთან დაკავშირებით.
– არ უნდა დახურდავდეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზეო. ანუ დახურდავდა?
– ამჯერად თავს შევიკავებ, არ მინდა ვიფიქრო ცუდი.
– ახალ ეკონომიკურ გუნდს ექნება ხედვა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით? გამოსწორდება ის, რაც გაფუჭდა?
– არ ვიცი, ხედვა საერთოდ აქვთ თუ არა. ხომ უნდა გვითხრან, ხომ უნდა გაგვიმხილონ. ეს ზედაპირული განცხადებები არაფრის მთქმელია, დრო გადის, მინისტრები იცვლება, შედეგი კი არ არის.
– ხელისუფლება რომ დადებით შედეგებზე გვესაუბრება?
– თუ ვინმე ვერ გრძნობს იმას, რომ ძალიან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში და სიღარიბე კიდევ უფრო მძაფრდება, მაშინ ამ ადამიანებს არ შეიძლება ჰქონდეთ ამ პრობლემების მოგვარების უნარი. ეს ოპტიმისტური განცხადებები ყველაფრის კარგად ყოფნასთან დაკავშირებით ძალიან არასერიოზულია.
– ანაკლიის პორტის თემა რომ ამოვწუროთ, თუკი ღრმად ჩაეძიება ახალი მთავრობა, თუკი უფრო გამჭირვალე გახდება ეს საკითხი, რაიმე დანაშაულებრივი კვალი შესაძლოა გამოიკვეთოს?
– ვერ გეტყვით. არანაირ დანაშაულზე არ მინდა ვიფიქრო. მე მინდა, ვინმემ მთავრობიდან, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, დალაგებული, ჩამოყალიბებული პოზიცია გაგვაცნოს, რათა შეგვეძლოს მშვიდად ვიყოთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი საქმე გაკეთდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროპაგანდისტული განცხადებები, რომ არიქა, ეს ანაკლიის პორტი აშენდება და კარგი რამე იქნება, არაფერი არ იქნება.
– შესაძლოა ხაზარაძე საერთოდ ჩამოშორდეს ამ პროექტს?
– როცა საქართველოს ინტერესებზეა საუბარი, ნებისმიერი პიროვნების ინტერესები უნდა გადავიდეს მეორე პლანზე! 30 წელია, ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა ე.წ. ბიზნეს ელიტა საქართველოში, რომელიც ყველაზე დიდი ხელისშემშლელია საქართველოში ეკონომიკის განვითარებისა! იმიტომ, რომ ეს არ არის საბაზრო კონკურენცია, ეს არ არის ქვეყანა, სადაც თამაშის წესებია ცივილიზებული. სადაც სამართლიანობის პრინციპებზეა აგებული ეს თამაშის წესები.
– როდესაც ბიზნეს ელიტაზე საუბრობთ, კომერციულ ბანკებსაც გულისხმობთ?
– პირველ რიგში! თუ ბანკები თავის ადგილზე არ იქნენ დაყენებული და თამაშის წესები განსაზღვრული არ იქნა მკაცრად და ისინი ზუსტად იმ ნიშაზე არ დარჩნენ, როგორზეც საბანკო სექტორი უნდა იყოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ისე არცერთ მთავრობას არაფერი არ გამოუვა! დღევანდელი საბანკო სისტემა ეკონომიკის ყველაზე დიდი შემაფერხებელია. ეს არის მახინჯი სისტემა!
– ვინ შექმნა ეს სისტემა?
– სამწუხაროდ, ეს მახინჯი სისტემა შექმნეს არა ბანკირებმა, არამედ საქართველოს ხელისუფლებებმა! ისინი არიან ყველაზე დიდი დამნაშავეები ამ სიმახინჯის აგებისთვის ქვეყანაში.
ბახტაძემ პირველი განცხადებები ბანკებთან დაკავშირებით სწორად გააკეთა, მე მაშინ მხარდაჭერა გამოვთქვი, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია. ახლა პრემიერია და მის ხელშია სერიოზული ინსტიტუციონალური ცვლილებების განხორციელების ბერკეტი. თუ გააკეთებს, კარგია, თუ არა და გავა ცოტა ხანი და მთავრობა ახალი გვეყოლება, იგივე შედეგებით!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018