მამუკა ბახტაძე – ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, მაგრამ დემოკრატიისთვის უკეთესი იქნება, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი

ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, რომელსაც შეუძლია ღირსეული შედეგი მიიღოს, მაგრამ ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბახტაძე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლდათ სწორედ ის, რომ საქართველოში შემდგარიყო ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამასთან ერთად, ადგილობრივი არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაშიც „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა გახლავთ ის, რომ ნებისმიერ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა მაქსიმალური რესურსების ინვესტიცია განახორციელოს, რომ მიიღოს კარგი შედეგი. გარწმუნებთ, ჩვენ არაერთი კანდიდატი გვყავს, ამაზე ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა, ვისაც შეუძლია უპრობლემოდ, გამოწვევების გარეშე ძალიან ღირსეული შედეგი მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებზე – ეს ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ნამდვილი ევროპული საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო რესპუბლიკა. აქედან გამომდინარე, არსებობს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტიც, გარდა სუფთა პარტიული ინტერესისა, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ორივე ამ არგუმენტს აქვს ძალიან სერიოზული წონა. აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს კონსულტაციები. მინდა გითხრათ, რომ ძალიან შინაარსობრივი მსჯელობები მიმდინარეობს და როგორც პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში ჩვენ საზოგადოებას შეჯერებულ პოზიციას ვაცნობებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018